Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ – ოპოზიცია დოკუმენტურ ფილმს იღებს


„საქმე ლაპარაკის ნაცვლად“– ”ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო სლოგანით გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების დარღვევების ამსახველი დოკუმენტური ფილმი დაასათაურა.

ფილმის პრეზენტაცია გაერთიანებული ოპოზიცია–მემარჯვენეების შტაბში გაიმართა. ჩვენებას, გაერთიანებული ოპოზიციის წევრების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გაფართოვდება თუ არა დოკუმენტური ფილმის მნახველთა აუდიტორია, დამოკიდებულია იმაზე, მიიღებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გადაწყვეტილებას, ფილმი ტელევიზიის ეთერით გაუშვას.

„საქმე ლაპარაკის ნაცვლად “ 40 წუთიანი ფილმია და მასში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების მიერ დაფიქსირებული დარღვევებია ასახული. შემთხვევითი არ ყოფილა მოპოვებული დოკუმენტური მასალის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სლოგანით შეკვრა. აი, რა გვითხრა ამასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] “ამ ფილმს ჰქვია ”საქმე ლაპარაკის ნაცვლად” სწორედაც იმიტომ, რომ ეს არის მათი საქმე – მათი საქმე არის გაყალბება, მათი საქმე არის დაშინება, მათი საქმე არის მოსყიდვა, დაჭერა, შეურაცხყოფის მიყენება, ტერორი - ფსიქოლოგიური, ფიზიკური, აი, ეს არის მათი საქმე და იმიტომაც ჰქვია ამ ფილმს
’საქმე ლაპარაკის გარეშე’. “ (სტილი დაცულია)

ფილმში კი, რომელიც, მისი შემქმნელების ამ განწყობის შესაბამისად, ვერ გაექცა ცალმხრივობას და პროპაგანდისტულ ელფერს, ძირითადად სამოყვარულო კამერითა და მობილური ტელეფონებით გადაღებული კადრებია შესული. ფილმი მოიცავს როგორც წინასაარჩევნო კანონდარღვევებს, ისე იმ დარღვევებს, რომლებიც არჩევნების დღესა და არჩევნების შედეგების გასაჩივრების პროცესში იქნა შენიშნული და დაფიქსირებული.

[ეკა ბესელიას ხმა]“რა თქმა უნდა, აქ არ არის ყველაფერი, რაც იყო 26 მაისს. გაცილებით ბევრია მასალა, გაცილებით ბევრია მტკიცებულება. აქ შეიძლება სერიალები გადავიღოთ ჩვენ და არა მარტო ერთი დოკუმენტური ფილმი. თუმცა ის, რაც არის აქ თავმოყრილი, სავსებით საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ არნახულად გაყალბდა 21 მაისის არჩევნები.“(სტილი დაცულია)

გვითხრა გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ, რომლის შეფასებითაც, მთავარია ფილმში მოწოდებული თვალსაჩინო მასალა საზოგადოებამდე, ამომრჩევლამდე მივიდეს. თუ რა პერსპექტივა აქვს ფილმს“ საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ ამ ამოცანის შესასრულებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადასაწყვეტია. ამ საკითხს მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდებით, მანამდე კი შევნიშნავთ, რომ ფილმის შემქმნელები ამ ფილმით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებასაც ისახავენ მიზნად. მემარჯვენე მამუკა კაციტაძე ამბობს:

[მამუკა კაციტაძის ხმა]“ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფილმი, ინგლისური ვარიანტი, გადავუგზავნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან ამ არჩევნების დემოკრატიულობით, და დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც ასევე კმაყოფილებას გამოთქვამს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით.“(სტილი დაცულია)

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ უკვე გადაეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ლევან გახელაძეს. მისი განმარტებით, ფილმის ეთერში გაშვება–არგაშვების საკითხი, როგორც სარედაქციო პოლიტიკის წარმმართველმა, არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა უნდა გადაწყვიტოს. ლევან ყუბანეიშვილი, თავის მხრივ, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ფილმში ასახული დარღვევების შესახებ განმარტებას ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მიიღებს. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ გენერალური დირექტორი დათანხმდება გაუშვას ეთერში ფილმი, ეს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ვერ მოხდება, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადე ამ ვადით უკვე გაწერილია. თავის მხრივ, ოპოზიცია თანახმაა, ფილმის ჩვენების შემდეგ, საზოგადოებამ, ასევე ტელევიზიის ეთერით, დისკუსიაც იხილოს. დისკუსიის აუცილებლობაზე საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გახელაძეც:

[ლევან გახელაძის ხმა]“ამ ფილმის უკომენტაროდ ჩვენება, უბრალოდ, არ შეიძლება, იმიტომ რომ არანაირი განსხვავება არ იქნება, რაც წინა მენეჯმენტმა გააკეთა ფილმის „ნოემბრიდან–ნოემბრამდე“ ჩვენების შედეგად. აქაც საუბრობს მარტო ერთი მხარე, გაურკვეველია ეს რომელი უბნებია, შესაძლებელია ეს ის უბნებია, რომელიც გააუქმა სასამართლომ ან ცესკომ, სიტყვაზე ვამბობ, და ბევრი დაზუსტებაა საერთოდ საჭირო.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG