Accessibility links

logo-print

კვირის მიმოხილვა


გასული კვირის მთავარი თემა საქართველოში ისევ აფხაზეთი იყო.

გასულ კვირაშივე ოფიციალურმა თბილისმა სერიოზული მოლოდინი დაუკავშირა რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე საქართველოს საკითხის განხილვას. თუმცა, სრულიად მოულოდნელად, სამიტის დაწყების წინ რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა.

ყველაზე რეზონანსული რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ მოსკოვში გამართული მოულოდნელი შეხვედრა იყო, შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შორის.. ასე, კამერების წინ, სეპარატისტ ლიდერებს ვლადიმირ პუტინიც კი არ შეხვედრიაო, - აღნიშნეს თბილისში, საქართველოს ხელისუფლებაში, და თავად შეხვედრის ფაქტი რუსეთის მხრიდან სეპარატისტული აჯანყების დაუფარავი, ცინიკური მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებად შეაფასეს. შეფასებაში შედარებით ფრთხილი იყო პრეზიდენტი: ” თუ ამ შეხვედრაზე მედვედევმა განიხილა პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის გზები, ყველას ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგრამ თუ ვინმე ცდილობს იმის ლეგიტიმაციას, რომ საქართველო ხელს აიღებს თავის ტერიტორიაზე, სანამ სული მიდგას , მე ამას არ დავუშვებ”, - თქვა მან. მედვედევის გადაწყვეტილებაში შეხვედროდა ბაღაფშს, - თანაც, ზუსტად ხანტი- მანსიისკში რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ, - კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ორი მინიშნება დაინახა:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”ეს არის შეტყობინება დასავლეთისადმი: აფხაზეთზე ნუ ვილაპარაკებთ, რადგან ამ თემაზე ჩვენ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე თქვენ, და მეორე, მედვედევი დაამშვიდებდა ბაღაფშს, ეტყოდა, რომ სამიტზე აფხაზეთის საკითხზე ბევრს არ ილაპარაკებდნენ, რადგან სხვა ბევრი საკითხიც არის განსახილველი.” (სტილი დაცულია)

რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის მადლიერ სეპარატისტ ლიდერს დაამშვიდებდა , მაგრამ ისე, რომ არც სერიოზულ იმედებს მისცემდა, - ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი.

ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ ცნობაში ბაღაფში აფხაზეთის პრეზიდენტად იყო მოხსენიებული. ცნობა შეხვედრის შესახებ მწირ ინფორმაციას შეიცავდა.. რუსეთის პრეზიდენტმა და სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა ილაპარაკეს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შეთანხმდნენ, რომ საქმეში პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მხარეებმა დაიცვან ადრე მიღწეული შეთანხმებები, უპირველს ყოვლისა, მოსკოვის 1994 წლის მაისის შეთანხმების პირობები. მედვედევისა და ბაღაფშის შეხვედრა, როგორც უკვე ვთქვით, შედგა რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ, სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის კი იყო საქართველოს საკითხიც.. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მრავლისმეტყველი იყო სამიტის ქალაქ ხანტი-მასიისკში ჩატარება:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”იქ არის გაზი და იქ არის ნავთობი. რუსეთი ეუბნება ევროპას: გინდათ გაზი და ნავთობი? დაგველაპარაკეთ.. და ამ გაზისა და ნავთობის ფონზე ყველა საკითხი მეორეხარისხოვანი ხდება. ”

ასეა თუ ისე, ევროკაშირისა და რუსეთის სამიტზე იყო მსჯელობა გაყინულ კონფლიქტებზეც, ევროპის უსაფრთხოებაზეც. და სამიტის მიმდინარეობის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: ”რუსეთი და ევროკავშირი უსაფრთხოების საკითხებს ერთნაირად უდგებიან. გამოვხატავთ საერთაშორისო სამართლისადმი ერთგულებას, ვეყრდნობით კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკურ და მშვიდობიან მეთოდებს. ”

და ისევ მედვედევისა და ბაღაფშის შეხვედრის შესახებ. მოსკოვიდან სოხუმში დაბრუნებულ სერგეი ბაღაფშს იქ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას წამოიჭრა თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. შეკითხვაზე პასუხი ასეთი იყო: ” ეს საკითხი არ განგვიხილავს, მაგრამ შეხვედრაზე განხილული ყველა სხვა საკითხი, ვფიქრობ, ჩვენს ინტერესებში იყო. ისინი, საბოლოო ჯამში, უნდა წაადგეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საქმეს. ”

მოსკოვში ბაღაფში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინიმაც მიიღო.. მანამდე კი მან, რუსეთის პასპორტით, საფრანგეთში იმოგზაურა. უფრო ადრე ევროპული ტურნე ჰქონდათ სეპარატისტული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას. ცოტა ხნის წინ ისიც ესწრებოდა შვედეთში შვედური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეწყობით გამართულ დახურულ შეხვედრას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაიაც.. გასული კვირის დასაწყისში მან რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ შვედეთში აფხაზებს სრულიად აპოლიტიკური, ხალხების დაახლოებასა და მათ შორის ნდობის აღდგენაზე გათვლილი წინადადებები შესთავაზეს და ყველა მათგანზე კატეგორიული უარი მიიღეს... რადიო ”თავიუსფლება” ესაუბრა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას. ჩვენ მას ვკითხეთ, შვედეთში გამართულ შეხვედრაზე რატომ უარყვეს სოხუმის წარმომადგენლებმა თბილისის არაპოლიტიკური შეთავაზებები:

[სერგეი შამბას ხმა] ”კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ იქ არ ყოფილა მოლაპარაკება საქართველოს მხარესთან. ეს იყო არაოფიციალური შეხვედრა. ამიტომ მასზე საკითხები შესათანხმებლად არც დამდგარა. თუ ვლაპარაკობთ ნდობის აღდგენაზე, ნდობის აღდგენა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით უნდა დაიწყოს. როგორ შეიძლება ნდობის აღდგენაზე ლაპარაკი, როცა საქართველოსგან მუდმივად ვგრძნობთ საშიშროებას, როცა საქართველოს არ გაჰყავს შეიარაღებული ძალები კოდორის ხეობიდან. აი, ეს უნდა გააკეთოს საქართველომ. იმავდროულად, მან უარი უნდა თქვას აფხაზეთისთვის დაწესებულ სანქციებზე და მაშინ დაიწყება ნდობის აღდგენის პროცესი. ”

სოხუმის პოზიცია, როგორც მოვისმინეთ, ურყევია. სერგეი შამბამ - ვინ იცის, უკვე მერამდენედ - გაგვიმეორა პირობები, რასაც სოხუმი თბილისთან დიალოგის განახლებისთვის აყენებს... შამბას ტელეფონით გასული კვირის მიწურულს ვესაუბრეთ, გასული კვირის დასაწყისში კი, შვედეთში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია აღნიშნავდა:

[ალექსანდრე ლომაიას ხმა] ”ჩვენ მივეცით მათ გარკვეული საფიქრალი, რომ არსებობს კონკრეტული, აპოლიტიზირებული, არაკონფრონტაციული წინადადებები და ამ ადამიანებს აქვთ საშუალება ამ საკითხებზე იფიქრონ, რათა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ალტერნატივა რეგიონის დეიზოლაციას არ გააჩნია.”(სტილი დაცულია)

რაზე ფიქრობენ სოხუმში, მათ შორის, არა მარტო სეპარატისტული ხელისუფლების, არამედ აფხაზთა არასამთავრობო ორგანიზაციების, ასე ვთქვათ, მესამე სექტორის, წარმომადგენლები? თურქეთში, ქალაქ სტამბულში, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში, ქართულ-აფხაზური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. მასში თბილისიდან პაატა ზაქარეიშვილიც იღებდა მონაწილეობას.. ”შევხვდით აფხაზეთში ისეთ გავლენიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, როგორებიც არიან: ნათელა აკაბა, არდა ინალიფა, ლიანა კვარჩელია და სხვებიო”, - გვითხრა მან.. განიხილებოდა დევნილების და მიგრაციის პრობლემა.. თბილისიდან ჩასულებს აფხაზები ადრინდელზე მეტად გაუცხოებულები ეჩვენათ. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა გვითხრა, ისინი დევნილთა დაბრუნების საკითხსაც ისე ეკიდებიან, როგორც სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები და მიიჩნევენ, რომ დევნილების დაბრუნება ახლო მომავალში გალის რაიონის იქით ვერ მოხდება... აფხაზები ორმაგ შიშს განიცდიან - რუსეთში ასიმილაციის ეშინიათ, მაგრამ საქართველოშიც ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს. ნდობა არ არის, გაუცხოება გაზრდილია. - ასეთია შეხვედრის შედეგად შექმნილი შთაბეჭდილება. გამოსავლის ძიების გზა ლაბირინთს დაემსგავსა.. სოხუმში აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ გაურკვეველი ვითარების შენარჩუნებას, სტატუს-კვოს შენარჩუნებას ესწრაფვიან, დროის გაყვანა სურთ.. თბილისში კი მიაჩნიათ, რომ დასაკარგი დრო აღარ არის. დასავლეთმა ისედაც მთელი 15 წლის შემდეგ აღიარა, რომ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით რუსეთი არის მხარე და არა ქართველებსა და აფხაზებს შორის ნეიტრალური შუამავალი.. საქართველოს გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს სამშვიდობო ფორმატის შეცვლას. ხელისუფლებაში იმედს იტოვებენ, რომ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ზეწოლით, რუსეთი, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდება ახალ ფორმატზე, რომელშიც ისიც მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ აღარ ექნება დომინანტის როლი. სულ მალე ბერლინში შედგება მსჯელობა აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების ახალ გეგმაზე, რომელთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები გაეროს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა შეიმუშავა. ახალ გეგმასთან დაკავშირებით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ითვალისწინებს სამ ეტაპს: არსებული ფორმატის შეცვლას, რეგიონის ეკონომიკურ რეაბილიტაციას და ამის შემდეგ პრობლემის პოლიტიკურ მოწესრიგებას..” დანარჩენი - მათ შორის, რუსულ გაზეთ ”კომერსანტის” მიერ გავრცელებული ვერსია აფხაზეთის რუსეთისა და საქართველოს გავლენის სფეროებად დაყოფის შესახებ - ბლეფი და გამონაგონია”, - აცხადებენ საქართველოს ხელისუფლებაში. გაზეთმა ”კომერსანტმა ” გასულ კვირაში გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, საქართველო რუსეთს აფხაზეთის მდინარე კოდორამდე გაყოფის გეგმას სთავაზობს ისე, რომ გალისა და ოჩამჩირის რაიონებზე საქართველოს კონტროლი აღდგეს, დანარჩენი აფხაზეთი კი საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ ფორმალურად მოექცეს, თბილისისგან ფაქტობრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებით. ” კომერსანტის” მიხედვით, ამის სანაცვლოდ ოფიციალური თბილისი უარს იტყვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე... ”კომერსანტმა” მიუთითა, რომ ამ გეგმის გასაცნობად მიიწვიეს მოსკოვში ბაღაფში - მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტთან. მსგავს გეგმაზე რომ საუბარი არ ყოფილა, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმაც განაცხადა. და მაინც, საქართველოში გამოითქვა მოსაზრებები იმაზე, ღირს თუ არა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმა, თუკი ამის სანაცვლოდ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში სრულფასოვნად დაბრუნდება..

”თუ საკითხი ასე დადგება და იქნება კარგად მოფიქრებული გარანტიათა სისტემის ქვეშ წარმოებული პროცესი, მაშინ ღირს საქართველომ ამ ეტაპზე უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანებაზე”, - ასეთი შეხედულება პოლიტოლოგმა არჩილ გეგეშიძემ გამოთქვა. რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში, პარლამენტსა და მთავრობაში? აქვს თუ არა საფუძველი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ნატოში გაწევრიანების საკითხების ერთმანეთის ალტერნატივად განხილვას?

[ ნიკოლოზ რურუას ხმა] ”საკითხის ასე ფორმულირება არის ძალიან ეშმაკური. ამავდროულად, ერთი შეხედვით, მიმზიდველი, რადგან ფსევდოპრაგმატულობის ელფერი დაჰკრავს. სინამდვილეში, ეს არის სისულელე. არანაირი ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება გაიცვალოს ნატოში და არანიარად არ შეიძლება გაიცვალოს ნატოში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობაში. ეს ორი პროცესი ერთმანეთის პარალელურია და ერთმანეთის ალტერნატივა არ გახლავთ.”

ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა.. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია კი ასეთ კომენტარს აკეთებს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ჩვენ გვაქვს სამშვიდობო გეგმა აფხაზეთთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ-ერთი არის საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და არანაირ საფრთხეს რუსეთს არ უქმნის დემოკრატიული საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. ეს ნათელი უნდა იყოს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. ”

გასულ კვირაში ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთში და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს. კონდოლიზა რაისი სულ მალე - კერძოდ,9 ივლისს -თბილისში ჩამოვა.
XS
SM
MD
LG