Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი “საშუალო ფორმაში” მყოფი ევროკავშირის თავმჯდომარის როლში


დღეიდან ევროკავშირს ახალი მორიგე თავმჯდომარე ჰყავს

- საფრანგეთი. არც თუ დიდი ხნის წინ ყველა ლაპარაკობდა პარიზის ამბიციურ გეგმებზე, მაგრამ დღეს ევროკავშირი იმდენად მწვავე კრიზისით არის მოცული ირლანდიაში ივნისში გამართული რეფერნდუმის შედეგად, რომ ბევრს ეჭვი ეპარება, საფრანგეთმა შეძლოს ევროკავშირის ერთიანობის მიღწევა. ასეა თუ ისე, დღეს საფრანგეთი 6 თვით სათავეში მოექცა ევროკავშირს

წუხელ ეიფელის კოშკი ევროპის დროშის ფრად - ლურჯად აელვარდა, მის ცენტრალურ ნაწილში ოქროსფერი ვარსკვლავების წრე იყო გამოსახული. ამ სანახაობის ხილვა ამ დღეებში ყოველ ღამეს იქნება შესაძლებელი. პოლიტიკოსთა განწყობა კი ნაკლებად საზეიმო ჩანს.

“რაღაც მთლად კარგად ვერ არის, სულაც ვერ არის კარგადო” - ეს სიტყვები თვით საფრანგეთის პრეზიდენტმა წარმოთქვა სატელევიზიო ინტერვიუში, რომლის მიცემაც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებით მოუწია.

არადა, მანამდე ათიოდე დღით ადრე გაცილებით უფრო ოპტიმისტურ განცხადებები კეთდებოდა. სარკოზი პირობას დებდა: ლისაბონის ხელშეკრულებაზე ირლანდიელების უარის მიუხედავად, პარიზი ყველა ღონეს მიმართავს ევროკავშირში ერთსულოვნების მისაღწევადო. [სარკოზის ხმა] “საფრანგეთის თავმჯდომარეობის როლი იქნება ევროპული ოჯახის გამთლიანება. და როცა ვამბობ გამთლიანებას, ვგულისხმობ 27-ვე წევრს. მეორე შეთანხმებაა ის, რომ გამორიცხულია ლისაბონის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების განახლება”.

მაგრამ ირლანდიელების უარს, შეიძლება ითქვას, გაგრძელება მოჰყვა... ამასობაში პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ხელს არ მოაწერს ლისაბონის ხელშეკრულებას (უკვე რატიფიცირებულს პოლონეთის პარლამენტში), რადგან მისი შეფასებით, მთელმა პროცესმა აზრი დაკარგა ირლანდიელების უარის შემდეგ. გერმანიაშიც - პრეზიდენტი ჰორსტ კოელერი ამ ეტაპზე თავს იკავებს ხელმოწერისაგან, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს არ დაუსრულებია ლისაბონის ხელშეკრულების წინააღმდეგ მიმართული საჩივრის განხილვა. საქმე ასევე სასამართლომდეა მისული მეზობელ ჩეხეთში: ლისაბონის ხელშეკრულებას განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის უარყოფით გადაწყვეტილებასაც არ გამორიცხავენ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საეჭვოა, საფრანგეთმა შეძლოს ევროკავშირის რეფორმირების ამბიციური გეგმის განხორციელება. ამ გეგმის პრიორიტეტებს პარიზელი პოლიტოლოგი, ოლივიე როზენბერგი განმარტავს: [როზენბერგის ხმა] “საფრანგეთს თავმჯდომარეობისას აქვს პრიორიტეტები, როგორიცაა გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, იმიგრაცია და სოფლის მეურნეობის სფეროში პოლიტიკის შეცვლა. პრობლემაა ის, რომ ეს საკითხები ჩრდილში ექცევა ინსტიტუციური პრობლემების გამო. ამას გარდა, ევროპა ნელია, რამდენიმე თვეში ვერ შეცვლი ევროპის კანონებს, ამას დიდი დრო სჭირდება”.

გამოდის, საფრანგეთს რთული ამოცანა ერგო - ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიების ფონზე. ამ ფონს დღეს პარიზი, მისი სახელგანთქმული ტრიუმფული თაღი ქმნიდა. ოფიციალური ცერემონია კი გუშინ გაიმართა, როცა საფრანგეთის წინამორბედი ქვეყნის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი რუპელმა 6 თვით თავმჯდომარეობა გადაულოცა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ბერნარ კუშნერს. ევროკავშირი “კარგ ფორმაშიაო”, - გაამხნევა რუპელმა ფრანგი კოლეგა, რომელმაც მიუგო - “ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ საშუალო ფორმაშიაო”...
XS
SM
MD
LG