Accessibility links

logo-print

ოპოზიციის ლიდერები ოჯახის წევრებისთვის პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ


თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პარტია „ერთიანის საქართველოსათვის“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგ, თავისი თანამებრძოლებისა და მათი ოჯახის


წევრებისთვის პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. ასევე სხვა ქვეყნის მთავრობის იმედადაა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია, რომლმაც 30 ივნისს საფრანგეთის საელჩოს მიმართა და შვილისთვის, 15 წლის რატი მილორავასთვის, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ვინ და რას ერჩის ოპოზიციის ლიდერებსა და მათი ოჯახის წევრებს?

ეკა ბესელიამ საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს სახელზე განცხადება და შესაბამისი მასალები 30 ივნისს, დილის ათ საათზე, შეიტანა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ამბობს, რომ საფრანგეთის საელჩო შემთხვევით არ აურჩევია:

[ეკა ბესელიას ხმა] „საფრანგეთის საელჩომ ძალიან კარგად იცის ჩვენი პარტიის ისტორია, ის რეპრესიები, რომლებიც ჩვენ გავიარეთ... ახლა კი ჯერი ჩემზე მიდგა. მაგრამ მე ვთქვი, რომ არც პოზიციას შევიცვლი და არც აქტიურობას შევწყვეტ. არ ვაპირებ უკან დავიხიო, მიუხედავად იმისა, რომ მელაპარაკებიან 15 წლის ბავშვის ბედზე.“(სტილი დაცულია)

15 წლის ბავშვი ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავაა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ განყოფილებაში 30 ივნისს მოწმის სტატუსით დაიბარეს. ეკა ბესელიას თქმით, სისხლის სამართლის საქმე, ხულიგნობის მუხლით, ოთხი თვის წინ აღიძრა, როცა მაღაზიაში შესულ ერთ-ერთ მოზარდს - იმის გამო, რომ კანფეტის საფასური არ გადაიხადა - დაცვის თანამშრომელთან კონფლიქტი მოუვიდა. ეკა ბესელია ამტკიცებს, რომ მისმა შვილმა დაცვის თანამშრომელს მოუწოდა ბავშვისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, რამდენადაც კანფეტის საფასურს, ლარ-ნახევარს, თავად გადაიხდიდა:

[ეკა ბესელიას ხმა] „ეს არის ოფიციალური ისტორია, ანუ კანფეტის ისტორია, მაგრამ ამ ისტორიის მიღმა დგას კონკრეტული პოლიტიკური ანგარიშსწორება. აქ რომ მოვედი, პირდაპირ მითხრეს, რომ სრულიად გასაგებია შენს გამო რომ ხდება, ეს არის დავალება, რომ მოვიყვანოთ ბავშვი და მივცეთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მერე იქნებ დავილაპარაკოთო. თუ ხელისუფლება აპირებს ჩემი შვილის საშუალებით პოლიტიკური პოზიციები მაცვლევინოს და ჩემს პრინციპებზე უარი მათქმევინოს, ტყუილად ნუ დაკარგავენ დროს, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმე პროცესების დასაწყისი იქნება.“(სტილი დაცულია)

„პროცესები“, ალბათ, მოგვიანებით დაიწყება, საპროტესტო აქცია კი ეკა ბესელიას თანაპარტიელებმა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა უკვე 30 ივნისს, რატი მილორავას დაკითხვის პარალელურად, პოლიციის სამმართველოს წინ გამართეს.

[მამაკაცის ხმა]„ამ შენობაში, ადამიანების ტანჯვისა და წამების გარდა, არაფერი არ ხდება...“

ოპოზიციის ლიდერთა ბრალდებები უკომენტაროდ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა. ყოველ შემთხვევაში, რადიო ”თავისუფლების” რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა:

[ქალბატონის ხმა] „გასაგებია, მაგრამ უფროსი გასულია და ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში, როგორ იყო და რა იყო...“

[მამაკაცის ხმა] „ბატონ შოთას დაურეკეთ, რა!“

თუმცა სალაპარაკოდ ვერც ბატონმა შოთამ, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა, მოიცალა. არადა, 30 ივნისს, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა და ბრალდება ამჯერადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გაისმა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, მისი ოჯახის წევრების გარდა, პოლიტიკური თავშესაფარი სჭირდება პარტიის ოთხ აქტივისტს: დავით ვერძეულს, არჩილ ბერიძეს, გიზო გოგლიჩიძესა და ვაჟა სეთურიძეს, რომლებიც ამჟამად იმალებიან:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „მათ ემუქრებათ რეალური საფრთხე დაპატიმრების, წამების, რის გამოც იძულებული გავხდით, რათა მიგვემართა ევროპელი მეგობრებისათვის . ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დასავლეთ ევროპის საზოგადოება ყურადღებით მოეკიდება ჩვენს თხოვნას, რადგან საქმე სახუმაროდ აღარ არის.“(სტილი დაცულია)

უნდა ჰქონდეთ თუ არა შალვა ნათელაშვილის თანაპარტიელებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების იმედი? ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ჩხეიძის განმარტებით, ლტოლვილის სტატუსის, ანუ პოლიტიკური თავშესაფრის, მიღება არ არის მარტივი საქმე:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „სტატუსის - მათ შორის ლტოლვილის სტატუსის - მინიჭება საკმაოდ რთული პროცედურაა და თითოეულ ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორის შემოწმება ხდება ხოლმე, ანუ, წარდგენილი ფაქტობრივი მასალის გარდა, მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას და ამის მიხედვით წყვეტენ.“(სტილი დაცულია)

თუმცა დავუბრუნდეთ ეკა ბესელიას შვილის, 15 წლის რატი მილორავას, საქმეს. დღის ბოლოს, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, გაირკვა, რომ მას, ხულიგნობის მუხლით, ბრალი წაუყენეს.






XS
SM
MD
LG