Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


კვირის დასაწყისში ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში ბრიუსელი იყო,

სადაც ევროპის ქვეყნების მეთაურები შეხვედრას მართავდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ირლანდიის მოქალაქეების მიერ ”ლისაბონის ხელშეკრულების” სახელით ცნობილი ევროკავშირის რეფორმის დოკუმენტის უარყოფა და ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივები იყო.

იტალიაში გამომავალი ”რეპუბლიკა” 20 ივნისის ნომერში კრიტიკულად აფასებდა სამიტზე იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ქცევას. ”ბერლუსკონის ბრიუსელის ასპარეზზე დაბრუნება ცუდად დაიწყო”, - წერდა გაზეთი და ამატებდა, რომ, იტალიის პრემიერ-მინისტრის აზრით, იმ ორი წლის განმავლობაში, როდესაც ის ხელისუფლებაში არ იყო, ევროპამ უკუსვლა განიცადა. ”რეპუბლიკა” სამიტზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის როლსაც აფასებდა: ”ქალბატონი მერკელი ევროკავშირის ასპარეზზე სულ უფრო დამაჯერებლად იკავებს ლიდერის პოზიციას. კანცლერს ორი ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ბრაიან კოუენსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ მირეკ ტოპოლანეკთან. პრიორიტეტებიც ანგელა მერკელმა ჩამოაყალიბა: ”ლისაბონის ხელშეკრულების” განხორციელება მყისიერად უნდა დაიწყოს; დარჩენილ შვიდ ქვეყანაში მისი რატიფიკაცია უნდა მოხდეს; ირლანდიამ გადაწყვეტილება ოქტომბრამდე უნდა მიიღოს”, - წერდა იტალიის ”რეპუბლიკა” 20 ივნისის ნომერში.

ამავე დღის ნომერში ჩეხეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ”მლადა ფრონტა დნეს” წერდა, ჩეხეთის რესპუბლიკამ გაამართლა არსებული მოლოდინი, რომ ის ”ლისაბონის ხელშეკრულების” რატიფიკაციასთან დაკავშირებით გარეშე ძალის როლს შეასრულებდაო. სამიტზე ”არც ბერლუსკონი, არც სარკოზი და არც მერკელი არ იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორიც [ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი] მირეკ ტოპოლანეკი იყო. მაშინ, როცა ბრიტანელები და პოლონელები იმეორებდნენ, რომ ”ლისაბონის ხელშეკრულება” კვლავაც ცოცხალი იყო, ჩეხები არაფერს ამბობდნენ. საღამოს მოლაპარაკებამდე ტოპოლანეკს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. მაგრამ მთელმა ევროპამ იცის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის განცხადება, რომ ”ლისაბონის ხელშეკრულება” უპერსპექტივოა. ამან დიდი როლი ითამაშა ევროკავშირში ჩეხების იზოლირებაში”, - წერდა ჩეხეთში გამომავალი ”მლადა ფრონტა დნეს” 20 ივნისის ნომერში.

სხვა თემებს შორის, პოლონეთში გამომავალი მემარცხენე, ლიბერალური ორიენტაციის ყოველკვირეული გაზეთი ”პრჟეკროი” 20 ივნისს ანტიკომუნისტური პროფესიული კავშირის, ”სოლიდარნოსტის”, დამაარსებლის, ლეხ ვალენსას, ფიგურის ირგვლივ განვითარებულ სკანდალს გამოეხმაურა - ბრალდებას, რომ ვალენსა წარსულში უშიშროებასთან თანამშრომლობდა. გაზეთი ლუსტრაციის პრაქტიკას უძღვნის წერილს და წერს: ”შუა საუკუნეებში ყველა ქალაქს, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემდა, სამარცხვინო ბოძი ჰქონდა აღმართული... უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენ სამარცხვინო ბოძის ჩვენეული ვერსია გვაქვს - ე.წ. ლუსტრაცია. ამ ბოძზე ასობით, თუ არა ათასობით, ადამიანი გააკრეს: პრეზიდენტები, პრემიერ- მინისტრები, მინისტრები, ეპოსკოპოსები... ცინიკოსი დამსმენები, რომლებიც ხალხს ფულის გამო ასმენდნენ და ხალხი, ვინც, უბრალოდ, ”რაღაც ქაღალდს მოაწერა ხელი დიდი ხნის წინ”... - პირის დანაშაულის მასშტაბი [და] კონკრეტული ვითარება მეორეხარისხოვანია. ეს შავ-თეთრი სამყაროა. ადამიანი ან სუფთაა, ან გასვრილი”, - წერდა პოლონეთის ”პრჟეკროი” 20 ივნისის ნომერში.

ბრიუსელში გამართული სამიტი - და უკვე მისი შედეგები - 23 ივნისსაც იპყრობდა ევროპული პრესის ყურადღებას. სამიტს კონკრეტული შედეგები არ მოუტანია; ლისაბონის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ოქტომბრისთვის გადაიდო. ევროპის პრესა ამ სტრატეგიის შედეგებსა და ევროკავშირის პრობლემების შესაძლო გადაწყვეტაზე წერდა.

ირლანდიაში გამომავალი ”აირიშ ტაიმსი” წერდა, რომ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ირლანდიას მკაფიოდ მიუთითეს, რომ მას დიდი არჩევანი არა აქვს. ”მომავალი წლის ივნისში დანიშნული ევროპის პარლამენტის არჩევნებამდე ირლანდიელ ხალხს კიდევ ერთხელ სთხოვენ ლისაბონის ინსტიტუციური რეფორმების რეალურ განხორციელებას”, - წერდა ”აირიშ ტაიმსი” 23 ივნისის ნომერში.
24 ივნისს დასავლეთის პრესაში ერთ-ერთი მთავარი თემა ზიმბაბვეში შექმნილი ვითარება იყო. ოპოზიციის კანდიდატმა მორგან ცვანგირაიმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ამის მიზეზად მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა დაასახელა. ცვანგირაიმ თავი ჰოლანდიის საელჩოს შეაფარა; საპრეზიდენტო არჩევნებში კი ერთი კანდიდატი - პრეზიდენტი რობერტ მუგაბე - დარჩა. ზიმბაბვე სამოქალაქო ომის პირასაა; როგორ უნდა მოიქცეს ევროპა? - კითხულობდა დასავლეთის პრესა.
ბრიტანეთის ”ფაინენშლ ტაიმსის” წამყვანი პოლიტიკის მიმომხილველი გიდეონ რახმანი 24 ივნისის ნომერში საერთაშორისო თანამეგობრობას ზიმბაბვეს კრიზისში ჩარევისკენ მოუწოდებდა. ”ზიმბაბვე კვლავაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია… მუგაბეს საერთაშორისო იზოლაციამ, გამკაცრებულ და უფრო მიზანმიმართულ ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, შესაძლოა, ვითარება მართლაც შეცვალოს”, - წერდა ანალიტიკოსი ”ფაინენშლ ტაიმსის” 24 ივნისის ნომერში.
ამავე დღის ნომერში ჰოლანდიაში გამომავალი ყოველკვირეული ”ელსევიერი” დიდ ბრიტანეთს, როგორც ყოფილ კოლონიურ ძალას, ზიმბაბვეს კრიზისის გადაჭრაში უფრო აქტიური როლის შესრულებისკენ მოუწოდებდა. ”ერთი პოლიტიკოსი მუგაბეს წინააღმდეგ გამოსვლას გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვს; მეორე ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებით გამოდის. ბევრი ფიქრობს, რომ მუგაბე მისმა მეზობელმა ქვეყნებმა, უწინარესად, სამხრეთმა აფრიკამ უნდა დაგმოს. მაგრამ მუგაბე იმით დაინტერესდება, რას ამბობს ან აკეთებს გაერო? ეს არ მოხდება, ბოიკოტი კი მხოლოდ ხალხს ავნებს. ბრიტანელები რატომ არ მოქმედებენ?” - კითხულობდა ჰოლანდიაში გამომავალი ”ელსევიერი” 24 ივნისის ნომერში.
25 ივნისს დასავლეთის პრესამ ყურადღება სერბიაში მიმდინარე პროცესებს მიაპყრო. საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის, სოციალისტურმა პარტიამ პრეზიდენტ ბორის ტადიჩის პროდასავლურ ძალებთან კოალიციის შექმნის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. დასავლეთის პრესა ცდილობდა გაერკვია, რას მოასწავებს ეს გაერთიანება ბალკანეთისა და ევროპისთვის.
შვეიცარიის ”ტაგესანცაიგერი” 25 ივნისის ნომერში წერდა, რომ ასეთი კოალიცია მომგებიანია სოციალისტური პარტიისთვის. ”ორ ძალას, რომელიც 90-იან წლებში ერთმანეთს მწარედ ემტერებოდა, სერბიის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება და კოსოვოს რეინტეგრაციისთვის დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენება უნდა… ბელგრადის ლიბერალური წრეები სოციალისტებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ისინი არ გაემიჯნენ თავიანთ სისხლიან და დანაშაულებრივ წარსულს… დემოკრატებთან კოალიციის შექმნა სოციალისტებს შანსს აძლევს, ამ წარსულიდან ყურადღება გადაიტანონ და მნიშვნელოვან პორტფელებს დაეუფლონ.”
26 ივნისს ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში ციმბირის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე რუსეთ-ევროკავშირის სამიტი მოექცა.
ფინეთში გამომავალი ”ჰელსინგინ სანომატი” ანალიტიკოს ჰისკი ჰაუკალას სტატიას აქვეყნებს, რომელიც ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ რუსეთს და ევროკავშირს გაუჭირდებათ პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკება. ”ევროკავშირის თემაზე მოსკოვში ქილიკობენ ხოლმე. … როგორც საერთო სიტუაციიდან ჩანს, მოლაპარაკება გრძელი და რთული იქნება… ეტყობა, დღესდღეობით ევროკავშირსა და რუსეთს შორის მთავარი პრობლემა ერთმანეთის მიმართ ნდობის უქონლობა და მომავლის განსხვავებული ხედვაა”, - წერდა ფინეთში გამომავალი ”ჰელსინგინ სანომატი” 26 ივნისის ნომერში.
პარასკევს, 27 ივნისს, დასავლეთის პრესა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის მმართველობის პირველ წლისთავს გამოეხმაურა. ამ ერთი წლის განმავლობაში ბრაუნის პოპულარობა ძალიან სწრაფად დაეცა. ევროპის პრესა ამის მიზეზების გარკვევას ცდილობდა.
საფრანგეთის ”ფიგარო” ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კიდევ უფრო მეტ სირთულეს უწინასწარმეტყველებს. ”გორდონ ბრაუნს მმართველობის წლისთავზე საზეიმო ბევრი არაფერი აქვს… არც მისი უკანასკნელი პოლიტიკური გამარჯვება. ლორდთა პალატის მიერ ”ლისაბონის ხელშეკრულების” რატიფიკაციის ამბავი, შესაძლოა, ბრაუნს ნიკოლა სარკოზიმ მიულოცა, მაგრამ ამან ბრიტანელების სიბრაზე გააძლიერა, რადგანაც მათ თავიანთი შეხედულებების გამოხატვა რეფერენდუმზე სურდათ... [ბრაუნი] თავის დამკვიდრებას ცდილობდა უფრო მეტად როგორც ერთგვარი ანტი[ტონი] ბლერი. ახალი ლეიბორისტების ოპორტუნიზმისა და შარმის შემდეგ, მისი სიმშვიდე და სერიოზული დამოკიდებულება თავდაპირველად პატივისცემას იწვევდა… ბრაუნი ”ცუდი”პირველად მაშინ გამოჩნდა, როდესაც გადაწყვიტა არ ჩაეტარებინა ვადამდელი არჩევნები მაშინ, როდესაც კონსერვატორთა პოპულარობა იზრდებოდა… ბრიტანეთის ეკონომიკისთვის ნაწინასწარმეტყველები დაღმასვლა და… ინფლაციის ზრდის რისკი ბრაუნს პოპულარობას ნამდვილად არ დაუბრუნებს”, - წერდა საფრანგეთის ”ფიგარო” 27 ივნისის ნომერში.



XS
SM
MD
LG