Accessibility links

logo-print

BBC-ის რეპორტაჟი ლიტვინენკოზე: მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს დაკვეთით მოხდა?


მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო საშუალების, BBC-ის ეთერით გუშინ საღამოს გადაიცა პროგრამა,

რომელშიც საუბარი ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობას ეხებოდა. შეგახსენებთ - ლიტვინენკო, კაგებეს ყოფილი ოფიცერი, მოგვიანებით კი კრემლის თავგამოდებული კრიტიკოსი, 2006 წელს ლონდონში მოწამლეს პოლონიუმით - რადიაქტიური ნივთიერებით. და აი, BBC-ის გუშინდელ გადაცემაში ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის ინკოგნიტო თანამშრომლის განცხადებით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ლიტვინენკოს მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს დაკვეთით მოხდა.


[BBC-ის რეპორტაჟის ნაწყვეტი]
BBC-ის პროგრამა “ნიუსნაითის” გუშინდელი გამოშვების ამ ნაწყვეტში მოყვანილია ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის ინკოგნიტო წარმომადგენლის ნათქვამი, რომ ძალიან დამაჯერებელი სამხილები მიუთითებს ლიტვინენკოს მკვლელობაში სახელმწიფოს მონაწილეობაზე.
შეკითხვაზე, მაინც ვინ და რატომ მოკლა ლიტვინენკო, იგივე ბრიტანელი აგენტი უფრო ცალსახა პასუხს იძლევა: “ეს იყო რუსული სახელმწიფო და არა რომელიმე კრიმინალური ელემენტი. თვით პოლონიუმი არის სამხილი, რომელიც სახელმწიფოს მონაწილეობაზე მიუთითებსო”.

ეს ბრალდება, შეიძლება ითქვას, ყველა ოფიციალურ ბრალდებაზე უფრო შორს მიდის. აქამდე ბრიტანელი გამომძიებლები ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილად ასახელებდნენ “კაგებეს” ყოფილ აგენტ ანდრეი ლუგოვოის, მის ექსტრადიციასაც მოითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ: მოსკოვი უარზე დადგა. მას შემდეგ რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობა საგრძნობლად არის გაუარესებული.

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ედუარდ ლუკასი, ავტორი წიგნისა “ახალი ცივი ომი: რა საფრთხეს უქმნის კრემლი რუსეთსაც და დასავლეთსაც” ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბრიტანეთის უშიშროების სამსახური ცდილობს განგაშის ატეხვას კრემლის სულ უფრო აგრესიულ საერთაშორისო პოლიტიკაზე ყურადღების გასამახვილებლად.

[ლუკასის ხმა] “ეს შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ ბრიტანეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს სურთ გამოხატონ თავიანთი შეშფოთება რუსეთის ქმედებების გამო. დიპლომატიიდან და პოლიტიკოსებისაგან ყოველთვის მოდის იმპულსი, მცდელობა ვითარების გასაუმჯობესებლად. ვფიქრობ, ბრიტანეთის უშიშროების სამსახური, ისევე როგორც ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური, ერთობ შეშფოთებულია იმით, რაც რუსეთში ხდება. შესაძლოა, ისარგებლეს ამ შემთხვევით, ფაქტობრივად, იმავეს სათქმელად, რასაც აქამდე ამბობდნენ, ოღონდ სათქმელი ცოტა უფრო მკვეთრად არის ფორმულირებული და მას უჩვეულოდ საჯარო ფორმა აქვს მიცემული”.

საყურადღებოა შემდეგი გარემოებაც: ლიტვინენკოს მკვლელობაზე BBC-ის რეპორტაჟი გადაიცა მაშინ, როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი რუსეთის პრეზიდენტს ხვდებოდა იაპონიაში (ორივე იქ “დიდი 8”-ის სამიტთან დაკავშირებით არის ჩასული). შეხვედრა, როგორც იუწყებიან, დაძაბული იყო - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა წამოჭრა ორ მხარეს შორის დაძაბულობის გამომწვევი საკითხები, როგორიცაა ბრიტანეული საბჭოს ორი ფილიალის დახურვა რუსეთში და ლიტვინენკოს მკვლელობა.

როგორც იუწყებიან, საუბარი “ძალიან გულახდილი” იყო და პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი არანაირ დათმობაზე არ წასულა.
XS
SM
MD
LG