Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ნატა მურვანიძე გასულ კვირაში დღიურს წერდა

მსახიობი ნატა მურვანიძე.



29 ივნისი, კვირა
თუ ჩავთვლით, რომ ჩემთვის დღე წინა დღის ღამით იწყება, მაშინ ჩემი კვირადღე შაბათს, ღამის 12 საათზე დაიწყო. პირველი, რაც გავაკეთე, ჩემს მეგობრებს გავუგზავნე მეილი ვარშავაში.
ვიცი, რომ მელოდებიან. გავაგზავნე და ახლა უკვე ჩემი მოლოდინი იწყება...
მე და ამ ჩემს პოლონელ მეგობრებს თეატრი გვაერთიანებს. მათაც აწუხებთ ის, რომ თეატრი რაღაცნაირად გაემიჯნა საზოგადოებას. დღეს მხოლოდ სანახაობად იქცა და თითქოს დაკარგა თავისი უმთავრესი ფუნქცია: საზოგადოებას, ქვეყანას, ადამიანებს ელაპარაკოს.
ამაზე ბევრი გვისაუბრია მაშინაც, ნოემბრის დღეებში, როცა ისინი თითქმის ყოველდღე მირეკავდნენ ვარშავიდან და წარმოუდგენლად ახლოს მიიტანეს გულთან ის, რაც საქართველოში ხდებოდა. საოცარი იყო მათი თანაგანცდა და თანადგომა!
მერე თბილისში ადამ მიხნიკი ჩამოვიდა და, ალბათ, ყველაფერ ამის გამოც იყო, რომ მის ჯგუფში მუშაობას დავთანხმდი. არ ვიცი, რა გავაკეთეთ და რა გამოვიდა, მაგრამ ნამდვილად ძალიან ვცდილობდით...
დილას პატარა მაკამ გამაღვიძა. აქედან გამომდინარე, დილა კარგად დაიწყო. დღეს მანიუს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე აქვს. დიდი მაკას სპექტაკლ “კონკიაში”, რომელიც – არც მეტი, არც ნაკლები – რუსთაველის თატრში გაიმართება, წრუწუნას, შემდეგ კვიცს და შემდეგ – “ტარტალეტკას” ცეკვავს!
დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ამბავს. რაც თავი მახსოვს, ჩვენი დიდი ოჯახის ყველა წარმომადგენელს (გოგოებს ვგულისხმობ) სიტყვა “ოცნება” ბალეტის საოცარი სამყაროს აღმოჩენიდან გაუჩნდათ ლექსიკონში.
მე, ეკა, ანუკა, თეონა, დეიკო, ნათია - ყველანი ბალერინობაზე ვოცნებობდით. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერც ერთმა ვერ შევაბიჯეთ ამ საოცარ სამყაროში. ოცნება ხელოვნების ამ დარგის სიყვარულში გადაიზარდა.
რუსთაველის თეატრში დიდი ალიაქოთია, სამიდან 9 წლამდე ბავშვები სასაცილო და ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილები დარბიან, ლამაზდებიან, ნერვიულობენ... ვერ ასწრებენ გრიმის გაკეთებას. ყველაზე აქტიურები 3-დან 5 წლამდე ბავშვები არიან. ძალიან საყვარლები დგანან, რიგში ჩამწკრივებულები, და მორჩილად ელოდებიან. მივხვდი, რომ ერთი გრიმიორი ამდენს ვერ აუვიდოდა და ჩემი კანდიდატურა შევთავაზე ასისტენტის როლზე. სიხარულით დამთანხმდა. ვიკითხე, რა არის გასაკეთებელი-მეთქი. პომადა წაუსვი და გაუშვიო - მითხრა.
და დაიწყო საოცრება! ეს პაწაწინები ისე მიშვერდნენ პაწაწინა ტუჩებს, გეგონებოდა, მათ ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარაო. ვინ უფრო ბედნიერი იყო ამ მომენტში – მე თუ ისინი – არ ვიცი. ალბათ მე.
სპექტაკლს კულისებიდან ვუყურებდი, თან ვიდეოკამერით ვიღებდი, რაც სცენაზე ხდებოდა და მივხვდი, რომ ამ დღეს სიყვარულით და ბედნიერებით ავივსე.
შემდეგ იყო ყვავილები, მილოცვები... წარმოდგენის დამთავრების შემდეგ, ტრადიციულად, გუგა კოტეტიშვილის კაფეში წავედით, სადაც, როგორც ყოველთვის, სასიამოვნო საღამო გავატარეთ და კვირას მისულები ორშაბათს წამოვედით იქიდან.
სახლში დავბრუნდით და ორმა მაკამ – რომლებმაც ძალიან საპასუხისმგებლო დღე ხუთიანზე ჩააბარეს – დაიძინა.
მე ნიკას და დათას ველოდები. მათ დღეს სპექტაკლი ჰქონდათ – “ქაქუცა ჩოლოყაშვილი” – და, რა თქმა უნდა, ტრადიციული “როგორ ჩაიარას?” გარეშე რა ფასი აქვს სპექტაკლის თამაშს?..

30 ივნისი, ორშაბათი
ბატონ ჯემალ მონიავასთან განსაკუთრებული ურთიერთობა “ურიელ აკოსტას” რეპეტიციებზე და შემდგომ უკვე სპექტაკლების თამაშის დროს ჩამომიყალიბდა. რეპეტიციები სოფიკოს და კოტეს ეზოში ტარდებოდა ორი წლის წინ, ივლისში.
ცხელოდა... მაგრამ ჩვენი ურთიერთობით, რეპეტიციებით, ბედნიერები ვიყავით და ვერ ვგრძნობდით იმ გაუსაძლის სიცხეს. სპექტაკლის დაწყების წინ რომ ჩავდიოდი, ბატონი ჯემალი უკვე ოცხელის ლეგენდარულ ატმოსფეროში იჯდა. ლამაზი, წარმოსადეგი...
კოცნას გავუგზავნიდი და პასუხს ჩურჩულით ვიღებდი - “აბა შენ იცი მამიკო!”.
დღეს კი ბატონი ჯემალი ჩვენს შორის აღარ არის... ძალიან გვტკივა ყველას, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა.
გასვენებიდან ყველამ მარჯანიშვილის თეატრში შევიარეთ. საგრიმიოროდან წამოსაღები გვქონდა ჩემი ნივთები, რადგან სექტემბრამდე აღარ მჭირდება.
შვებულება...
მე შვებულება მაქვს, მაკუნას კი – პრემიერა. ხვალ, 8 საათზე, მარჯანიშვილში მცირე სცენა იხსნება. არაჩვეულებრივი ახალი სივრცე - თეატრი სხვენში. იხსნება შნიცლერის “ფერხულით”, რომელიც ლევან წულაძემ განახორციელა და სადაც პატარა მაკუნას მონაწილეობა შესთავაზეს.
დღეს დახურული ჩვენებაა, სადაც მაკუნას ხათრით ჩვენ შეგვიშვეს – მეცინება.
“პრაგონი” საღამოს 10 საათზე დაიწყო და საკმაოდ გვიან დამთავრდა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სპექტაკლი სახლამდე მიმყვა. სპექტაკლზე ფიქრში დამეძინა და სამშაბათს როცა გავიღვიძე, აღმოვაჩინე, რომ გუშინდელ სპექტაკლზე ვფიქრობდი.

1 ივლისი, სამშაბათი
დღეს პრემიერაა. მე და ნიკუშამ გადავწყვიტეთ, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მაკუნასთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა. და თეატრთან მდებარე “სანტა-ესპერანსაში” შევიარეთ. საკმაოდ დიდი ხანი დავყავით იქ. მივხვდით, რომ ნახევარი მაღაზიის წამოღება მოგვინდა; როგორც ყოველთვის, როცა წიგნის ამ არაჩვეულებრივ მაღაზიაში შევდივართ ხოლმე.
დიდი წვალების შემდეგ ოთხი წიგნით დავკმაყოფილდით. მაკუნას პლასტელინი შევუძინეთ, დათას ერთი წიგნი, დანარჩენი – ჩვენ.
სპექტაკლისთვის მზადებაა თეატრში. ახალი სივრცე, ახალი სპექტაკლი... მსახიობები, შემოქმედებითი ჯგუფი, ტექპერსონალი ერთმანეთში ირევიან. ყველა ნერვიულობს და თავის წილ უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. ყველას სხვადასხვა როლი აკისრია, მაგრამ ერთი სურვილი აერთიანებს – მაყურებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქონ. საოცარი გრძნობაა, როდესაც ამდენი ადამიანი, ერთმანეთზე ზრუნვით, ერთ საქმეს აკეთებს და ეს საქმე სხვისთვის სიამოვნების მინიჭებას ემსახურება.
ქალბატონ მაკუნას თმა დავვარცხნე. ყველაფერი თვითონ უნდა, რომ გაიკეთოს. ხედავს, რომ მსახიობები თვითონ უვლიან თავს და ცდილობს, თვითონაც დიდი გოგო იყოს. სცენაზე პეპლები დაფრინავენ. ისინი მხოლოდ ერთ დღეს ცოცხლობენ. მსახიობიც თავის პერსონაჟს ერთ საღამოში გააჩენს და შემდეგ აქრობს.
ისიც ერთი დღისთვის ცხოვრობს. ხანდახან მეც ვფიქრობ –რისთვის? მთელი ცხოვრება ერთი დღისთვის? და, მიუხედავად ამ ფიქრებისა, დღეს ჩემი 6 წლის შვილი სცენაზე დგას და სულელივით მიხარია.
ორ კვირაში ჩემი 18 წლის შვილი დათა, რომლის სიცილიც დღეს პარტერიდან მომესმა, დიდ სცენაზე ითამაშებს. მაშინაც სულელივით გამეხარდება, რომ ერთი დღისთვის იმუშავა ამდენი.
პრემიერამ ჩაიარა. მილოცვები... ბედნიერი სახეები, ბანკეტი... და ოთხშაბათს, ღამის 2 საათზე დავბრუნდი სახლში.
ყველამ დაიძინა, მე კი გუშინ ნაყიდი წიგნი მელოდება. ცოტას წავიკითხავ და დავიძინებ.

2 ივლისი, ოთხშაბათი
მეორე პრემიერის დღე.
საოცარი წიგნი შემიძენია დღეს! თავიდანვე ეჭვი მქონდა. ირინა დარჩიას “ფერის ფენომენი ბერძნულ ტრაგედიაში”. ძალიან საინტერესოა. აივანზე გამოვედი. ყვავილებს დავუსხი წყალი და ვტკბები მათი სილამაზით. თან მეამაყება, შეთავსებით აგრონომიც რომ ვარ. 70-მდე მცენარე მყავს, ვგიჟდები მათ მოვლაზე და გადარგვა-გადმორგვაზე.
აივანზე დავჯექი და სილამაზით გარშემორტყმულმა კითხვა გავაგრძელე.
დღეს მაკუნას რეკლამაში იღებენ. 1 საათზე ობიექტზე მიმყავს ქალბატონი. იქცევა კარგად, პროფესიონალივით, ცოტა სასაცილოდ. რაც ყველაზე საინტერესოა, ასჯერ იმეორებს დავალებას და არ ბეზრდება. რეკლამაში გურამ ფირცხალავასთან ერთად თამაშობს – ვითომ ბაბუა და შვილიშვილი არიან. ბატონი გურამი რაღაცებს უყვება და ართობს, მაკუნაც უყვება რაღაცებს.
ბეტონსა და ასფალტს შუა ამოსული პომიდორი აღმოაჩინეს და ამასთან დაკავშირებით ძალიან იხალისეს. საოცარია, პომიდორს ამდენი მოვლა და ლოლიავი სჭირდება, ან გაიხარებს ან – არა და აქ, შუა ქალაქში, უწყლოდ, ცუდ ნიადაგზე, რანაირად ამოვიდა და როგორ მოისხა ნაყოფი? საოცარია!
გადაღებები 5 საათისთვის დამთავრდა. რადგან გადაღება “აჭარასთან” იყო და მედიკო ბახტრიონზე ცხოვრობს, გადავწყვიტეთ, ერთი საათით შეგვევლო. მონატრებული გვყავდა. მაკუნა სახლში წამოსვლაზე ძლივს დავითანხმეთ. ერთად წამოვედით, რადგან მედიკოც მოდის პრემიერაზე. სახლში შემოვიარეთ, ავიღეთ, რაც სპექტაკლისთვის გვჭირდება, და მოვდივართ თეატრში. მაკუნა აჟიტირებულია დატვირთული გრაფიკის გამო.
დღეს სპექტაკლმა ისე ჩაიარა, როგორც მეორე პრემიერას ეკადრება – გუშინდელზე ოდნავ უარესად. ხვალ კარგი სპექტაკლი იქნება. მსახიობები განიცდიან. მარტო მაკუნაა კმაყოფილი.
შედარებით ადრე წამოვედით თეატრიდან და ოჯახის სხვა წევრებიც ვნახე - თურმე მყოლია. რაღაც არანორმალური გრაფიკი აქვს ყველას, დღის ბოლოს ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს და ისეთი დაღლილები ვართ, რომ თვალებში ვერ ვიყურებით. მაგიდას შემოვუსხედით მე, ნუკუშა, დათა (რომელსაც, რაც ინსტიტუტში ჩააბარა, თითქმის ვერ ვხედავ), მაკა, ანუკა... ოჯახში ამჟამად მარტო მე ვარ უსაქმური. მანიუ რომ მანიუა, ისიც მუშაობს! მართალია, რატომღაც არ იღლება, მაგრამ ახლა სძინავს და ანიმაციურ სიზმრებს ხედავს.

3 ივლისი, ხუთშაბათი
საყვარელი საქმიანობა – სახლში ავეჯის გადაადგილება და ინტერიერის შეცვლა. მართლია, ჩემს მეტი ვარავინ ხვდება, რა გადავაადგილე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახალ სახლში გადმოვედი საცხოვრებლად. ღამე სანამ დავიძინებ, ასეთი ჩვევა მაქვს: ვწევარ და განლაგებას ვგეგმავ. ხან აბაზანაში ვაწყობ საძინებელს, ხან სამზარეულოში – აივანს და ასე შემდეგ.
ხანდახან, სტუმრად რომ მივდივარ, და რაღაცა შემაწუხებს, ღამეებს ვათენებ – სხვის ბინაში ტიხრების და კედლების შეცვლაზე “ვმუშაობ”: ვცვლი განათებას, ავეჯს... და მხოლოდ იმის შემდეგ მეძინება კმაყოფილებით აღსავსეს, როცა სხვის სახლს ჩემს გემოზე დავალაგებ.
სახლის პატრონს კი ტკბილად სძინავს და წარმოდგენაც არა აქვს, რომ მე ამ დროს მის ინტერიერზე ზრუნვით ვათენებ.
ახლა ჩემს სახლს მივადექი... ოღონდ მართლა. ქოთნები, მაგიდები, ლოგინები, პიანინო, კედლებიდან სურათები – დაშლილია სახლი. მალე აიწყობა. ერთადერთი, რასაც ხშირად არ ვაკეთებ, ოჯახის წევრებს ოთახებს არ ვუცვლი. ყოველ შემთხვევაში, გაუფრთხილებლად.
7 საათია, თეატრში მივდივართ.
დღეს ძალიან კარგი სპექტაკლია. კულისებში ერთი ადგილი ვიპოვე, საიდანაც ვუყურებ სპექტაკლს. ბევრი კაბელი და ჟელოფანები ყრია. ჟელოფანები კუთხეში მივაწყვე და - მოვეწყვე. არაჩვეულებრივად იმუშავა ყველამ. ფანტასტიკურები იყვნენ ქეთი ცხაკაია და ჯაპანა! ნიკუშამ გამოგვიარა და სახლში წაგვიყვანა.

4 ივლისი, პარასკევი
მეგონა, დღევანდელი დღე ინტერიერს მიეძღვნებოდა, მაგრამ არ დამცალდა. მაკუნა მიმყავს დაბადების დღეზე. ბავშვები თამაშობდნენ, მე კი დიდი ხნის უნახავი მეგობრები ვნახე. ძალიან მომნატრებია: ზაზა ბურჭულაძე და თამარა, გიორგი ნაკაშიძე და ირმა.
ვსაუბრობდით კინოზე, ლიტერატურაზე და იმაზე, რომ ტაბიძის და ლეონიძის ქუჩაზე სახლს ანგრევენ არანორმალური სისწრაფით. აშენდება, ალბათ, თანამედროვე სიმახინჯე, რომელიც, სასტუმროს სახით, უკვე ამშვენებს მოედანს. მერე მერიის შენობაც მიჰყვება და ცოტა ხანში უბიოგრაფიო ქალაქში ამოვყოფთ თავს. შეიძლება, 50 წლის შემდეგ ის, რაზეც დღეს ვნერვიულობ და გული მტკივა, სასაცილოც აღმოჩნდეს, მაგრამ დღეს მგონია, რომ ძალიან დიდი შეცდომაა, რომ ამ შენობებს არ ვინარჩუნებთ. შეიძლება, ვცდები...
საღამოს მაღაზიაში შევიარეთ და სამეფო უბნის თეატრის ფოიესთვის განათება შევიძინეთ. ხვალ დამონტაჟებას ვცდით.
სახლში ოჯახის წევრებიც ნელ-ნელა შეგროვდნენ და ის-ის იყო მაგიდას შემოვუსხედით, მანანა კოზაკოვამ და ონისე ონიანმა დამირეკეს. “მოხუცი ჯამბაზები” ნახეს რუსთაველის მცირე სცენაზე და ისეთი აჟიტირებულები იყვნენ, რომ გადავწყვიტეთ, ისევ გუგას კაფეში შევკრებილიყავით. საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ, ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, თეატრზე და იმაზე, რომ ბედნიერებაა, როცა სცენაზე ასეთი ბუმბერაზი მსახიობები დგანან და ასეთ საღამოს გჩუქნიან, რომ ისინიც ერთი საღამოსთვის ცხოვრობენ.... და რომ ყველაზე ახალგაზრდები არიან.
სახლში, რა თქმა უნდა, შაბათს დავბრუნდი. დღეს საღამოს, 8 საათზე, ისევ მაკუნა მიმყავს სპექტაკლზე.

5 ივლისი, შაბათი
რაკი შაბათი ჩემთვის ადრე დაიწყო, პირობითი დილა 1 საათზე იყო.
მოკლედ, გავიღვიძე და ყავა დავლიე.
გადავწყვიტე, დღეს ბიბლიოთეკა დავალაგო. ამას ყველაზე დიდი დრო სჭირდება. მთელი ბიბლიოთეკა ჩამოვყარე. არადა, წიგნის მტვერზე მაქვს ალერგია. ვაცემინებ, ვახველებ, ავად ვხდები, მაგრამ არ ვნებდები.
გადავარჩიე წიგნები, რომლებიც თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკისთვის მიმაქვს.
მაკუნას სპექტაკლამდე მაინც მოვასწარი. ვდგავარ და კიკინებს ვუკეთებ...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG