Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 754-ე გამოშვება

პირველი სათემო რადიოსადგურები საქართველოში

წამყვანი:
ორი წლის წინ, 2006 წელს, შეიქმნა. უპირატესად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მარნეულისა და ნინოწმინდის რაიონებში მაუწყებლობა აზერბაიჯანულ, სომხურ, ქართულ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს, თუმცა იმის გამო, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია უარს ამბობს ლიცენზიის გაცემაზე, სათემო რადიოებში მომზადებული მასალები, ულტრამოკლე ტალღების ნაცვლად, ნინოწმინდისა და მარნეულის რაიონულ ცენტრებში დამონტაჟებული რეპროდუქტორების მეშვეობით ვრცელდება. არადა, თავის დროზე პროექტს, რომელიც ნახევარი მილიონი ევრო დაჯდა, საფუძველი ჩაეყარა ევროგაერთიანების ინიციატივის – დემოკრატიის, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის, ქსენოფობიისა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის - ფარგლებში. ინიციატივას ასევე მხარი დაუჭირა გლობალური კონფლიქტების პრევენციის ბრიტანულმა საბჭომ, ფონდებმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ და „ევრაზიამ“. ჯიმშერ რეხვიაშვილი გესაუბრებათ იმის თაობაზე, თუ რა არის სათემო რადიო და რა უშლის მის დამკვიდრებას საქართველოში.


[დიქტორის ხმა] „რადიო ”ნორი”. ახალი ამბები ყოველდღე...“

ჯიმშერ რეხვიაშვილი:
სათემო რადიოს გადაცემების მოსმენა ნინოწმინდასა და მარნეულში მცხოვრებ ადამიანებს შინიდან გაუსვლელად არ შეუძლიათ. ინფორმაციის წყურვილის მოსაკლავად მათ რაიონულ ცენტრში დამონტაჟებულ რეპროდუქტორთან უნდა მოიყარონ თავი, თუმცა, როგორც მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელი კამილა მამედოვა ამბობს, გასაკვირი არ არის, რომ გასული საუკუნის ორმოციანი წლების მეთოდებით გავრცელებული ინფორმაცია საგრძნობლად მოიკოჭლებს ხარისხში და ძნელი აღსაქმელია:

[კამილა მამედოვას ხმა] „რუპორების რაოდენობა არ შეცვლილა, მაგრამ გადაცემის ხარისხი მაინც გაუარესდა. ჩვენ არ ვიცით რა არის ამის მიზეზი. ისე, იმის გამო, რომ სტუდიასა და ხმის გამაძლიერებლებს შორის დიდი მანძილია, ყოველთვის მოიკოჭლებდა ხარისხი, რომელიც ზამთრის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა.“

კამილა მამედოვას კოლეგა, ნინოწმინდის სათემო რადიოს თანამშრომელი კარინა ღარსლიანი ამბობს, რომ ჟურნალისტები მსმენელისთვის სისტემატურად ამზადებენ ოპერატიულ და ობიექტურ ინფორმაციას, რომლის ძირითადი მიზანი, გართობასთან ერთად, თემის პრობლემებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაა:

[კარინა ღარსლიანის ხმა] „სამშაბათს და ხუთშაბათს ერთსაათიანი მუსიკალურ–გასართობი პროგრამა გვაქვს. ოთხშაბათს და პარასკევს კი საინფორმაციო მუსიკალური. მოსახლეობას მოსწონს, მაგრამ ჩვენი დანაკლისი ის არის, რომ მხოლოდ რაიონის ცენტრში ვმაუწყებლობთ.“

არადა, ნინოწმინდის სათემო რადიომ და ასოციაცია „სტუდია რემ“, ქვეგრანტორმა ორგანიზაციამ, რომელიც „აირექს ევროპასთან“ ერთად ახორციელებს სათემო რადიოების პროექტს, მაუწყებლობის სივრცის გაფართოების, ანუ ულტრამოკლე ტალღებზე მაუწყებლობის, ლიცენზიის მიღების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. მამუკა ყუფარაძე, „სტუდია რეს“ ხელმძღვანელი, განმარტავს:

[მამუკა ყუფარაძის ხმა] „კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არაფრით არ გამოაცხადა კონკურსი ამ ტერიტორიებზე. მიზეზი არის ყოველთვის აბსურდული და გაუგებარი. სულ გადააქვთ ხან ექვსი თვით, ხან სამი თვით... ხან აზომვები კეთდება, ხან კიდევ რაღაც და დღემდე ვართ გაუგებრობაში.“

ვითარებაში გასარკვევად, ანუ იმის გასაგებად, თუ რატომ ეუბნებიან სათემო რადიოს ლიცენზიის მიღებაზე უარს, რადიო ”თავისუფლება“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს კარლო კვიტაშვილს დაუკავშირდა.

[კარლო კვიტაშვილის ხმა] „ჩვენთან საერთოდ ასეთი წესია: პრესმდივანს მიმართავთ და ის აკეთებს ყველაფერზე კომენტარს.“

პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა კი რადიო ”თავისუფლებას” ურთიერთობის წერილობითი ფორმა შესთავაზა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა 27 ივნისს გაგზავნილ შეკითხვას 2 ივლისს უპასუხა:

[ხატია ყურაშვილი] „გაცნობებთ, რომ ”სტუდია რე”-ს ხელმძღვანელობის ყველა განაცხადზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ იმსჯელა და დასაბუთებული პასუხები ვადების გათვალისწინებით გაუგზავნა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილებით, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ სამაუწყებლო სფეროში ლიცენზიების გაცემის პროცედურა პრიორიტეტების დადგენამდე შეაჩერა.“(სტილი დაცულია)

თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხად, სახალხო დამცველი ამბობს, რომ უარის მიზეზი თითიდანაა გამოწოვილი. სოზარ სუბარის თქმით, ფორმალურად დამოუკიდებელი კომისია რეალურად ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას ემორჩილება:

[სოზარ სუბარის ხმა] „პოლიტიკური ნება საქართველოში დღეს ისეთია, რომ რაც მეტად იქნება ჩახშული თავისუფალი სივრცე, რაც მეტად იქნება კონტროლირებადი სიტყვის თავისუფლება, რაც უფრო მეტად იქნება ლაგამამოდებული სიტყვა ზოგადად, მით უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს ხელისუფლება. ეს არის მთავარი მიზეზი და ამ პირობებში ხელისუფლება ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი რადიო და ზოგადად საინფორმაციო კერა გაჩნდება, მით უფრო მეტი პრობლემა შეექმნება მას. ამიტომ არის, რომ არ უნდა სათემო რადიოების გახსნა.“

მოსაზრებას, რომ სათემო რადიოების სრულფასოვან ამუშავებას ხელისუფლება აფერხებს, „სტუდია რეს“ ხელმძღვანელიც იზიარებს. მამუკა ყუფარაძის თქმით, ხელისუფლებას უპირატესად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მხარეებში დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების ამუშავების ეშინია, თუმცა, როგორც ზვიად ქორიძე, კონსულტანტი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის და „სტუდია რეს“ ერთობლივი პროექტისა „ვაკეთებთ სათემო რადიოს“, განმარტავს, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ხელისუფლების შიში უსაფუძვლოა:

[ზვიად ქორიძის ხმა] „მაღალი არის მიუკერძოებლობის მოთხოვნა ასეთ პატარა გარემოში, ასეთ პატარა სივრცეში, იმიტომ რომ იქ ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის პრობლემატიკა ძალიან კარგად იციან, თუმცაღა აინტერესებთ რაც შეიძლება მეტი გაიგონ საკუთარ თემზე. სათემო რადიოს პრინციპი ზუსტად ეს არის: გავაკეთოთ რადიო თემისთვის, გავაკეთოთ თემის მონაწილეობით და თემის პრობლემებზე. ჩვენ გავიზიარეთ ბრიტანეთის გამოცდილება, ვიყავით ლონდონში, მანჩესტერში, ბელფასტში და ჩრდილოეთ ირლანდიის რამდენიმე ქალაქში, სადაც დიდი პრაქტიკა აქვთ სათემო რადიოებს.“

[ისმის სიმღერა Queen – Radio Ga Ga]

თუმცა, დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, რადიოს, მით უფრო ისეთ ახალ ხილს, როგორიცაა სათემო რადიო, საქართველოში არავინ უმღერის. არადა, თუ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დავუჯერებთ, ქვეყანაში მოკლეტალღოვანი რადიოსადგურების კარგად განვითარებული ქსელი ფუნქციობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქართველ და უცხოელ პარტნიორთა კონსორციუმი, რომელსაც ”ბი-ბი-სი ვორლდ სერვის ტრასტი” (BBC World Service Trust) ხელმძღვანელობს, ორ წელიწადზე მეტია, უშედეგოდ ელოდება საქართველოში სათემო რადიოების ლიცენზირებას. სხვათა შორის, სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის გადამღები ჯგუფი მარნეულისა და ნინოწმინდის სათემო რადიოების ლიცენზირებასთან დაკავშირებული პრობლემის გასაშუქებლად საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. რაც უნდა ვთქვათ, რადიო უყვართ ბრიტანეთში.


რუმინული კინოს ფესტივალი საქართველოში
წამყვანი:
1 ივლისს თბილისში, კინოთეატრ ”რუსთაველში”, რუმინული კინოს ფესტივალი გაიხსნა. ფილმების ჩვენების პარალელურად გაიმართა შეხვედრები რუმინელ რეჟისორებთან, მოეწყო მრგვალი მაგიდა ფილმების ერთობლივი წარმოების შესახებ. ფესტივალის მიმდინარეობას ჩვენი კოლეგა გიორგი გვახარია ადევნებდა თვალს.

გიორგი გვახარია:
ჯერ კიდევ 5 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო კინოს სამყაროში სერიოზულად დაინტერესდებოდნენ რუმინული ფილმებით. სხვათა შორის, იმავე პოლონური, ჩეხური თუ უნგრული კინოსგან განსხვავებით, რუმინული კინემატოგრაფი არც კომუნიზმის ეპოქაში გამოირჩეოდა განსაკუთრებული მიღწევებით; კი, რუმინეთში მუშაობდნენ ნიჭიერი რეჟისორები, მაგრამ ჩაუშესკუს მმართველობის წლებში, კინემატოგრაფისტთა უმრავლესობას არ ჰქონდა საშუალება მაქსიმალურად გამოეხატა თავისი შესაძლებლობები. მერე კომუნიზმი დაემხო, რუმინეთი აგერ უკვე ევროკავშირის წევრი გახდა, მაგრამ ქვეყანას გარკვეული დრო დასჭირდა კინოხელოვნების აღორძინებისთვის...თუმცა, როგორც გაირკვა, არცთუ ისე დიდი დრო: მაშინ როცა უნგრელები, პოლონელები, ნაწილობრივ, ჩეხები ჯერ კიდევ ცდილობენ თავიანთ კინოხელოვნებას წარსული დიდება დაუბრუნონ, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული ”გარდამავალი ხანა” მაინც ვერ სრულდება, რუმინელი რეჟისორები ყველაზე ავტორიტეტული კინოფესტივალების ლაურეატები ხდებიან. მაგალითისთვის თუნდაც კრისტიან მუნჯიუს სურათი ”4 თვე, 3 კვირა და 2 დღე” კმარა - ფილმი-სენსაცია, რომელიც - არც მეტი, არც ნაკლები - კანის შარშანდელი კინოფესტივალის ”ოქროს პალმის” ლაურეატი გახდა, ფილმი, რომლითაც გაიხსნა რუმინული კინოს დღეები საქართველოში. ფესტივალის გახსნის დღეს ეროვნული კინოცენტრის კოორდინატორს ანა ძიაპშიპას ვესაუბრეთ. ანას ვკითხეთ, რატომ აირჩია ფესტივალის ორგანიზატორმა, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა, მაინცდამაინც რუმინული კინო.


