Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


”სუამის ქვეყნების პრეზიდენტები დღეს ბათუმში ახალი ენერგეტიკული სტრუქტურის შექმნას განიხილავენ ”, - წერს დღევანდელი ”ნეზავისიმაია გაზეტა”.

პუბლიკაციის მიხედვით, ეს სტრუქტურა შეძლებს გააკონტროლოს რაოდენობა და ხარისხი რუსული გაზისა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის გავლით მიეწოდება. ამგვარი ცენტრის შექმნის იდეა უკრაინის პრეზიდენტის სამდივნოს ეკუთვნის და ექსპერტებმა იგი უკვე რუსული ინიციატივების ალტერნატივადაც მიიჩნიესო, - წერს გაზეთი.

”ნეზავისიმაია გაზეტა” უკრაინის მხარის ამგვარ წინადადებას ბათუმის სამიტის მთავარ ინტრიგად მოიხსენიებს. წინასწარი ინფორმაციით, გაზის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლის სადისპეტჩერო ცენტრში, სუამის წევრ ქვეყნებთან ერთად, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნებიც შევა.

ბათუმის სამიტთან დაკავშირებით ”ნეზავისიმაია გაზეტა” ექსპერტებს ესაუბრა. როგორც კიევის პოლიტიკური ანალიზის ინსტიტუტის დირექტორმა სერგეი ტოლსტოვმა განაცხადა, ეს სქემა სრულად ერგება უკრაინასა და ევროკავშირს შორის არსებულ ენერგეტიკულ მემორანდუმს. მან თქვა, რომ ,, იქმნება გარკვეული საერთაშორისო სახურავი საერთო ტრანზიტული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, თუმცა გაურკვეველია, როგორ შეხვდება ევროკავშირი ამ ცენტრის შექმნაში სუამის მონაწილეობას. მისივე თქმით, ასევე მთლად ნათელი არ არის პოზიცია აზერბაიჯანისა და მოლდოვასი, რომელთაც აშკარად არ სურთ მოსკოვთან ურთიერთობის გართულება. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად კი სერგეი ტოლსტოვი ასახელებს კრიზისს უმაღლეს რადაში და მის მიერ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი შეთანხმების რატიფიცირების შესაძლებლობას.

კიშინიოვის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის არკადი ბარბაროშის თქმით, მოლდოვას სიტუაცია ბუნდოვანია და არა მხოლოდ ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, არამედ საერთოდაც გაურკვეველია სუამის ფარგლებში მოლდოვას დარჩენის საკითხი. ”პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა ამას წინათ განაცხადა, რომ თუ პრედნესტროვიეს კონფლიქტის მოსაგვარებლად სუამიდან გამოსვლაა საჭირო, კიშინიოვი ამ ნაბიჯზე წავა”, - უთხრა ”ნეზავისიმაია გაზეტას” არკადი ბარბაროშმა.

ბაქოს მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის კონფლიქტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არიფ იუნუსოვი კი ამბობს: ,, სიცოცხლისუნარიანობა ამ სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებისა, რომლის შექმნაც, რაც უნდა ეკონომიკურ ამოცანებზე ვისაუბროთ, რუსეთის როლის შესუსტებისაკენ სწრაფვას უკავშირდება, თავად რუსეთზეა დამოკიდებული.” მისი აზრით, თუკი რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ კვლავ აგრესიული იქნება, სუამი კიდევ უფრო გაძლიერდება.

”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ, ქართველი ექსპერტის გიორგი ხუხაშვილის აზრით, მთავარი ამ სამიტზე ენერგეტიკული საკითხებია, მაგრამ სანამ ყველა კოზირი რუსეთს უჭირავს, ადეკვატური საპირწონის შექმნა სუამის საშუალებით, რომელსაც შეზღუდული რესურსი აქვს, შეუძლებელია.” თუმცა მსოფლიო პოლიტიკა სწრაფად ვითარდება და სუამის როლი, შესაძლოა, ერთბაშად შეიცვალოს”, - განაცხადა გიორგი ხუხაშვილმა.

რუსეთის ენერგეტიკულ გეგმებზე გუშინდელი ”იზვესტიაც” აქვეყნებს პუბლიკაციას და წერს, რომ ”გაზპრომი” აფხაზეთში გაზსადენის მშენებლობას გეგმავს. ,,არის იდეა არაღიარებულ რესპუბლიკაში აშენდეს გაზსადენი, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან წამოვა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, საკითხი მხოლოდ ახლა მუშავდება”, - განაცხადა ”გაზპრომის” წარმომადგენელმაო, - წერს გაზეთი ”იზვესტია”.




XS
SM
MD
LG