Accessibility links

logo-print

გალის რაიონის ქართული მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსგან სრულ იზოლაციაში რჩება... ვინ აგებს პასუხს მათ უსაფრთხოებაზე?


3 ივლისს ამოიწურა ვადა, რომელიც გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონში გადასულებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკან დასაბრუნებლად მისცა.


3 ივლისის შემდეგ ენგურის ხიდზე აღარავის გადაატარებენ. ენგურის გასწვრივ პირობითი საზღვრის ჩაკეტვის შედეგად, გალის რაიონში ჩარჩენილმა აბიტურიენტებმაც შემოვლითი გზებით მოახერხეს ზუგდიდის რაიონში გადასვლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გასავლელად. ვრცელდებოდა ცნობები, რომ დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აბიტურიენტების ოჯახებზე ახორციელებდნენ ზეწოლას, რათა ახალგაზრდებს ნებაყოფლობით ეთქვათ უარი საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე.. მანამდე, სანამ პირობითი საზღვარი ჩაკეტილია, გალის რაიონის მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსგან სრულ იზოლაციაში რჩება..

ომის შემდეგ გალის რაიონში ნებაყოფლობით, დაუგეგმავად დაბრუნებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ცნობები განსხვავებულია..ამ ადამიანების ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია, რადგან უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის პირობებში მუდმივად მოძრაობენ გალიდან ზუგდიდის რაიონის მიმართულებით და პირიქით.. ასე იყო ბოლო დღეებამდე, სანამ, სოხუმსა და გაგრაში მომხდარი აფეთქებების საბაბით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის პირობით საზღვარზე მიმოსვლას აკრძალავდა. შეკითხვას, რამდენი ქართველი დაბრუნდა ბოლო წლებში გალის რაიონში, რამდენი ქართველი სახლობს იქ დღესდღეობით, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ქიშმარია უპასუხებს, რომ დაბრუნებულთა რაოდენობა 70 000 ათასს აღწევს..ასეა თუ ისე, გალის რაიონში სიცოცხლის რისკით, ბედის ანაბარად დაბრუნებულებს საქართველოს მხარე დაბრუნებულებად ვერ განიხილავს. როგორც ჩვენთან საუბრისას ამას წინათ პარლამენტის წევრმა შოთა მალაშხიამ აღნიშნა, ბოლო წლების მანძილზე აფხაზეთში გაეროს ვერიფიკაციით 213 დევნილია დაბრუნებული, ანუ დაბრუნებლად 213 შეიძლება იქნეს მიჩნეული.

[გალის მოსახლეების ხმები]

”არ შეგვეძლო თავის გატანა იქ, დევნილობაში, და დავბრუნდით. ყველა ვბრუნდებით.”

”როცა პირველად გადმოვდიოდი ენგურის ხიდზე, მანამდე, სანამ ამ 850 მეტრს გავივლიდი, ერთი კოლოფი სიგარეტი მოვწიე, ისე მეშინოდა. მაგრამ მოვედი აქ. ”

აცხადებდნენ გალის რაიონში ნებაყოფლობით, საკუთარი ინიციატივით დაბრუნებული ქართველები გალის რაიონში არსებული ვითარების შესახებ გადაღებულ ერთ დოკუმენტურ ფილმში.

როგორ მდგომარეობაში არიან ისინი დღეს, როცა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს შემოწმებები, როცა გადაკეტილია ენგურის ხიდი? გალის რაიონი დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებულია და დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი რუსლან ქიშმარია აცხადებს, რომ ქართველებით დასახლებულ რაიონში ვითარება კონტროლდება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები დაცულია:

[რუსლან ქიშმარიას ხმა] ” უსაფრთხოებაზე აქ პასუხისმგებელი აფხაზეთის რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურებია. საზღვრის გადაკეტვის ფაქტი არ ასახულა ცხოვრებაზე, მოსახლეობა ამ ღონისძიებას გაგებით შეხვდა. თუ არის ექსტრემალური შემთხვევები, პრობლემებს ინდივიდუალურად განვიხილავთ. დანარჩენი... ცხოვრება არის მშვიდი, მშვენიერი და, თუ ენგურის გაღმიდან ჩვენი მეგობრები ხელს არ შეგვიშლიან, წინ ვივლით. ”

როდის გახსნის დე ფაქტო ხელისუფლება პირობით საზღვარს საქართველოსთან? ამ შეკითხვაზე სოხუმში კონკრეტული პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. თუმცა, როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას აღნიშნა, ღონისძიება დროებითია.

ზუგდიდის რაიონის მომიჯნავე გალის რაიონი საქართველოს ის არაკონტროლირებადი ნაწილია, რომელსაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მრავალჯერ გადაუარა ტერორის ტალღამ.. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია შედის უსაფრთხოების ზონაში, სადაც მშვიდობას რუსეთის სამშვიდობო ძალები უნდა უზრუნველყოფდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა წლების მანძილზე დევნას, ერთდროულად, აფხაზებისგანაც განიცდიდა და რუსი ჯარისკაცებისგანაც.. განსაკუთრებით მძიმე გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობისთვის 1997-99 წლები იყო. მაშინ ხელახლა გადაიწვა გალის რაიონის სოფლებში აღდგენილი სახლები, ხელახლა მოხდა ტერიტორიიდან ქართული მოსახლეობის განდევნა. გალის რაიონიდან ხელმეორედ დევნილი 40000 ადამიანი გახდა. მარტო 1998 წლის მაისიდან, 1998 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით, გალის რაიონში 87 მშვიდობიანი მოსახლე დახვრიტეს, მათ შორის - 17 ქალი.. მიუხედავად დევნის და უფლებების დარღვევის ფაქტებისა, გალის რაიონში, საკუთარ სოფლებში, ადამიანები მაინც დაბრუნდნენ - ისევ სპონტანურად, უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის პირობებში. მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე დღესაც პასუხი სეპარატისტულ რეჟიმსა და რუსეთის სამშვიდობო ჯარს მოეთხოვება.. საქართველოს მხარის დაჟინებული მოთხოვნით, გალის რაიონში არცთუ დიდი ხნის წინ გაიხსნა გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, მის მუშაობას ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საქმეში ეფექტი არ მოუტანია.


XS
SM
MD
LG