Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას იწყებენ


რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურმა პირებმა ციმბირის ქალაქ ხანტი-მანსიისკში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს.

ეს კი იმას მოასწავებს, რომ ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაფუჭების ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში შეიმჩნეოდა, კონსტრუქციული ურთიერთობით იცვლება.

ხანგრძლივი შეფერხების შემდეგ, ევროკავშირმა და რუსეთმა პარასკევს შეძლეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება დაეწყოთ. ეს გადაწყვეტილება ციმბირის ნავთობით მდიდარ ქალაქ ხანტი-მანსიისკში ჩატარებულ სამიტზე მიიღეს - სამიტზე, რომელსაც ორივე მხარემ დადებითი შეფასება მისცა.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომლისთვისაც ეს ევროკავშირის მესვეურებთან პირველი შეხვედრა იყო, ღიმილით აღნიშნა, რომ ამ სამიტზე, წინა შეხვედრის დაძაბული ატმოსფეროსგან განსხვავებით, ”გულწრფელი და კეთილმეზობლური” განწყობა სუფევდა. ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ კი განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია სამსაათიან შეხვედრაზე გამეფებული ”ძალიან ღია, მშვიდი და კონსტრუქციული ატმოსფეროთი”, თუმცა მან თავი აარიდა ამ სამიტის უწინდელ შეხვედრებთან რაიმე ფორმით შედარებას.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი და წინა პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სამიტს არ დასწრებია.

სამსაათიანი შეხვედრის მთავარი შედეგი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალი შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკების ოფიციალურად დაწყების გამოცხადება იყო. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 4 ივლისს გაიმართება ბრიუსელში. ამ შეთანხმებამ ევროკავშირსა და მის, სიდიდით მესამე, სავაჭრო პარტნიორ რუსეთს შორის ხშირად დაძაბული ურთიერთობა უნდა მოაწესრიგოს.

შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყება 18 თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ევროკავშირის აღმოსავლელ წევრ ქვეყნებს, კერძოდ, პოლონეთს, ლიტვასა და მოსკოვს შორის ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში არსებული უთანხმოებების გამო. სამიტის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დმიტრი მედვედევმა ”შემაშფოთებელი” უწოდა ზოგიერთი წევრის მიერ ევროკავშირის საკუთარი პრობლემების გადაჭრისთვის გამოყენებას:

[მედვედევი]
”ჩვენი აზრით, ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა ის, რომ ევროპული სოლიდარობა ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების ორმხრივი პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტად იქცა.”

მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობაში ყველაზე პრიორიტეტული ენერგეტიკის საკითხია. ევროკავშირს სურს, რომ მოსკოვმა თავისი უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსები ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, მაგრამ კრემლი რუსეთის ნავთობზე, გაზსა და მილსადენებზე დამყარებული კონტროლის დათმობას არ აპირებს.

მოსკოვი, თავის მხრივ, ცდილობს რუსულ კომპანიებს ევროპის ნავთობისა და გაზის სადისტრიბუციო ქსელებში ინვესტიციების განხორციელების საშუალება შეუქმნას.

ენერგეტიკის სფეროს მნიშვნელობას პრესკონფერენციაზე ჟოზე მანუელ ბაროზუმაც გაუსვა ხაზი:

[ ბაროზუ]
”ენერგეტიკა რუსეთიდან ჩვენი იმპორტის ორ მესამედს უტოლდება ღირებულებით. ერთი რამ მკაფიოდ უნდა განვაცხადო: რუსეთი კვლავაც დარჩება ევროკავშირისთვის ენერგეტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად; ევროკავშირი კი დარჩება რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრად.”

სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ირგვლივ მიღწეული წარმატების მიუხედავად, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის კვლავ რჩება საკამათო საკითხები. მოგეხსენებათ, ევროკავშირი რუსეთს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გამო აკრიტიკებს. პარასკევის სამიტზე ყველა ეს საკითხი წამოიჭრა და შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, ევროკომისარ ბენიტა ფერერო ვალდნერის, თქმით, ისინი კიდევ დიდხანს დარჩება დღის წესრიგში.

უკანასკნელ პერიოდში კი იმ საკითხების სიას, რომელიც ევროკავშირის უკმაყოფილებას იწვევს, რუსეთის მიერ აფხაზეთში გადადგმული ნაბიჯები დაემატა. ამ საკითხზე დღევანდელ შეხვედრაზეც იმსჯელეს. ფერერო-ვალდნერმა აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირს საკუთარი როლის გაზრდა სურს, და კიდევ ერთხელ შენიშნა, რომ დაძაბულობა ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯებით უნდა განიმუხტოს. ”დიალოგი უნდა გაიმართოს არა მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თბილისსა და სოხუმს შორის”, - განაცხადა ევროკომისარმა.

საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ გაყინული კონფლიქტების პრობლემისადმი რუსეთისა და ევროკავშირის პოზიცია საერთო საფუძველს ეყრდნობა, კერძოდ, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და კონფლიქტების პოლიტიკური და არაძალისმიერი მეთოდებით მოგვარებას.

მთლიანობაში, როგორც აღვნიშნეთ, სამიტის ბოლოს ორივე მხარე კმაყოფილი ჩანდა და აღნიშნავდა, რომ შეხვედრაზე კონსტრუქციული და ღია ატმოსფერო იყო გამეფებული. მაგრამ დასავლელი და რუსი ანალიტიკოსების ნაწილი მოვლენებს კვლავ სკეპტიკურად აფასებს. მათი აზრით, რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვლადიმირ პუტინი კვლავაც დიდ გავლენას ინარჩუნებს. ამ სკეპტიკოსების ვარაუდით, მიუხედავად დასავლეთთან ურთიერთობაში შერბილებული რიტორიკისა და ადამიანის უფლებების თუ დემოკრატიის განმტკიცების შესახებ გაკეთებული განცხადებებისა, რეალურად, რუსეთის ახალი პრეზიდენტის კურსი მისი წინამორბედის მიერ გატარებული პოლიტიკისგან დიდად განსხვავებული არ იქნება.

XS
SM
MD
LG