Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 დღიანი პროგრამა - ეკონომიკის ხელშეწყობა თუ წინასაარჩევნო კამპანია


საქართველოს მთავრობის სიღარიბის დაძლევის 50 დღიანი პროგრამა ოპოზიციის წარმომადგენლებმა

დიდი ხანია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიად შეაფასეს. დაახლოებით ანალოგიური დასკვნა გამოიტანეს ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” – ”სოროსის ფონდისა” და ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ავტორებმა, რომლებმაც 50 დღიანი პროგრამა შეისწავლეს. ამ კვლევის შედეგებისა და მასზე მმართველი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების შესახებ მინდა გესაუბროთ.

ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა” და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში 50 დღიანი პროგრამის ყველა მიმართულებას შეეხება. მათ შორისაა იაფი სესხების პროგრამა. 25 წლიანი და 4 პროცენტიანი კრედიტი 100-მა საწარმომ უნდა მიიღოს. ამით საქართველოს მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობასა და სიღარიბის შემცირებას გეგმავს. საპირისპირო დასკვნამდე მივიდა კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” წარმომადგენელი, ირინა ლაშხი.

[ირინა ლაშხის ხმა] ”არსებობს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც სიღარიბის დაძლევის სრულფასოვან ინსტრუმენტებად ვერ მიიჩნევა. ასეთია, მაგალითად, იაფი სესხების პროგრამა, რომელშიც სახელმწიფო, წესით, არ უნდა ერეოდეს. სამწუხაროდ, იაფი სესხის პროგრამა უფრო წინასაარჩევნო ნაბიჯს ჰგავს და ის ნაკლებად არის დაახლოებული ეკონომიკურ თეორიასა თუ პრაქტიკასთან.”

”სოროსის ფონდის” ამგვარ შეფასებას არ ეთანხმება ამავე ფონდის ყოფილი დირექტორი, ახლა კი მმართველი პოლიტიკური პარტიის სიით არჩეული დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”პირველ რიგში, იაფი სესხის პროგრამა სამუშაო ადგილების გენერირებაზე იყო გათვლილი. სამუშაო ადგილების გენერირებაზე, თორემ წმინდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან ეს არ იყო გამართლებული. მაგრამ ეკონომიკასთან ერთად ძალიან მწვავე სოციალური პრობლემების დაძლევაც არის საჭირო და აქ ეკონომიკა, სოციალური სფერო და პოლიტიკა უნდა დაბალანსდეს ხოლმე. ”(სტილი დაცულია)

იაფი სესხის პროგრამის გარდა, ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მოხსენებაში გაკრიტიკებულია არასაბიუჯეტო ფონდების - მაგალითად, ”მომავლის ფონდის” - დაფინანსების წყაროები. ამ ფონდში თავს უნდა იყრიდეს პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა კი, ამის ნაცვლად, ”მომავლის ფონდში” ევროობლიგაციებიდან მიღებული თანხები მოხვდა. 50 დღიანი პროგრამის ანალიზის ავტორებმა ევროობლიგაციების გამოშვების ფაქტიც გააკრიტიკეს და ფოთში ინდუსტრიული ზონის შექმნაც. ირინა ლაშხის კომენტარი:

[ირინა ლაშხის ხმა] ”თავისუფალი ზონები ზრდის სოციალურ უთანასწორობას ქვეყნის რეგიონებს შორის, იწვევს ინვესტიციების გაქცევას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, მაშინ როდესაც თანაბარი ლიბერალიზაციის პირობებში ეს თანაბრად გადანაწილდებოდა.”

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის ამგვარ დასკვნას არ იზიარებს ”სოროსის ფონდის” ყოფილი დირექტორი და ახლა მმართველი პოლიტიკური ძალის ახალი წევრი, დავით დარჩიაშვილი:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”არასამთავრობო სექტორის ფუნქცია ეს არის, რომ შენიშვნები დადოს, მაგრამ ძალიან უჭირს არასამთავრობო სექტორს ალტერნატიული წინადადებები დადოს. აბა, თუ არა ეს, მაშინ რა? და აი, აქ არის პრობლემა. მთავრობას აქვს კურსი, აი, ასეთი... ოპოზიციას ან ოპონენტებს არა აქვთ ალტერნატიული კურსი. თუ არა ეს, - აბა, რა?”(სტილი დაცულია)

ერთადერთი, რაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ 50 დღიანი პროგრამის ირგვლივ მომზადებულ ანგარიშში დადებითადაა შეფასებული, საშემოსავლო გადასახადის მოსალოდნელი შემცირება და პროცენტებსა და დივიდენდებზე გადასახადების განულებაა.
XS
SM
MD
LG