Accessibility links

პატიმარი ქალები საქმეების გადახედვას მოითხოვენ


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა თბილისის მე-5 დაწესებულების პატიმარმა ქალებმა,

საქმეების გადახედვის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია განაახლეს. ამ ინფორმაციას ავრცელებს ნანა კაკაბაძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, თუმცა შიმშილობის ფაქტს არ ადასტურებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, რომლის ინფორმაციითაც, პატიმარმა ქალებმა შიმშილობა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, პატრიარქის მოწოდების შემდეგ, შეწყვიტეს. რა ხდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეხუთე დაწესებულებაში და რას ითხოვენ პატიმარი ქალები?

შიმშილობის აქციაში, რომელიც მიმდინარე წლის რვიდან თვრამეტ ივნისამდე გაგრძელდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა თბილისის მეხუთე დაწესებულებაში მყოფი ორასი პატიმარი მონაწილეობდა. ნანა კაკაბაძის თქმით, მსჯავრდებული ქალები თავიანთი საქმეების გადახედვას მოითხოვდნენ:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „ასევე მოითხოვდნენ ვადამდელი პირობითი სასჯელების ამუშავებას და ყველა იმ შეღავათის განახლებას, რომელიც არსებობდა და რომელიც ქალებსა და არასრულწლოვნებს ეკუთვნით ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.“(სტილი დაცულია)

თუმცა პატიმრებმა შიმშილობა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შეწყვიტეს. ნანა კაკაბაძის თქმით, ქალბატონებმა პატრიარქის თხოვნა შეისმინეს და აქცია დროებით შეაჩერეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ პირველ ივლისს პატიმრებმა შიმშილობა განაახლეს, რაც რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში არ დაადასტურა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირინა ცინცაძემ:

[ირინა ცინცაძის ხმა] „არა, კაცო, რა შიმშილობა, საიდან მოიტანეთ? ქალები ელოდებიან პატრიარქისგან წერილს და, როცა მიიღებენ, მერე გადაწყვეტენ იშიმშილონ თუ არა.“(სტილი დაცულია)

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ასევე უარყოფს იმ ფაქტს, რომ პატიმარი ქალები პირობების გაუმჯებესებას ითხოვენ. დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ პატიმარი ქალბატონებისთვის აშენდა ახალი ბარაკი, სადაც დამონტაჟდა სველი წერტილების აუცილებელი რაოდენობა და, მთლიანობაში, ნორმალური ყოფითი პირობები შეიქმნა. ყოფითი პირობები ასევე გაუმჯობესდა სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, პატიმრების სიკვდილიანობა არ შემცირებულა. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში 14 პატიმარი გარდაიცვალა. ეს ამბავი სახალხო დამცველ სოზარ სუბარსაც აშფოთებს:

[სოზარ სუბარის ხმა] „შედიან ჯანმრთელი ახალგაზრდა ბიჭები და იქ კვდებიან იმის გამო, რომ არ მკურნალობენ, ვერ მკურნალობენ, იმიტომ რომ არავის ადარდებს მათი მკურნალობა და ჯანმრთელობა.“(სტილი დაცულია)

თუმცა სახალხო დამცველის აპარატი არც იმ ფაქტს უარყოფს, რომ სავალდებულო დაზღვევის შემდეგ პატიმართა სამედიცინო მომსახურება გაუმჯობესდა, მაგრამ, როგორც სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი ამბობს, პენიტენციურ სისტემაში ვითარება კვლავინდებურად მძიმეა:

[სოფო ხორგუანის ხმა] „ძალიან თვალში საცემი იყო კბილის ექიმი... მართალია, კბილის გამო ადამიანი არ მოკვდება, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივია. ზოგან არ არის სპეციალური სავარძელი, ზოგან კი სავარძელი არის, მაგრამ არ არის ექიმი. თუ კბილი აგტკივდათ, არავინ გიმკურნალებთ. უბრალოდ, ამოგიღებენ.“(სტილი დაცულია)

XS
SM
MD
LG