Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტულ რეგიონებში ვითარების დაძაბვის პასუხად საქართველო თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის


კვლავ დაძაბულია ვითარება ცხინვალის რეგიონში, სადაც მესამე დღეა შეზღუდულია საავტომობილო მიმოსვლა. ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის


ინფორმაციით, დანარჩენ საქართველოსაა მოწყვეტილი პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფლები, რომლებიც მას შემდეგ აღმოჩნდნენ იზოლაციაში, რაც სოფელ დმენისში არაღიარებული რესპუბლიკის მილიციის წარმომადგენელი მოკლეს. ცხინვალის რეგიონში ვითარების დაძაბვას ოპერატიულად გამოეხმაურა საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის ლიდერი. სერგეი ბაღაფში თბილისს მეორე ფრონტის გახსნით ემუქრება, თუმცა, როგორც 5 ივლისს გამართულმა პარლამენტის რიგგარეშე სესიამ აჩვენა, თბილისში სეპარატისტების მუქარის არ ეშინიათ, მაგრამ საპასუხო ზომების მისაღებად თადარიგს მაინც იჭერენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საქართველოს სპეცსამსახურებიის მიერაა ინსპირირებული. სეპარატისტთა მტკიცებით, თბილისსს დამუშავებული აქვს გეგმა, რომელიც არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტრატეგიული სიმაღლეების, ობიექტების, გზების, უღელტეხილებისა და დასახლებული პუნქტების აღებას ითვალისწინებს. გეგმის არსებობაში ეჭვი არ ეპარება საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის ლიდერს სერგეი ბაღაფშს, რომელიც ცხინვალელ კოლეგებს, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, შეიარაღებულ მხარდაჭერას ჰპირდება:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] „გუშინ, დილის ხუთ საათზე, ჩემი ბრძანებით, აღმოსავლეთის დაჯგუფების ჯარები ზუგდიდის მიმართულებით გადავისროლეთ. გავჩერდით უსაფრთხოების ზონის საზღვართან, მაგრამ თუ ცხინვალის დაცხრილვა არ შეწყდება და საბრძოლო მოქმედებებს ექნება ადგილი, ჯარს საქართველოს საზღვრისკენ დავძრავთ. სახრეთ ოსეთთან გაფორმებული გვაქვს სამხედრო ხელშეკურულება. ასე რომ, ომი მხოლოდ სამხრეთ ოსეთში ან მხოლოდ აფხაზეთში არ იქნება.“

სერგეი ბაღაფშის ამ მუქარანარევი განცხადებისა არ ეშინიათ თბილისში. უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ რეალურად აფხაზეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის საფრთხე არ არსებობს:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] „აქ სხვა კონტექსტი იკითხება. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იმართება ერთი სამართავი პუნქტიდან, სავარაუდოდ, „გრუ“-დან, რომელიც სიტუაციის ბალანსირებას ახდენს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებში ესკალაციის მატებით. თუკი სიტუაცია გართულდება აფხაზეთში, მაშინ აუცილებლად ამოქმედდება ოსეთის მანქანა და თუ სამხრეთ ოსეთში იქნება დაძაბულობა, მაშინ ვითარება აფხაზეთშიც გართულდება, რათა მოხდეს ქართული პოლიტიკისა და სამხედრო პოტენციალის ორ ფრონტზე გაყოფა.“(სტილი დაცულია)

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ძალებისა და რესურსების ორ ფრონტზე განაწილება, შესაბამისად, მოითხოვს ხარჯების გაზრდას. უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის ამ მოსაზრებას სრულად იზიარებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში. საქმე ისაა, რომ ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებების წყალობით, თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის ბიუჯეტი, რომელიც ერთი მილიარდ ასი მილიონი ლარით განისაზღვრებოდა, 295 მილიონით გაიზარდა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა ამბობს, რომ ხარჯის მატება საფრთხეებისა და რისკების ინტენსივობისა და ალთბათობის ზრდას უკავშირდება:

[ნიკა რურუას ხმა] „გაზრდილი დაფინანსების ძირითადი მიზანი გახლავთ საჰაერო და საზღვაო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, რის საჭიროებაც გამოიკვეთა საქართველოს წინააღმდეგ საჰაერო საშუალებების აქტიურ გამოყენებაში. მაგალითები, სამწუხაროდ, ბევრია, რამდენიმეს დავასახელებ: ეს არის უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდება, სულ საქართველომ სამი თვითმფრინავი დაკარგა. დაიბომბა ზემო აფხაზეთი, წითელი უბანი და ასე შემდეგ. გაზრდილი დაფინანსება ასევე გამოყენებული იქნება საბრძოლო მხარდაჭერის, ლოჯისტიკის, საინჟინრო და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.“ (სტილი დაცულია)

ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით დაფინანსების გაზრდის წინააღმდეგი არც ოპოზიციონერი დეპუტატები არიან, თუმცა ჯონდი ბაღათურია ერთ დათქმას მაინც აკეთებს:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „მივესალმები თავდაცვის ხარჯების ზრდას, ჩვენ გვჭირდება ძლიერი არმია. ჩვენს არმიას კარგი შეიარაღება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე.“

სხვათა შორის, ჯონდი ბაღათურიას სურვილი აქვს ოპოზიციის კვოტით შევიდეს ნდობის ჯგუფში, რომლის ფუნქცია ძალოვანი უწყებების საიდუმლო საქმიანობისა და დახურული საბიუჯეტო მუხლების შესრულებაზე კონტროლია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიციის რიგებიდან ნდობის ჯგუფს ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე და ფრაქციის თავმჯდომარე გია თორთლაძე შეავსებენ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG