Accessibility links

logo-print

რატომ ითხოვს რუსეთი ასე დაჟინებით საქართველოსაგან ძალის გამოუყენებლობას


მიუხედავად პერმანენტული დაძაბულობისა,

ბოლო კვირა სახიფათოდ გამორჩეული აღმოჩნდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის ზონაში მომხდარი დივერსიული და ტერორისტული აქტებით. ახალი საომარი ესკალაციის ზღვარზე თითქოს ლოგიკური ჩანს მოკონფლიქტე მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და თავდაუსხმელობის თაობაზე შეთანხმების გაფორმება, მაგრამ რუსეთის ამ წინადადებას სახიფათოდ მიიჩნევს თბილისი, რომელსაც საკუთარი არგუმენტი და მოთხოვნა აქვს. სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რა შემთხვევაში მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება მიზანშეწონილად თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას.

ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე რუსეთი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააფორმოს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმება სოხუმსა და ცხინვალთან. კრემლი დარწმუნებულია, რომ ასეთი შეთანხმების გაფორმება განმუხტავს სიტუაციას და შესაძლებელს გახდის ცენტრსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის დიალოგის განახლებას პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მშვიდობიანად მოწესრიგების თაობაზე. ცოტა ხნის წინ, ევროსაბჭოში ყოფნის დროს, ოფიციალური რუსეთის ეს ურყევი პოზიცია რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში დაადასტურა ევროსაბჭოში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩევმა:

[კონსტანტინ კოსაჩევის ხმა] "კერძოდ, იურიდიულად გაფორმება თბილისის ვალდებულებისა არ გამოიყენოს სამხედრო ძალა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების გზაზე. ასევე იურიდიულად უნდა გაფორმდეს თბილისის მიერ ადრე გაკეთებული განცხადება, რომ რუსეთის ბაზების გატანის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აღარ განთავსდება მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზა. ვიმეორებ, ეს იყო ხელისუფლების განცხადება, რომელიც არ არის გაფორმებული. ასევე საჭიროა ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, შემსუბუქდეს რუსულენოვანი მოსახლეობისა და თვით რუსული ენის სტატუსი. ბოლო დროს საქართველოში ჩვენ ამ მხრივაც ვგრძნობთ გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებს. და ძალიან ვისურვებდით, რომ ამან არ მიიღოს სისტემური სახე."

კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო ვალდებულებაა და მის შესრულებაზე საქართველოს არასოდეს უთქვამს უარი. შესაბამისად, იბადება კითხვა: რატომ იკავებს თბილისი თავს კიდევ ერთხელ - და ამჯერად ხელშეკრულების სახით - დააფიქსიროს ეს ვალდებულება და რუსეთს სალაპარაკო აღარ დაუტოვოს? ამ შეკითხვით რადიო “თავისუფლებამ” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მიმართა.

[დავით ბაქრაძის ხმა]“ჩვენ არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო ძალის არგამოყენების პრინციპის მიმართ, მაგრამ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი: ნებისმიერი შეთანხმება კონფლიქტის მოგვარების თაობაზე აუცილებლად უნდა ასახავდეს დევნილების დაბრუნების აუცილებლობას და ვერანაირი კონფლიქტის მოგვარება, მათ შორის მშვიდობიანი გზით, ვერ შედგება, თუ არ მოხდა დევნილების დაბრუნება. ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს პაკეტში დევნილების დაბრუნების შეთანხმებასთან და, მეორე, ჩვენთვის მიუღებელია ის ფორმა, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი რუსი კოლეგები. ჩვენ არ მოვაწერთ ხელს შეთანხმებას საქართველოსა და აფხაზეთს ან საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, თითქოს ეს გახლავთ დამოუკიდებელი, სუვერენული და მეზობელი ქვეყნები. თუ ჩვენ გვსურს შევთანხმდეთ ძალის არგამოყენების პრინციპზე, ეს პრინციპი ძალიან მკაფიოდ უნდა არეგულირებდეს, რომ ეს არის ძალის არგამოყენება საქართველოს შიდატერიტორიული კონფლიქტის მოწესრიგების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. დავაფიქსიროთ შეთანხმებაში, დოკუმენტში, რომ ეს კეთდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მაშინ ჩვენ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრობლემა არ გვექნება. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, რუსეთის მიერ შემოთავაზებული ფორმით, რაც გულისხმობს ირიბ აღიარებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ბუნებრივია, ასეთი ფორმა ჩვენთვის მიუღებელია.”(სტილი დაცულია)

არა მხოლოდ ირიბი, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პირდაპირი აღიარებისაკენ საქართველოს ხელისუფლებას ცოტა ხნის წინ მოსკოვის მერმა და მმართველი ”ედინაია რასიას” ერთ-ერთმა ლიდერმა, იური ლუჟკოვმაც, მოუწოდა. ანუ რუსეთის მოტივაცია ნათელია: იგი მოუწოდებს საქართველოს არ გამოიყენოს ძალა, უარი თქვას ჰიპოთეტური მესამე ქვეყნების სამხედრო ბაზების განთავსებაზე და ასევე გამოიყვანოს ყოველგვარი დამატებითი ძალა კოდორის ხეობიდან. თუმცა თავად არავითარ პასუხისმგებლობას არ კისრულობს იმაზე, რომ კოდორის ხეობაში არ განმეორდება 1993 წლის ივლისის ისტორია, როდესაც ძალთა დაშორიშორების შესახებ შეთანხმება სეპარატისტთა მასირებული შტურმით და სოხუმის დაცემით დასრულდა.
საქართველოს ხელისუფლებას არ სურს წინამორბედის შეცდომების განმეორება. ასეთი ნაბიჯი პოლიტიკური დამარცხების ტოლფასია მიხეილ სააკაშვილისათვის, რომელიც იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამარჯვებისაკენ გაძღოლის დაპირებას იძლეოდა:


[მიხეილ სააკაშვილი] ” მე მინდა გითხრათ, თუ რა არის ყველაზე მარტივი გზა პროვოკაციების თავიდან აცილებისა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში: არსებობს ძალიან მარტივი და მოკლე გზა - დავნებდეთ, შევუერთდეთ რუსეთის ფედერაციას, ვაღიაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, უარი ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე და მაშინ არ იქნება პროვოკაცია, იქნება სიწყნარე და სიმშვიდე და, შესაძლოა, ბევრმა ვიღაცამ შეგვაქოს. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ნაციონალური მოძრაობა, ამ გზაზე ვიაროთ? ”

[დარბაზი] ”არა, არა!”

[მიხეილ სააკაშვილი] ”მაშინ წინ, გამარჯვებებისკენ!”

მაგრამ გამარჯვებებისკენ საქართველოს ძნელად სავალი გზა ელოდება. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ზედიზედ მომხდარი ტერორისტული აფეთქებები, რომელთა შემსრულებელთა ვინაობა, ალბათ, არასოდეს გახდება ცნობილი, თითქმის საბოლოოდ სპობს დიპლომატიური გზით კონფლიქტების გადაჭრის შესაძლებლობას და გზას უხსნის ძალადობის ახალ ტალღას, რომელიც არავინ იცის, თუ სად გამოხეთქავს ჯებირებს ტროტილითა და ასაფეთქებელი საშუალებებით სავსე კონფლიქტის ზონებში.
XS
SM
MD
LG