[ანა ძიაპშიპას ხმა] ”ვიფიქრეთ, რომ ჰგავს ქართულ სიტუაციას რუმინეთი ზოგადად და ვიფიქრეთ, კარგი მაგალითი იქნებოდა ქართული სტუდიებისთვის და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის, გაითვალისწინონ მათი გამოცდილება - ეს უეცარი აყვავება რუმინული კინოსი გამოგვადგეს მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ქართული კინო განვითარდეს მომავალში.”(სტილი დაცულია)

”რა მსგავსებას გულისხმოთ?” - ვკითხეთ ანას...ქართული და რუმინული ფილმების სტილისტურ მსგავსებას, რომელიც შეიმჩნეოდა 70-იან, 80-იან წლებში? იმას, რომ რუმინელებიც და ქართველებიც იძულებულნი იყვნენ იგავის ფორმისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა, რადგანაც ცენზურა მკაცრად აკონტროლებდა კინოხელოვნებას, თუ იმას, რომ პოსტკომუნისტურ ეპოქაში საქართველოშიც და რუმინეთშიც, ფაქტობრივად, მთლიანად დაინგრა კინოწარმოება?

[ანა ძიაპშიპას ხმა] ”თავისი ისტორიით, წარსულით. პრინციპში, დღესაც რომ ველაპარაკებოდი რუმინელ სტუმარს, რაღაც სიტუაციითაც ჰგავს კინოს სფეროში - მონოპოლიზირებული სიტუაციით, ფონდების ნაკლებობით ასევე მსგავსია. თუმცა მათ უკვე აქვთ გამოცდილება საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის, ფული მეტი შედის, კანონები შეცვალეს, დასწიეს გადასახადები...ამიტომ ვიფიქრეთ, რომ რუმინელების გამოცდილების გაზიარება საჭიროა.”(სტილი დაცულია)

დიახ, დისკუსიაში, რომელიც რუმინული კინოს ფესტივალის დროს გაიმართა, კინოწარმოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. შემთხვევითი არაა, რომ რუმინული კინოს დღეების ორგანიზატორია ეროვნული კინოცენტრი... კინოხელოვნების რეფორმა რუმინეთშიც და საქართველოშიც თითქმის ერთნაირად დაიწყო - კულტურის სამინისტროსთან შეიქმნა კინოცენტრი, გამოცხადდა კონკურსები, ახალგაზრდა რეჟისორებს გამოეყოთ მცირე გრანტები...მათ კი მინიმალური თანხებით შეძლეს პატარა შედევრების გადაღება... ეს სურათები ნახეს ევროპაში, რუმინული კინოხელოვნებით დაინტერესდნენ ევროპული ფონდები და შედეგიც თვალსაჩინოა: შარშან, შარშანწინ გადაღებული რუმინული ფილმები, რომლებიც თბილისის ფესტივალზე უჩვენეს, ევროპული ფონდების მიერაა დაფინანსებული. თბილისში ჩამოსულმა რუმინელმა კინემატოგრაფისტებმა - რენატე როგინასმა (მან ლექცია წაიკითხა ერთობლივი დაფინანსების შესახებ), დანიელ მიტულესკუმ, ალექსანდრუ სოლომონმა - გვიამბეს, როგორ შეიძლება ამ ფონდებთან მუშაობა, ანუ როგორ შეიძლება ვიშოვოთ ფული ფილმის გადასაღებად. სხვათა შორის, ალექსანდრუ სოლომონის ფილმი ”ტალღები” რადიო ”თავისუფლების” ისტორიას ასახავს. ამ რეჟისორთან ინტერვიუს ჩვენი რადიო ერთი კვირის შემდეგ შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG