Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”რა შეცდომები დაუშვა რუსეთმა აფხაზეთში” - ასეთი სათაურით ”რეზონანსში” ქვეყნდება ინტერვიუ ზურაბ შენგელიასთან,

რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შენგელია ამბობს: ”რუსეთი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მას მსოფლიოს მიმართ იმის ვალდებულება აქვს, რომ კავკასიაში ომი არ იქნება, მაგრამ ეს ვალდებულება რეალობაში ვერ ხორციელდება: ჩეჩნეთში წამოწყებული ომი დაღესტანსა და ინგუშეთში გავრცელდა, ყაბარდოში მძიმე მდგომარეობაა. კავკასიის გამგებლის როლი რომ დაიმკვიდროს, რუსეთი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის მეთოდებით მოქმედებს: აფხაზეთში იწყებს, ერთი მხრივ, რკინიგზის მშენებლობას და, მეორე მხრივ, უტოვებს იქ პარტიზანებს იმის საშუალებას, რომ ერთი ”შპალის” აფეთქებით ოლიმპიადის ჩატარება ეჭვქვეშ დააყენოს.” - ზურაბ შენგელია ამბობს იმასაც, რომ აფხაზეთის პოლიტიკურ სპექტრს (ხელისუფლების გარდა) რკინიგზა არ უნდა, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ამ რკინიგზის მშენებლობით გარემოს დიდი ზიანი ადგება და პლაჟიდან 10 მეტრის დაშორებით გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი ტურიზმის განვითარებას ხელს შეუშლის. ამასთან, შენგელიას თქმით, აფხაზებმა იციან, რომ რკინიგზის გაყვანა ენგურის მეორე მხრიდან მიგრაციის გაძლიერებას გამოიწვევს.

აფხაზეთის კონფლიქტს ეხება რუსი ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის სტატია, რომელსაც ”24 საათი” ბეჭდავს. ”გასულ კვირაში ჩვენი საგარეო უწყება გამოვიდა გამაოგნებელი ოფიციალური განცხადებით იმის შესახებ, თითქოს, მოსკოვს საჭიროდ არ მიაჩნია ქართულ მხარესთან კიდევ ერთხელ დებატების გამართვა - განსაკუთრებით, აფხაზეთში აპრილსა და მაისში დამატებითი სამშვიდობო კონტინგენტისა და სარკინიგზო სამხედრო შემადგენლობის შეყვანის კანონზომიერების თაობაზე. ჩვენი საგარეო უწყების განცხადებით, რუსმა მშვიდობისმყოფელებმა კიდევ ერთხელ შეაჩერეს დაძაბულობის ესკალაცია და გააგრილეს ქართველ პოლიტიკოსთა ”გახურებული თავები”, რომლებიც აფხაზეთის წინააღმდეგ ”ბლიცკრიგს” გეგმავდნენ. თუმცა, თუ დიპლომატები უარს ამბობენ საუბარზე, პოლიტიკას სხვა ადამიანები ჰკიდებენ ხელს, თანაც - სხვა საშუალებებით”, - წერს პაველ ფელგენგაუერი.

პრესაში კვლავ აქტუალურია გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებისა და იმის გარკვევა, თუ ვინ შეიძლება გახდეს მისი ლიდერი მომავალში, გაზეთების საშუალებით ერთმანეთს კვლავაც ”ესაუბრებიან” პარლამენტში შესული და პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები. ლეიბორისტი გიორგი გუგავა ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”სააკაშვილი გარიგების შედეგად დატოვეს პრეზიდენტად. ეს არის ფაქტი. ამ ფაქტს ვერ გაექცევიან და მათ სინდისზე არის ის არჩევნების შედეგები, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დადგა. 300 ათასი კაცი სახლში გააბრუნეს. დანგრეული იყო სააკაშვილის რეჟიმი. მაშინ ხვდებოდნენ ცხვარიჭამიაში, შოპინგებზე, კანცელარიაში, რესტორნებში. თუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებისთვის დაფარულია ყველაფერი და მათ გარდა ეს შეხვედრები არავინ იცის, ძალიან მიუქარავთ”, - ამბობს გუგავა.

არჩევნების შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს ”ახალი მემარჯვენეების” და ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე: ”7 ნოემბრის მერე არჩევნები დასაშვებად მიიჩნია სააკაშვილმა და საერთაშორისო საზოგადოებამაც. მაგრამ 5 იანვრის არჩევნებზე ეს უკანასკნელნი ბევრად ობიექტურ პოზიციაზე რომ დამდგარიყვნენ, მერწმუნეთ, სულ სხვა შედეგს მივიღებდით”, - ფიქრობს კაციტაძე, რომელთან ინტერვიუსაც ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს.

”შეკვეთით ლიდერები არ ხდებიან. სიტუაცია გამოაჩენს. შემოდგომაზე იქნება კრიზისი. უმძიმესი ვითარებაა, სოციალური, პოლიტიკური, მორალური. ამ ვითარებაში ვინც ადეკვატური იქნება, ის იქნება ლიდერიც”, - ასე უპასუხებს გუბაზ სანიკიძე ”ალიას” კორესპონდენტის შეკითხვას გაერთიანებული ოპოზიციის მომავალი ლიდერის ვინაობაზე. ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუხდა ასევე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, კონსერვატორთა ლიდერს ზვიად ძიძიგურს, ოღონდ კითხვა მას ”ჯორჯიან ტაიმზის” კორესპონდენტმა დაუსვა. ძიძიგური ამბობს: ”ლიდერები არ ინიშნებიან. ლიდერები თვითონ ჩნდებიან. აქტიურობის დროს გამოჩნდება, ვინ იქნება ლიდერი - პოლიტიკური ძალა თუ პოლიტიკური პერსონა. შეიძლება კუკავა იყოს, შეიძლება ისევ გაჩეჩილაძე იყოს.”

იმავე ”ალიას” ფურცლებზე ირაკლი მელაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილ წევრებზე ამბობს: ”თორთლაძე და ცაგარეიშვილი თავის დროზე მართლა იყვნენ გაერთიანებული ოპოზიციის ღირებული ფიგურები; გაერთიანებულ ოპოზიციაში პაატა დავითაიას ყოფნით ჩვენ არც არაფერი მოგვმატებია და არც არაფერი მოგვკლებია. მაგრამ ჯონდი ბაღათურია ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციის მინუსი იყო.”

”ყველა სიახლეში” ჯონდი ბაღათურიას მოსაზრებებსაც გაეცნობით გაერთიანებულ ოპოზიციაზე: ”სამწუხაროდ, დათო გამყრელიძე ეწეოდა ფარულ ინტრიგულ მოქმედებებს, ხშირად ჩვენს ზურგს უკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, ევაჭრებოდა მათ მანდატებზე. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ მისი კომენტარი და მე ეს შენახული მაქვს: თუკი რამდენიმე ოლქი ჩაიშლება, პარლამენტში შესვლაზე ვიფიქრებთო. ასეთ შემთხვევაში დაახლოებით 8 მანდატი დაგვემატებოდა და აქედან 4 კაცი გამყრელიძის იქნებოდა. მე ამ საკითხებზე საუბარს თავს ვარიდებ და ამიტომ ვურჩევ ენა დაიმოკლონ გამყრელიძემაც და კუკავამაც”, - ეს გახლდათ ნაწყვეტი ჯონდი ბაღათურიასთან ინტერვიუდან. მას ”ყველა სიახლის” კორესპონდენტი ესაუბრა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG