Accessibility links

logo-print

რას მისცემს ქვეყანას გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანება


საქართველოს ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებისათვის ემზადება: ორი უწყება - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა - უნდა გაერთიანდეს.

პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით, ხელისუფლებას სრული გარანტია აქვს, რომ ამ ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მაინც ფიქრობს, რომ ახალი ”მონსტრის”შექმნით ქვეყანაში, შესაძლოა, მართლმსაჯულება კიდევ უფრო შეიზღუდოს.


უწყებების გაერთიანება და ოპტიმიზაცია საქართველოს სინამდვილეში სიახლე არ არის. 2005 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, საქართველოში ერთბაშად რამდენიმე უწყება - შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები და სასაზღვრო პოლიცია - გაერთიანდა. როგორც 3 წლის წინ, საკონსტიტუციო ცვლილების ავტორები და მომხრეები ამჯერადაც დარწმუნებულნი არიან, რომ გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე ერთიანი უწყების ჩამოყალიბება დემოკრატიული რეფორმის ნაწილია, რაც ეფექტურს ქმნის მართვას და ხელს უწყობს სასამართლო და პენიტენციური სისტემის გამიჯვნას:

[მურთაზ ზოდელავა] ”შეიძლება საზოგადოების ნაწილმა აღიქვა, რომ ამ გაერთიანების შედეგად სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტიც იქნებოდა ამ სისტემის ფარგლებში. ეს ასე არ არის. პენიტენციური სისტემა გამოეყოფა, იქნება ცალკე საჯარო სამართლის იურიდიული პირი და იქნება ანგარიშვალდებული პირდაპირ პრეზიდენტთან.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ასეთი გაერთიანება ცნობილია ამერიკული მოდელის სახელით, რაც ურთიერთკონტროლისა და ბალანსის პრინციპს ეყრდნობა. თუმცა ამერიკული მოდელის ქართულ სინამდვილესთან თავსებადობას ძალიან საეჭვოდ მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე. როგორც გიორგი თარგამაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, საქართველოში მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობის გამო, გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს შერწყმამ შესაძლოა ქართულ მართლმსაჯულებაზე კიდევ უფრო მავნე ზეგავლენა იქონიოს:

[გიორგი თარგამაძე] ”ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა და კანონპროექტების მთელი პაკეტი ვერ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა გახდება უფრო მეტად ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე, კერძო საკუთრების დაცვაზე და ყველა ფუნდამენტური ღირებულების დაცვაზე.”(სტილი დაცულია)

წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ვერ აღმოაჩინეს ასევე პასუხი იმ მთავარ მოთხოვნაზე, რის საფუძველზეც ოპოზიციის ერთი ნაწილი დათანხმდა შესულიყო პარლამენტში:

[გიორგი თარგამაძე] ”გარდა ამისა, ჩვენ მემორანდუმზე მუშაობის დროსაც გვქონდა საუბარი და იყო გარკვეული შეთანხმება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის ბერკეტები გაიზრდებოდა პროკურატურაზე. აქ წარმოდგენილ ვარიანტში - ჯერჯერობით, ყოველ შემთხევაში, - ამ მიმართულებით გადადგმული რაიმე ნაბიჯი ვერ აღმოვაჩინეთ.”

საკონსტიტუციო ცვლილების მიმართ თავისი პრეტენზიები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ გორგი ჩხეიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანება უფრო ცხად დასაბუთებას საჭიროებს:

[გიორგი ჩხეიძე] ”მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროკურატურაზე, რომელიც სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს და, ამავე დროს, გამოძიებას, რამდენად თავსებადი იქნება, რომ სტრუქტურა იყოს იმავე მინისტრისა და დაწესებულების დაქვემდებარების ქვეშ, რომელშიც ეხლა არის უფასო იურიდიული დახმარება, ანუ დაცვის სამსახური სახელწმიფოს ხარჯზეა? რამდენად პენიტენციური სისტემა თავსებადი იქნება ამ სტრუქტურასთან მიმართებაში?” (სტილი დაცულია)


თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განმარტავენ, რომ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებას მართლმსაჯულებასთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვს და თანაც ამ შემთხვევაშიც ცვლილება სწორედ კონკრეტულ ადამიანებზეა ორიენტირებული. პარლამენტის იურიდიულ საკიხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს მურთაზ ზოდელავას ასეთი არგუმენტი მოაქვს:

[მურთაზ ზოდელავა] ”მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი არის ექსპერტიზის ბიურო. ძალიან ხშირ შემთხვევებში, როდესაც დავა წარმოიშობოდა სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის, კონკრეტული საკითხების გასარკვევად მოქალაქეები მიმართავდნენ ექსპერტიზის ბიუროს, რომელიც, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურას. ამ ცვლილებების შედეგად, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გაემიჯნება იუსტიციის სამინისტროს.” (სტილი დაცულია)

საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტი, რომელიც გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს შერწყმას ითვალისწინებს, პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით შევიდა. თუმცა საკონსტიტუციო ცვლილების მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს წინ საკმარისი დრო აქვთ საკუთარი შეხედულებების შესაჯერებლად, რადგან დოკუმენტის განხილვა საკანონმდებლო ხელისუფლებაში მხოლოდ შემოდგომაზე დაიწყება.
XS
SM
MD
LG