Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა


” ’იმედი’ მოკვდა”, ” ’მზე’ დაბნელდა - მზერა ’კავკასიისკენ’ ”, ”’მზეს’ ’მზერა’ დაუხურეს”, ” ’მზის დარტყმა’ სიტყვის თავისუფლებაზე” - ასეთი სათაურებით ეხმაურება პრესა ტელეკომპანია ”მზეში” შექმნილ ვითარებას.




”ჟურნალისტები ამ დღეს ელოდნენ თითქმის წელიწადზე მეტია. ელოდნენ, რადგან შესანიშნავად იცოდნენ, რომ ჰოლდინგის მილიონერი მეპატრონისთვის ყველა ბიზნესი მთავარი იყო, ტელევიზია - ”შეტენილი”. ამ აქტის მეორე მხარეს აღარ დაგიკონკრეტებთ - ყველამ ძალიან კარგად იცის, ბეჟუაშვილებს ტელებიზნესში მილიონების ჩადებით საკუთარი ერთგულება დაამტკიცებინეს. ირაკლი ოქრუაშვილის ”გაქცევის” შემდეგ კი ეს მათთვის (და არამხოლოდ მათთვის) ჰაერივით აუცილებელი იყო”, - წერს ”ვერსია”.

”ის, რაც ”მზეში” მოხდა, პროგნოზირებადი მოვლენა გახლდათ. ჩვენი ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, ინფორმაციასთან კარგ დამოკიდებულებაში არ არის. ისეთი კონტროლირებადი არხიც კი, როგორიც გახლდათ ”მზე”, მათთვის ნაკლებად მისაღები იყო”, - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”რეზონანსს” კი სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განუცხადა: ”ეს არის ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საინფორმაციო საშუალებები სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება. ამასთან, რაც უფრო ნაკლები იქნება საინფორმაციო საშუალებები, მით უკეთ გაკონტროლდებიან ისინი. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკაა”, - ამბობს სუბარი და დასძენს: ”პოლიტიკის შედეგია ასევე ის, თუ ვინ არიან ამ ტელეკომპანიების ხელმძღვანელები”.

პრესა წერს მედვედევისა და ბაღაფშის გუშინდელ შეხვედრაზეც. ”რეზონანსი”: ”თბილისში სერგეი ბაღაფშის მოსკოვში ჩასვლა არ გაჰკვირვებიათ. მაგრამ ის ფაქტი, რომ იგი თავად რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო, საქართველოში ”ცუდ სიგნალად” მიიჩნიეს. მით უმეტეს, რომ კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი სერგეი ბაღაფშს ”აფხაზეთის პრეზიდენტად” მოიხსენიებს. ოპოზიცია ხელისუფლებას კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლება კი ჯერჯერობით მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას ელოდება”, - წერს ”რეზონანსი”.

”24 საათი” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუასთან, რომელიც ამბობს: ”არ ვეთანხმები აზრს, რომ საქართველოს სამხედრო თვალსაზრისით თავის დაცვა არ შეუძლია. ეს ასე არ არის. საქართველომ საკუთარ თავდაცვაზე დაახლოებით 5 მილიარდი დახარჯა და თუ საჭირო გახდება, ტყვიასაც გავისვრით და ქვემეხსაც. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც პოლიციური და არც სამხედრო ოპერაცია თვითმიზანი არ არის”, - ამბობს რურუა და დასძენს: ”კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური სქემა არსებობს, ამ კონფლიქტის პარამეტრები დადგინდა. სწორედ ამიტომაა დაძაბულობა, სწორედ იმას ვერ ეგუებიან ვერც რუსეთი და ვერც სეპარატისტები, რომ ბევრ რაღაცას რეალური სახელი დაერქვა.” ნიკოლოზ რურუა აცხადებს, რომ თუ რუსეთმა რამე არ შეცვალა, უკვე დადგა ეტაპი, როდესაც სამშვიდობო ფორმატის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

”ვერსია” კახა კუკავას ესაუბრა. ”მითხრეს, რომ ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის იზოლაციას გეგმავს”, - ამბობს კუკავა. – ”ვითომ ეს ძალა არ არსებობს. ფსევდოოპოზიციას შექმნიან. ჩვენ ტელევიზიები უკვე ჩაგვიკეტეს. აქაც რუსეთის სქემის გადმოტანას ცდილობენ. იქ ხომ ნამდვილი ოპოზიცია ლოკალიზებულია და ”სპროვედლივაია როსია” ვითომ ოპოზიციის როლს ასრულებს. ამ გეგმის ავტორი გიგა ბოკერიაა. მაგრამ გეგმა აბსოლუტურად უპერსპექტივოა, იმიტომ რომ, გიორგი თარგამაძის გარდა, ამ სატელიტ პარტიებში არც ერთი პროფესიონალი პოლიტიკოსი არ არის. ანუ ამ მასალით რეალური ოპოზიციის გამოძერწვა შეუძლებელია”, - ამბობს კუკავა, რომელსაც ”ვერსია” ესაუბრა.
XS
SM
MD
LG