Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტს დეპუტატები კვლავაც აკლდებიან და ემატებიან


დღეს, 27 ივნისს, საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილება შეუწყვიტა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს.

სამაგიეროდ, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო სხვა ორი ოპოზიციონერი დეპუტატი. ჯერჯერობით გაურკვეველია ლეიბორისტების ოთხეულის ბედი. დეპუტატის მანდატებს ლეიბორისტები, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ჯერჯერობით კვლავაც ინარჩუნებენ. პარალელურად, პარლამენტი კვლავაც განაგრძობს იმ მოთხოვნების შესრულებას, რომლებსაც ქრისტიან-დემოკრატების მიერ მომზადებული ”ანტიკრიზისული მემორანდუმი” ითვალისწინებს.

შრომის პარტიის წარმომადგენლები უკმაყოფილონი დარჩნენ: პარლამენტის საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტმა არ დააკმაყოფილა ლეიბორისტთა ოთხეულის - naTelaSvili-gugava-SatberaSvili-Zaganias - განცხადება, რომლითაც ისინი სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნას ითხოვდნენ.ითქვა, რომ ბუნდოვანია განცხადების შინაარსი, მოთხოვნა და გარკვევით არ არის მითითებული ადრესატი. განცხადებაში პარლამენტი ”პარლამენტად წოდებულ არაკანონიერ ორგანოდ” და ”ნაციონალური მოძრაობის მთავარ შტაბად” არის მოხსენიებული. ლეიბორისტი იოსებ შატბერაშვილი გაკვირვებულია, რატომ დაიწუნეს მათი განცხადება:

(იოსებ შატბერაშვილის ხმა) ”სწორედ ამიტომ გამოვდივართ ჩვენ ამ ეგრეთ წოდებული პარლამენტიდან, რომ ვთვლით, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მთავარი შტაბი, სადაც ლეიბორისტულ პარტიას არაფერი არ ესაქმება. ამიტომ ჩვენ ასეთი ფორმულირებით, როგორსაც ბატონი ბაქრაძე ან გოგორიშვილი გულისხმობს, არასდროს არ დავწერთ. ეს გამორიცხულია.” (სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, ლეიბორისტები უკან არ იხევენ და მაინცდამაინც არც ის აღელვებთ, რომ ბევრი და, მათ შორის, ყოფილი კოლეგები გაერთიანებული ოპოზიციიდან მათ ერთგვარ ეშმაკობაში ადანაშაულებენ. ასეთები ფიქრობენ, რომ ლეიბორისტებმა გაურკვეველი შინაარსის განცხადება იმიტომ დაწერეს, რომ პარლამენტს არ დაეკმაყოფილებინა და ამ გზით სადეპუტატო მანდატები შეენარჩუნებინათ. ერთი სიტყვით, ლეიბორისტების ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია.

სამაგიეროდ, კენჭისყრის შედეგად, პარასკევს პარლამენტში სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელს ირაკლი იაშვილს, რომელმაც საერთოდ დაანება თავი პოლიტიკურ მოღვაწეობას. იაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის სიით გასული მე-12 წარმომადგენელია, რომელსაც დეპუტატის მანდატი ჩამოერთვა. მისი რიგი გვიან იმიტომ მოვიდა, რომ მან განცხადება პარლამენტში კოლეგებზე გვიან შეიტანა.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის სიით გასულ დანარჩენ 5 დეპუტატს, გია ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე მანდატებს ინარჩუნებენ, თუმცა საპარლამენტო მუშაობას ჯერჯერობით კვლავ გარკვეულ ბოიკოტს უცხადებენ. ”ქართული დასის” ლიდერს ჯონდი ბაღათურიას პარასკევს მიბაძეს პაატა დავითაიამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემაც. დავითაიას პოლიტიკური ორგანიზაცია ”ჩვენ თვითონ” პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდა. ლიდერმა დეპუტატების წინაშე წინადადება წამოაყენა:

(პაატა დავითაიას ხმა) ”აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები სეპარატისტთა ლიდერების წინააღმდეგ, რომლებმაც მიითვისეს ძალაუფლება საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და გამოცხადდნენ ისინი საერთაშორისო ძებნაში, რათა მათ არ ჰქონდეთ საშუალება იარონ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების კაბინეტებში და მათი ადგილი არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.” (სტილი დაცულია)

პაატა დავითაიას წინადადებას შედეგიანი რეაქცია ჯერჯერობით არ მოჰყოლია, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მას სამომავლო გეგმების განხორციელებაში ჩართვა შესთავაზა:

(დავით ბაქრაძის ხმა) ”გადაიდგმება რამდენიმე ძალიან რადიკალური ნაბიჯი. მათ შორის, საუბარი იქნება ახალი კანონპროექტების მიღებაზეც, რომელიც, მე იმედი მაქვს, რომ ნამდვილად გავლენას მოახდენს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე და შეცვლის იქ არსებულ სიტუაციას... მათ შორის, ეკონომიკურ სიტუაციას და, მათ შორის, უკანონო ინვესტიციებთან მიმართებაში. უბრალოდ, ამ ეტაპზე, ალბათ, ჯერჯერობით არ არის მიზანშეწონილი საჯაროდ საუბარი, თუმცა, ბუნებრივია, რომ კოლეგებისთვის კონსულტაციები გახსნილი იქნება და ჩვენ, ბუნებრივია, თქვენს მონაწილეობას, ბატონო პაატა, ამ საკითხში ნამდვილად მივესალმებით.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ოპოზიციასთან უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი პარასკევის პლენარულ სხომაზეც გამოხატა და უკვე მერამდენედ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ოპოზიციის ”ანტიკრიზისული მემორანდუმის” დაკმაყოფილების გზაზე. ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებად სახელდება პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარასკევს განხილული კიდევ ორი საკითხი. პირველის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს 3-დან ერთი წევრი ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება. მეორე გადაწყვეტილების მიხედვით კი, კომისიაში, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტების საჯარო განხილვა უნდა უზრუნველყოს, უმრავლესობის ხუთი წარმომადგენლის გვერდით ოპოზიციის რვა წარმომადგენელი იმუშავებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG