Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიახლე ქართულ ჟურნალისტიკაში


იმ პერიოდიდან, როდესაც ქართველი ჟურნალისტები დასავლური სტანდარტების შესწავლას შეუდგნენ, დაიწყო სხვადასხვა პირისა თუ დაინტერესებული ჯგუფის მუშაობა

ქართული ჟურნალისტიკის სტანდარტის შესაქმნელად. ყველაზე ხანგრძლივად და სისტემურად ამ მიმართულებით თავისუფლების ინსტიტუტმა იღვაწა: მისი ინიციატივით ითარგმნა წიგნები, დაიწერა ეთიკის პრინციპები, შეიქმნა მედიასაბჭო. თუმცა ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვიდა. მინდა მარცხის მიზეზებსა და სამომავლო ამოცანებზე გესაუბროთ.

დღეს საქართველოში მოქმედი ჟურნალისტების დიდ ნაწილს ორი მთავარი პრობლემა აქვს: სიმართლის თქმის შიში და საზოგადოების მხრიდან უნდობლობა. ეს ორი პრობლემა ერთმანეთზე ბუნებრივად არის გადაჯაჭვული. განსაკუთრებით უჭირთ ტელეჟურნალისტებს და, კიდევ უფრო განსაკუთრებით, თბილისელ ტელეჟურნალისტებს. თუმცა ბევრი მათგანი თავს მაინც მშვიდად გრძნობდა მანამ, სანამ ხალხმრავალი მიტინგის მონაწილეებმა ერთ–ერთ ცნობილ ჟურნალისტს თავზე ნამდვილი რისხვა არ დაატეხეს. მოქალაქეების აგრესია თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლად შეფასდა. ასეც იყო, ოღონდ ერთი დეტალის გათვალისწინებით: საზოგადოების მხრიდან გამოვლენილ უხეშობას წინ უძღოდა მოვლენების ცალმხრივი გაშუქება კონკრეტული ტელეკომპანიების ეთერით, რაც პროტესტულად განწყობილმა ადამიანებმა მათზე განხორციელებულ აგრესიად აღიქვეს და პასუხი ჟურნალისტს მოსთხოვეს.

დღეს ქართველ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობს საკუთარი ფუნქცია პირნათლად შეასრულოს, ბრძოლა ორი მიმართულებით სჭირდება: პირველ რიგში, უნდა მოიპოვოს უფლება თქვას სიმართლე და, იმავდროულად, უნდა მოიპოვოს საზოგადოების ნდობა მის მიერ ნათქვამი სიმართლის გასაზიარებლად.

ამ ფონზე, თითქმის ერთდროულად, ოღონდ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორი ჟურნალისტური ორგანიზაცია ყალიბდება. პირველი მიმართულების ინიციატორია „სტუდია მაესტრო“, მეორის კი – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. პირველი მიმართულების ცენტრი თბილისშია, მეორის – რეგიონებში. პირველი ორგანიზაციის მიზანია პოლიტიკური წნეხის პირობებში რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტის გაერთიანება პროფესიული უფლებების დასაცავად, მეორე ორგანიზაციის მიზანია ღრმა უნდობლობის პირობებში ქართული ჟურნალისტური კორპუსიდან იმ ადამიანების შემოკრება, რომელთა შინაგანი მრწამსი პროფესიული სტანდარტის დაცვაა. პირველი ორგანიზაცია გამაერთიანებელია, მეორე კი – გამყოფი. პირველისთვის მთავარი უფლებებია, მეორისთვის – მოვალეობები; პირველის ძალა რაოდენობაშია, მეორისა – ხარისხში.

იმის გამო, რომ რეგიონალური მედიაორგანიზაციები, განსაკუთრებით გაზეთები და რადიოკომპანიები, ფინანსურად ხელისუფლებისგან მეტ–ნაკლებად დამოუკიდებლები არიან, სწორედ რეგიონებიდან უნდა დაიწყოს იმ ორგანიზაციის შენება, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის სტანდარტს ჩამოაყალიბებს და ნდობას მისი დაცვით მოიპოვებს. სტანდარტის ნებაყოფლობით დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როცა კანონი „პრესისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ მეტად ლიბერალურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩინოვნიკებთან თუ კერძო პირებთან დაპირისპირების შემთხვევაში, კანონი თითქმის ყოველთვის ჟურნალისტს იცავს. ეს რეალობა ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტს სიფრთხილეს უკარგავს, ძალას მატებს და ბევრ უღირს საქციელს ადენინებს. ჟურნალისტების ნაწილს მოსწონს კანონის მიერ მინიჭებული ძალაუფლება და არ მოსწონს სტანდარტის თუ ეთიკის დაცვაზე საუბარი. ჟურნალისტების მეორე ნაწილი კი მზადაა ეთიკური პრინციპების შესაბამისად იმუშაოს, მაგრამ ეშინია, რომ სტანდარტის დაცვის მოთხოვნა სინამდვილეში ცენზურად არ გადაიქცეს. სწორედ ამ საფრთხის გამო ვერ იმუშვა მედიასაბჭომ. კანონით მინიჭებული დიდი თავისუფლება ყველა ჟურნალისტს ძვირად უღირს და წლების განმავლობაში ყრუ კედელს აწყდება ყოველი მორიგი ინიციატივა სტანდარტით თვითშეზღუდვის შესახებ.

თუმცა დღეს, როდესაც ჟურნალისტებს ჩვენი ფუნქციის შესასრულებლად განსაკუთრებით გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს დაკარგული ნდობის დაბრუნება. არადა, ნებისმიერ პროფესიაში ნდობის მოსაპოვებლად ერთადერთი გზა არსებობს – სტანდარტის დაცვა ხანგრძლივად. ქართული ჟურნალისტიკის წინაშე სწორედ ეს ამოცანა დგას: შევქმნათ სტანდარტი და არ მივცეთ უფლება მედიამფლობელებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი სტანდარტის დაცვაში ხელი შეგვიშალონ.

ჯერჯერობით ამ მძიმე საქმისთვის ყველაზე უკეთ მზად რეგიონალური ჟურნალისტები არიან. ისინი, საკუთარ რედაქტორებთან ერთად, იწყებენ კიდეც მუშაობას ეთიკური პრინციპების შესაქმნელად. შემდეგ ამ პრინციპებზე ხელის მომწერი თითოეული ადამიანი ხმის უმრავლესობით აირჩევს საბჭოს, რომელიც თვალყურს მიადევნებს, რამდენად სრულდება დათქმული პირობები. ფაქტობრივად, რეგიონალური ჟურნალისტების ინიციატივით, შეიქმნება ქართული ჟურნალისტიკის ბრენდი, რომლის წევრობა საპატიო იქნება ნებისმიერი ჟურნალისტისთვის, მათ შორის, თბილისში. საზოგადოება კი თავად შეაფასებს ამ ბრენდის ჭეშმარიტ ღირებულებას.
XS
SM
MD
LG