Accessibility links

logo-print

რა შეიცვალა ბიზნესის გახსნისა და დახურვის წესის შეცვლით


საქართველოში ბიზნესის წარმოების გამარტივების მიზნით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა. ერთი ნაწილი ბიზნესის რეგისტრაციის კიდევ უფრო გაიოლებას

შეეხება, მეორე ნაწილი კი ბიზნესის დახურვას. თუ ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით საქართველოში რეფორმები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, ბიზნესის დახურვა, ანუ გაკოტრება, ბოლო დრომდე პრობლემად რჩებოდა. მინდა ამ სფეროში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გესაუბროთ.

საქართველომ გასულ წელს ბიზნესის გამარტივების გამო საუკეთესო ადგილები დაიკავა საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც ბიზნესის წარმოების დინამიკას ასახავდნენ. წელს საქართველოში ბიზნესის დაწყება, ანუ კომპანიის რეგისტრაცია, კიდევ უფრო გამარტივდა. თუ აქამდე, მაგალითად, ”შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების” რეგისტრაციისთვის საჭირო იყო 200 ლარიანი საწესდებო კაპიტალი, ახლა ეს მოთხოვნაც გაუქმდა. აღარ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭედი და კომპანიის რეგისტრაცია განაცხადის შეტანისთანავე ხორციელდება. მეწარმეები ამ ცვლილებას დადებითად აფასებენ, თუმცა ზოგიერთი ეჭვს მაინც გამოთქვამს. თუ რა აეჭვებს მეწარმეების ნაწილს, მშენებლობის ბიზნესით დაკავებულმა პიროვნებამ ონერი ძოძუამ აგვიხსნა:

[ონერი ძოძუას ხმა] ”ბიზნესი კი, ბატონო, დაიწყე, მაგრამ მომავალში რა იქნება, არავინ არ იცის. კანონები იცვლება ყოველ წუთს... არავინ არის იმაში დარწმუნებული, რა იქნება დღევანდელი საქმის ხვალინდელი მომავალი.”(სტილი დაცულია)

რეგისტრაციის შემდგომ პრობლემებზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანიაც:

[დავით ნარმანიას ხმა] ”რეგიტრაციის დროს სერიოზული პრობლემები არ ექმნებათ წვრილ და საშუალო ბიზნესს. მერე ექმნება პრობლემები, როცა განაკვეთები ერთი და იგივეა, როცა რთულია დავების მოგვარების სისტემა საქართველოში და ასე შემდეგ.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, საქართველოში ყოველთვიურად იზრდება კომპანიის რეგისტრაციის მსურველთა რიცხვი. თუ განხორციელებულ ცვლილებებამდე ყოველწლიურად საქართველოში იურიდიულად 20 ათასამდე საწარმო იქმნებოდა, ახლა ამ რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. მთავრობის კანცელარიის უფროსის, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის კომენტარი:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ეს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად რეგისტრირდება, ისინი ხომ გიჟები არ არიან. ისინი 5 წლის წინ რატომღაც მაგას არ აკეთებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ამის გაზომვა შესაძლებელი იქნება რამდენიმე წლის შემდეგ, იმის შეფასება, თუ რა გაკეთდა.”(სტილი დაცულია)

თუ კომპანიების რეგისტრაცია აქამდეც გამარტივებული წესით ხორციელდებოდა, დღემდე პრობლემას წარმოადგენდა კომპანიის დახურვა, საქმიანობის შეწყვეტა, ანუ გაკოტრება. ძველი კანონმდებლობის რთული პროცედურების გამო, იდეალურ შემთხვევაში, გაკოტრებას 3 წელზე მეტი სჭირდებოდა, თუმცა ესეც ვერ ხერხდებოდა უამრავი ბიუროკრატიული ბარიერის გამო. შესაბამისად, ზარალდებოდნენ კრედიტორები, რაც საქართველოს სამეწარმეო გარემოს უარყოფით მხარეს წარმოადგენდა. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება, რომელიც სექტემბრამდე ამოქმედდება, გაკოტრების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. კომპანიის სრულფასოვან დახურვას მაქსიმუმ 5 თვე დასჭირდება. ეს დრო კი კრედიტორების ინტერესების დაკმაყოფილებას და სხვა პროცედურების შესრულებას მოხმარდება. ამ ცვლილებას ასე აფასებს ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავა:

[ნათია თურნავას ხმა] ”პრინციპში დადებითი მოვლენაა იმ საწარმოებისთვის, რომლებიც წლების მანძილზე იმყოფებიან გაკოტრების რეჟიმში - მათ ახალი პერსპექტივა უჩნდებათ სწრაფად, ასევე კრედიტორებისთვის, რომლებიც წლები ელოდებიან ვალების ამოღებას, ნაწილობრივ მაინც ამოიღებენ; ასევე სახელმწიფოსთვის და ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ უფრო სწრაფად მოხდება მესაკუთრეთა თაობების ცვლა, რაც ზოგადად კარგია.”(სტილი დაცულია)

ამ ცვლილებების შედეგად, შეიცვლება ვითარება როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო საწარმოებში. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას ახორციელებს. გაკოტრების ეფექტური მექანიზმის უქონლობის გამო კი სახელმწიფოს ბალანსზე არსებული უამრავი შენობა თუ საწარმო თანდათან ინგრევა, ვერც მევალეების გასტუმრებას ახერხებს და სულ უფრო და უფრო კარგავს საბაზრო ღირებულებას.
XS
SM
MD
LG