Accessibility links

logo-print

საქართველოს ყოველი მეოთხე მოქალაქე სხვა ქვეყანაში ცხოვრების სურვილს გამოთქვამს


ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანიის „გელაპის“ მიერ 82 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი მზადაა

დატოვოს სამშობლო და საცხოვრებლად რომელიმე სხვა ქვეყანაში გადაბარგდეს. ასევე ირკვევა, რომ ყველაზე მეტად სამშობლო სიერა ლეონეს რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ მოძულებული. დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყნის მოსახლეობის 65 პროცენტი მზადაა სამუდამოდ დატოვოს მშობლიური მხარე და ბედი სხვაგან ეძებოს. „გელაპის“ თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან 34 პროცენტით ლიდერობს მოლდოვა, რომელსაც - შესაბამისად, 28 და 26 პროცენტით - აზერბაიჯანი და საქართველო მოჰყვებიან. ვის და რატომ სურს საქართველოს დატოვება და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წასვლა?

[ისმის სიმღერა] „ჩემო სიამაყე, ჩემო სადარდელო, ჩემი საქართველო აქ არის...“

სიამაყის, დარდისა და სიყვარულის მიუხედავად, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების პირველი ნახევრიდან მოყოლებული, სამშობლო საქართველოს ასიათასობით მოქალაქემ დატოვა, თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი თამაზ გუგუშვილი განმარტავს, მიგრაციის სფეროში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს:

[თამაზ გუგუშვილის ხმა] „რამდენია მსურველი, რამდენმა მიიღო მოქალაქეობა, ამ სტატისტიკას ჩვენ არ ვფლობთ. ჩვენ უფრო ვიცით, ხე-ტყე რამდენი კუბური მეტრი გადის, ვიდრე რამდენი ადამიანი გადის საქართველოდან და რჩება თუ არა გარეთ. 1998 წელს მცდელობა იყო, მიღებული იქნა კანონი მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო იყო ქვეყნიდან გამსვლელ მოქალაქეს დაეფიქსირებინა სად მიდიოდა და რამდენი ხნით.“ (სტილი დაცულია)

ხელისუფლებამ მიგრაციის მართვის მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ახლახან დაიწყო. აღსანიშნავია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება. მინისტრი იულონ გაგოშიძე ამბობს, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიგრაციული სალდო თითქმის ნულს გაუტოლდა, ანუ გასული და დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისგან:

[იულონ გაგოშიძის ხმა] „რასაკვირველია, დიასპორა შეიქმნა წინა წლებში. ამას ლაპარაკი არ უნდა. მაგრამ გაცხოველებული მიმოსვლა ახლაც არის, მაგრამ მიზეზებია განსხვავებული. შეიცვალა ფონი, მიზეზი. ადამიანები სამუშაოს საძებნელად მასობრივად არ მიდიან სამშობლოდან. ცოტა, მაგრამ სამუშაო ადგილები ჩვენთანაც გაჩნდა. და, რაც მთავარია, ბევრი წავიდა უკვე.“

წასულთა შორის კი, რიგითების გარდა, ასევე არიან საქვეყნოდ ცნობილი მოქალაქეები. ნიმუშად გამოდგება თუნდაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი, რომელიც წლების განმავლობაში ავსტრალიაში ცხოვრობს და რომლის უკან, სამშობლოში, დაბრუნება სცადა საქართველოს პრეზიდენტმა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „სანეევი, რომელმაც დატოვა საქართველო, ეს იყო დაშლილობის და განადგურების ერთ-ერთი სიმბოლო. სანეევი, რომელიც ბრუნდება საქართველოში, ეს არის ახალი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო გამოვლინება.“(სტილი დაცულია)

თუმცა, პრეზიდენტის სურვილის მიუხედავად, ვიქტორ სანეევი სამშობლოში ვერ დაბრუნდა. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ მან კვლავ მიაშურა ავსტრალიას, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. მაინც რა არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადამიანები მზად არიან დატოვონ მშობლიური კუთხე და ბედის საძიებლად სხვა ქვეყანაში გადაიხვეწონ?

[მამაკაცის ხმა] „ყურადღებას არ გვაქცევენ, ამის გამო იძულებული გავხდებით დავტოვოთ საქართველო და წავიდეთ საზღვარგარეთ. არანაირი შეღავათი არ არსებობს ჩვენთვის...“

ცხადია, საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველაზე ხშირად სამშობლოდან წასული ადამიანები მატერიალურ სიდუხჭირეს გაურბიან, თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, არიან გამონაკლისებიც:

[დემურ გიორხელიძის ხმა] „ძალიან ცოტა, თითო-ოროლა ადამიანი თუ შეიძლება მოიძებნოს ისეთი, ვისაც უნდა, რომ წავიდეს სამუდამოდ თავისი ქვეყნიდან. ვფიქრობ, ეს კატეგორია ადამიანებისა არ თამაშობს დიდ როლს საერთო მიგრაციულ პროცესში. ყველა ცდილობს თავი გადაირჩინოს და ოჯახისთვის სარჩო-საბადებელი მოიძიოს, მაგრამ პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში, თუკი მეტ-ნაკლებად მისაღები სამუშაო ადგილით იქნება უზრუნველყოფილი, უდიდესი უმრავლესობა უკან დამბრუნებელია.“

თუმცა, თუ გელაპის გამოკვლევას დავუჯერებთ, საქართველოს მოქალაქეების 26 პროცენტი უპრობლემოდ იცხოვრებდა სხვა ქვეყანაში. ვითარებაში გარკვევის მიზნით რადიო ”თავისუფლებამ” თბილისის ქუჩებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა:

[მამაკაცის ხმა] „სამოგზაუროდ წავიდოდი, მაგრამ საცხოვრებლად არა. აქაც მშვენივრად ვგრძნობთ თავს.“

[მამაკაცის ხმა] „გარემოს აქვს დიდი მნიშვნელობა. აქ ყველა ნაცნობია, ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლოა და აქ მირჩევნია. თან, როგორც ვიცი, ბევრი შემთხვევებია ტრეფიკინგის და არც ისე იოლია იქ ცხოვრება.”

[მამაკაცის ხმა] „სასწავლებლად წავიდოდი. საცხოვრებლად არა, რადგანაც მაინც სამშობლოა და ვერ დატოვებ, ნოსტალგია შეგაწუხებს...“
XS
SM
MD
LG