Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმიაში მართლმადიდებელ მოძღვართა ინსტიტუტი ინერგება


საქართველოს შეიარაღებულ ძალებში,

სადაც იდეოლოგიური და აღმზრდელობითი სტრუქტურები გაუქმებულია, ნატოს სტანდარტების თანახმად, სამხედრო მოძღვრის ინსტიტუტი ინერგება. ამის შესახებ საგანგებო ხელშეკრულებას ხელი ჯერ კიდევ 1998 წელს მოეწერა მართლმადიდებელ ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის. თუმცა ქართველი სამხედრო მოძღვარი რამდენადმე განსხვავდება მისი დასავლური მოდელისაგან, ე.წ. ”კაპელანისაგან”, რომელიც ნატოს ქვეყნების არმიაში პირადი შემადგენლობის სულიერი აღზრდის საქმეებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი განაგებს.

საქართველოში სამხედრო ხაზით ჩატარებულ მრავალ საზეიმო ღონისძიებაზე, სამხედრო მაღალჩინოსნების გარდა, სასულიერო პირებიც სულ უფრო ხშირად ჩანან. ისინი გარეგნულად არაფრით განსხვავდებიან მართლმადიდებლურ ტაძრებში მომსახურე სხვა სასულიერო პირებისაგან, თუმცა სხვაობა ნამდვილად არის. რამდენიმე მღვდელმსახურს საქართველოში ”სამხედრო მოძღვრად” მოიხსენიებენ და, შესაბამისად, მათი ყოფნაც სავალდებულოა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ხაზით ტარდებაო, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძალოვან სტრუქტურებსა და სამართალდამცველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსმა, დეკანოზმა ზაქარია მაჩიტაძემ:

[ზაქარია მაჩიტაძე] ”წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები[სამხედრო უწყებასთან] იყო მხოლოდ პირად სურვილებზე დამყარებული და ხდებოდა მხოლოდ მათი მხრიდან მოწვევით. თავდაცვის სტრუქტურაში მსახურობს უკვე 12 მღვდელი, რომლებიც, მეთაურებთან შეთანხმებით, გარკვეული პროგრამით მუშაობენ. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე შტატის დამატება და სულ მალე ყველა სამხედრო დანაყოფს ეყოლება თავისი მოძღვარი.”

ამ პროგრამის თანახმად, სამხედრო მოძღვრები მონაწილეობენ სპეციალური სამხედრო პროგრამების გახსნისა და დახურვის დროს, გზას ულოცავენ აკადემიის კურსდამთავრებულებს და კურთხევას აძლევენ და თავადაც მიჰყვებიან სამშვიდობო მისიით საზღვარგარეთ მიმავალ ქართულ ქვედანაყოფებს. ღირს აღინიშნოს, რომ პირველად სამხედრო მოძღვრები საქართველოში სწორედ იმ მღვდელმსახურებს უწოდეს, რომლებიც, საქართველოს საპატრიარქოსა და თავდაცვის სამინისტროს შეთანხმებით, ქართულ კონტინგენტს გაჰყვნენ ერაყში და ქართველ მშვიდობისდამცველებს ლოცვებით ამხნევებდნენ ურთულესი სამხედრო მისიის შესრულების დროს. აჟამად ერაყში იმყოფება მამა ისააკ ფირცხალავა, რომელიც 2000 კაციანი ქართული ბრიგადის ერთადერთი სამხედრო მოძღვარია და მღვდელმსახურება ყოველდღე საგანგებო მდგომარეობის პირობებში უხდება.

[მამა ისააკი] ”როდესაც ბიჭებს უწევთ ”კონვოიში” გასვლა, ანუ როდესაც ბაზის გარეთ უწევთ გასვლა, - იქნება ჩეკპოინტი თუ პოსტებზე საჭმლის მიტანა, -[ჩემი საქმეა] აი, ამ ”კონვოის” კურთხევა და, რა თქმა უნდა, წირვის ჩატარება, აღსარების ჩაბარება, ზიარება და ვისაც რაიმე სულიერი საკითხი აწუხებს, სულიერი დახმარება.”(სტილი დაცულია)

უთხრა ერაყში მყოფმა მღვდელმსახურმა რადიო ”თავისუფლებას”. ქართული ბრიგადის შტაბშიც და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზეც სამლოცველოებია გახსნილი, ხოლო მღვდელმსახურების აღსრულებაში, როგორც სტიქაროსნები, მას ქართული ბრიგადის ჯარისკაცები ეხმარებიან. მამა ისააკი ქართველ სამხედროებს აკითხებს ლოცვას ”მგზავრობის მსურველთათვის”, რომელიც საბრძოლო დავალებაზე გასვლის წინ იკითხება. შემდეგ ხდება საბრძოლო ეკიპაჟების კურთხევა და წყლის სხურება, რაც, მამა ისააკის თქმით, არამართლმადიდებლებისთვისაც ტრადიციად იქცა:

[მამა ისააკი] ”როდესაც ”კონვოი” იკურთხებოდა, ხანდახან ”კონვოიში” ამერიკელებიც იყვნენ და ისინიც მთხოვდნენ, რომ მანქანებზე წყალი მესხურა. ასევე არაბები. უფრო არაბები გამოთქვამდენ ამის სურვილს და ითხოვდნენ წყლის სხურებას. მეუბნებოდნენ, ასე უფრო დაცულები ვართო.”(სტილი დაცულია)

ერაყში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტი, ისევე როგორც მთლიანად ქართული ჯარის პირადი შემადგენლობა, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიურია. თუმცა, რადგან სამხედრო სტრუქტურებში ყველაზე დიდი ოდენობით ტრადიციული მართლმადიდებლები მსახურობენ, თავდაცვის სამინისტროს ხელშკერულება სამხედრო მოძღვრის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან აქვს გაფორმებული. რაც შეეხება სხვა რელიგიის მიმდევარი სამხედრო მოსამსახურეების სულიერ მოთხოვნებს, დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის თქმით, საპატრიარქოს სამხედრო სტრუქტურებთან მუშაობის დეპარტამენტი მათი სულიერი მოთხოვნების რეალიზების ორ შესაძლებლობას განიხილავს:

[ზაქარია მაჩიტაძე] ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი რაოდენობრივად ეს იქნება იმდენი, რომ მათ დასჭირდებათ თავიანთი სასულიერო პირები, მაშინ, ალბათ, დასაშვებია მათი[სასულიერო პირების] იქ მსახურება. მაგრამ ამ ეტაპზე, მათი მოთხოვნის საფძველზე, ან გავათავისუფლოთ ჯარისკაცები, ან სასულიერო პირი მოვიდეს, ვინც დადებით როლს შეასრულებს როგორც ჯარისკაცის და როგორც მოქალაქის ჩამოყალიბებაში.” (სტილი დაცულია)

ქართველი სამხედრო მოძღვრები, რომლებიც სამხედრო სტრუქტურებში ირიცხებიან, იერარქიულად მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილებიან, თუმცა ხელფასს მათ სახელმწიფო უხდის. განსხვავებული დაქვემდებარებულობა არსებობს კაპელანების ინსტიტუტის შემთხვევაში. დასავლეთის რიგ ქვეყნებში კაპელანებს აქვთ სამხედრო წოდებაც, ექვემდებარებიან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას და მშვიდობიანობის დროს შეუძლიათ ფორმის ტანსაცმლის ტარებაც და სასულიერო შესამოსლისაც, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ლატვიის გარნიზონის სამხედრო კაპელანმა, უფროსმა ლეიტენანტმა რაიმონდს კრასინსკისმა:

[რაიმონდს კრასინსკისი] ”მე დღეს ასეთ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ვარ, ხვალ კი შემიძლია შავი კოსტუმი ჩავიცვა. მაგრამ ერაყში მე მხოლოდ სამხედრო ფორმა მეცვა.”

ლატვიელი კაპელანის რაიმონდს კრასინსკის თქმით, მღვდელმსახური, რომელსაც საომარ ვითარებაში სამხედრო ფორმა აცვია, ამით კიდევ უფრო უახლოვდება თავის სულიერ შვილებს. თუმცა ერაყში მყოფი ქართული ბრიგადის სამხედრო მოძღვარი მამა ისააკ ფირცხალავა დარწმუნებულია, რომ სამხედრო მოძღვარი მხოლოდ ანაფორაში უნდა იყოს გამოწყობილი:

[მამა ისააკი] ”ყველგან სასულიერო ფორმით დავდივარ. მე არ მეხება ფორმის ტარება და მე ვფიქრობ, რომ არცაა საჭირო, იმიტომ რომ მოძღვარი უნდა იყოს მოძღვარი და გამოირჩეოდეს ერისკაცისაგან, ამერიკელებთან კაპელანი ოფიცერიცაა და ექვემდებარება იმ ბრიგადას, რომელსაც მოჰყვება. აცვია ფორმა და ვერ გაარჩევ ჯარისკაცისგან -მღვდელია თუ ვინაა. და ამით უფრო ეცემა მოძღვრის სახე და ინსტიტუტი ჯარისკაცის თვალში.”(სტილი დაცულია)

მართალია, ქართველი სამხედრო მოძღვარი არ ექვემდებარება ბრიგადის სამხედრო ხელმძღვანელობას, მაგრამ ერაყში მყოფი მამა ისააკი ისევე გრძნობს თავს სამხედრო ორგანიზმის ნაწილად, როგორც ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ყოველდღიურად გადიან ხიფათით სავსე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად და ყველაზე უარესისთვისაც კი მზად არიან:

[მამა ისააკი] ”იმიტომ რომ ჩვენ აქ რომ მოვდიოდით, ვიცოდით, რომ აქ საქართველო არ არის და აქ რომ საბრძოლო მდგომარეობაა, ცხელი წერტილია და ყოველ წუთს თუ საიდან შეიძლება ატყდეს ქარტეხილი, ეს არავინ არ იცის. და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.” (სტილი დაცულია)

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG