Accessibility links

რისთვის შეიქმნა ”დემოკრატიული განვითარების ფონდი”?


საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებით დაბრუნდა.

ბურჯანაძის ”დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზენტაცია 7 ივლისს თბილისში, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში”, შედგა.. ფონდის პრეზენტაციაზე არ გამოჩენილან აქტიური პოლიტიკოსები არც ხელისუფლებიდან და არც ოპოზიციიდან.. სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლებისა და საქართველოში უცხო ქვეყნების ელჩებისგან შედგებოდა ის საზოგადოება, რომელსაც ნინო ბურჯანაძემ და ”დემოკრატიული განვითარების ფონდის” სხვა დამფუძნებლებმა ფონდის მიზნები და დანიშნულება გააცნეს.

რა მიზნებს ემსახურება ”დემოკრატიული განვითარების ფონდი” და რატომ იქმნება ის სწორედ დღეს? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემით დაიწყო ნინო ბურჯანაძემ თავისი გამოსვლა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში”, ”დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზენტაციაზე:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”საქართველოს პოლიტიკურმა რეალობამ და უკანასკნელი რამდენიმე წლის პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ”ვარდების რევოლუციით” დემოკრატიისთვის მიცემული ბიძგი შესუსტდა. სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის ახალი ეტაპის დაწყებას - ეტაპის, როცა დასრულდება რევოლუციური გადაწყვეტილებების მიღების დრო და ჩვენ გადავალთ ახალ საფეხურზე. ”

რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს რევოლუციიდან ევოლუციაზე გადასვლის პროცესში ფონდს? როგორც ”დემოკრატიული განვითარების ფონდის” ერთ -ერთი დამფუძნებელი, დავით პატარაია, განმარტავს:

[დავით პატარაიას ხმა}” სახელწოდებიდან რაც გამომდინარეობს, არის დემოკრატიის განვითარებისთვის ხელის შეწყობა, გარკვეული პროექტების განხორციელება, გარკვეული კვლევითი საქმიანობის განხორციელება. ”

ფონდი გააერთიანებს ექსპერტებს, მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს, გააერთიანებს მათ ძალისხმევას იმ პროექტების განხორციელებაში, რომელთა მიზანიც იქნება ქვეყანაში სტაბილურობის, თანხმობის და კეთილდღეობის მიღწევა.

ისევ ნინო ბურჯანაძის სიტყვებით: ”ქვეყნის წინსვლა უნდა აისახებოდეს არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერეში, არამედ ხალხის და დემოკრატიული ფასეულობების სიძლიერეში. არ შეიძლება კმაყოფილები ვიყოთ დემოკრატიის იმ ხარისხით, რაც დღეს არის საქართველოში.. ”

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ჩვენი ხალხი იმსახურებს უფრო მეტს: პლურალისტურ და ძლიერ პარლამენტს, თავისუფალ მედიას და თავისუფალ ბიზნესს, გრძელვადიან და მდგრად ეკონომიკურ შედეგებს, დამოუკიდებელ სასამართლოს. ”

როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? ბურჯანაძემ თქვა, რომ სწორედ ამ რთულ შეკითხვაზე პასუხის მოსაძებნად შეიქმნა ფონდი.. შეიქმნა ვითარების ობიექტური, კრიტიკული და ღრმა ანალიზისათვის და საზოგადოებისთვის ამა თუ იმ პრობლემიდან გამოსავლის გზების შესათავაზებლად...

ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიას ედგა სათავეში, სიის პირველ ნომრობაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ვერ მიაღწია კონსენსუსს საარჩევნო სიაში მისი კვოტით შესაყვან კანდიდატურებთან დაკავშირებით.. ის საარჩევნო პროცესისგან განზე გადგა, თუმცა თქვა, რომ აქტიური პოლიტიკური-საზოგადოებრივი ცხოვრებიდან წასვლას არ აპირებდა... ბურჯანაძის” დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზენტაცია შუა ზაფხულში, პოლიტიკურად არცთუ აქტიურ პერიოდში, შედგა და დაბრუნდება თუ არა აქტიურ პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს ხელისუფლების რანგით მეორე პირს წარმოადგენდა, ჯერჯერობით ბუნდოვანია... თუმცა, როგორც ფონდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი მარგველაშვილმა, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას განაცხადა, ახალდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკისგან შორს არ იქნება:

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] ”არანაირად არ იქნება დისტანცირებული პოლიტიკისგან. ფონდი არის პოლიტიკური სტრუქტურა.. აი, არ არის პარტია, არ იყრის კენჭს, მაგრამ ეს არ ნიშნვს, რომ არ ახდენს გავლენას პოლიტიკაზე.. ”

და როგორ შეხვდნენ ნინო ბურჯანაძის მიერ ” დემოკრატიული განვითარების ფონდის” დაარსებას პოლიტიკოსები?. დავიწყოთ მმართველი ძალით. დავით დარჩიაშვილის კომენტარი:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”მოვლენა დადებითად უნდა შეფასდეს - სამოქალაქო სექტორის მრავალფეროვნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ნიშანია. რას გააკეთებს პრაქტიკულად, მომავალმა უნდა გვაჩვენოს, თორემ მიზანი, რომ დემოკრატიის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, კარგია. ” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება პოლიტიკურ ოპოზიციაში არსებულ მოლოდინს:

[ დავით უსუფაშვილის ხმა] ”რაც მეტი იქნება მცდელობა იმის, რომ დემოკრატიას ხელი შეეწყოს, უკეთესია. ვის როგორ გამოუვა, მომავალი გვიჩვენებს.”

ეს იყო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი... ჩვენ ”გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელს ფიქრია ჩიხრაძესაც ვკითხეთ, რას ფიქრობს ”დემოკრატიული განვითარების ფონდიდან” ნინო ბურჯანაძის აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნების შესახებ.

[ ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”მე დიდი მოლოდინები ბურჯანაძის გააქტიურებასთან დაკავშირებით რეალურ ოპოზიციურ ნიშაში არ მაქვს. თუმცა, შესაძლოა, სააკაშვილმა აიძულოს ბურჯანაძე რადიკალური გახდეს, რადგან სააკაშვილს არ უყვარს მისი გუნდიდან წასული ფიგურების მოთმენა და ატანა.” (სტილი დაცულია)

ასეთ ფრთხილ მოლოდინს გამოხატავენ პოლიტიკოსები. ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიული განვითარების ფონდი” კი მუშაობას იწყებს.. ფონდის მუშაობას გაუძღვება პრეზიდენტი, პოლიტიკას კი დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო განსაზღვრავს... ფონდი აპირებს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მას საქართველოს რეგიონებში ექნება წარმომადგენლობათა ქსელი.
XS
SM
MD
LG