Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუამი და სხვა პოსტსაბჭოთა გაერთიანებები


სუამი, როგორც ცნობილია, მხოლოდ ერთ-ერთია ქვეყნების მთელი რიგი გაერთიანებებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე წარმოიშვა.

სუამის გარდა არსებობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, შანხაის თანამშროლობის ორგანიზაცია... რა მიზნებმა, რა პრინციპებმა გააერთიანა ამ დაჯგუფებების წევრები?

ზემოხსენებული ორგანიზაციებიდან ზოგი, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთვა თანამეგობრობა, უშუალოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა, დანარჩენები კი 90-ანი წლების მიწურულს; ზოგი უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში საერთო ინტერესებმა ჩამოაყალიბა, ზოგი - ეკონიმიკურმა მოსაზრებებმა.

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ზოგი ქვეყანა ცდილობს საკუთარი თავის დაცვას და ქმნის ალიანსებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან და რუსეთის ეკონომიკურ ზეწოლასთან გასამკლავებლად. სხვა ალიანსები და ჯგუფები კი თვით რუსეთის მიერ და რუსეთის ახლო მოკავშირეების მიერ ყალიბდება - რუსეთის მიერ მართული პოსტ-იმპერიული სივრცის აღსადგენად”.

ამ ორ კატეგორიას მიაკუთვნებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ ალიანსებს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი. სუამი - საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანს, და მოლდავეთს რომ მოიცავს - აშკარად პირველ ჯგუფს მიეკუთვნება. მისი ლიდერები, მართალია, ირწმუნებიან, რომ გაერთიანება არავის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ სუამის წევრების დასავლურმა ორიენტაციამ (რომელიც, უნდა ითქვას, განსხვავებული სიძლიერით არის გამოკვეთილი) მას ანტიმოსკოვური ალიანსის რეპუტაცია შესძინა.

პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის განმარტებით:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “რუსეთი ყოველთვის საფრთხედ აღიქვამდა სუამს. ნებისმირი ალიანსი ან ორგანიზაცია, რომელიც არ მოიცავს რუსეთს და რომელშიც რუსეთი არ ამბობს გადამწყვეტ სიტყვას, მიჩნეულია მტრულად. რუსეთი მათს დაშლას ცდილობს გარკვეულ ქვეყნებზე ზეგავლენით - მაგალითად, ზეგავლენით უზბეკეთსა და მოლდავეთზე”.

უზბეკეთი, როგორც ცნობილია, იყო სუამის - მაშინ სუუამის წევრი, მაგრამ ამ ალიანსს 2005 წელს გამოეყო. რაც შეეხება პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის მიერ ასევე ნახსენებ მოლდავეთს, საყურადღებოა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი არ დაესწრება სამიტს ბათუმში - ისევე როგორც არ მონაწილეობდა სუამის შარშანდელ, ბაქოს სამიტში. მართალია, მოლდავეთის ოფიციალური წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ქვეყანა არ აპირებს სუამიდან გასვლას, მაგრამ მრავლისმეტყველია პუბლიკაცია, რომელიც მარტში გამოაქვეყანა რუსეთის ყოველდღიურმა გაზეთმა “კომერსანტმა”: მასთან ინტერვიუში თვით მოლდავეთის პრეზიდენტმა გამოთქვა შეფასება, რომ სუამის პერსპექტივა ბურუსით არის მოცული. “თუ არ იქნება ეკონომიკური ინტერესი, არ ვართ დაინტერესებული იქ დარჩენით, ვიღაცასთან კონტრბალანსის შესაქმნელადო”, თქვა ამ ინტერვიუში პრეზიდენტმა ვორონინმა.

ადრე მოლდავეთი სხვა გაერთიანებიდან გასვლით იმუქრებოდა - კერძოდ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან. ასეთი ნაბიჯის გადადგმას, როგორც ცნობილია, არც უკრაინა და საქართველო გამორიცხავენ ... და საერთოდ, რახანია გამოითქმის შეფასება, რომ თანამეგობრობას დაშლა ემუქრება.

როგორც უნდა წარიმართოს ეს პროცესი, გერმანიაში მოღვაწე პოლიტოლოგი ალექსანდრ რარი სრულიად ბუნებრივად მიიჩნევს ალიანსების დაშლასა და განსხვავებული სახით შექმნას, როცა საქმე გარდამავალ პერიოდს ეხება.

[ალექსანდრ რარის ხმა] “შეიცვალა ერთი რამ. 90-იან წლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნები ღარიბები იყვნენ, რესურსების მხრივ დამოკიდებული დასავლეთსა და აზიაზე. დღეს კი ვითარება დრამატულად არის შეცვლილი. ამ ქვეყნებმა ეკონომიკური ზრდის მოულოდნელად მაღალ დონეს მიაღწიეს, ამდენად იზრუნებენ საკუთარ ინტერესებზე ერთმანეთთან ურთიერთობაში, შეეცდებიან გამონახონ საკუთარი გზა მომავალში საერთო მიზნების მისაღწევად”.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებს შორის ალექსანდრ რარი ორ ბანაკს ხედავს - მაშინ როცა ზოგი დასავლეთისკენ მიისწრაფვის (ლაპარაკია სუამის წევრებზე), რუსეთი ცდილობს სანდო მოკავშირეები გაინაღდოს შუა აზიაში.

[ალექსანდრ რარის ხმა] “რუსეთს ესმის, რომ აზრი არა აქვს რეინტეგრაციის ახალ მოდელზე მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის უკრაინა, ან საქართველო, რომლებიც დასავლეთზე არიან ორიენტირებული. ამიტომ მოსკოვმა გეზი აიღო აღმოსავლეთის მიმართულებით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისაკენ, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან მოსკოვთან რაიმე სახის ალიანსით.”

პოლიტოლოგი ალექსანდრ რარი, ისევე როგორც ბევრი სხვა ექსპერტი, მთავარ ინტერესად ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას მიიჩნევს.

და თუ სუამს დავუბრუნდებით - ბათუმის სამიტის თემებია ეკონომიკური განვითარება, ჰუმანიტარული დახმარება და თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში.
XS
SM
MD
LG