Accessibility links

logo-print

მთავრობამ რუსთაველისა და ეროვნული პრემიები აღადგინა


საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მთავრობა, რამდენიმეწლიანი წყვეტის შემდეგ, განაახლებს ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემას.

კულტურისა და განათლების სამინისტროების ცნობით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელმაც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა გამოავლინოს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის არაუმეტეს სამი ლაურეატი. რაც შეეხება ეროვნულ პრემიას, ბრძანებულების მიხედვით, იგი ასევე ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა, თუმცა ლაურეატთა რაოდენობა შვიდით შემოისაზღვრება. რუსთაველისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები, მედლებისა და სამკერდე ნიშნების გარდა, შესაბამისად, თხუთმეტ და ათი ათას ლარსაც მიიღებენ. საინტერესოა, რატომ აღდგა სახელმწიფო პრემიების გაცემა და როგორ აპირებს მთავრობა პრემიებისათვის იდეოლოგიური საფანლის გამოცლას?

1964 წელს დაწესებული რუსთაველის პრემია უკანასკნელად სამი წლის წინ, 2005 წელს, გაიცა. ლაურეატთა შორის იყვნენ: პოეტი ბესიკ ხარანაული, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორი რეზო ესაძე. რუსთაველის პრემია გაცილებით ადრე, 1992 წელს, მიიღო მწერალმა თამაზ ჭილაძემ, რომელმაც პრემიის გაუქმების გამო საკუთარი გულისტკივილი კულტურის მინისტრს ნიკა ვაჩეიშვილს ორიოდე თვის წინ გამართულ ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე გაუზიარა:

[თამაზ ჭილაძის ხმა] „აღვადგინოთ რუსთაველის პრემია! როგორ შეიძლება ის, რითაც მთელი ქართველი ერი ამაყობდა, დაუკარგო მომავალ თაობებს, დაუკარგო სტიმული და აღიარება. ამის უფლება გვაქვს? რატომ გავაკეთეთ, არ მესმის.“

მწერლების მსგავსად, რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების გაუქმებას, როგორც ჩანს, ვერც საქართველოს პრეზიდენტი შეეგუა. სპეციალური ბრძანების გამოცემამდე ერთი თვით ადრე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მეცნიერებსა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფოს მხრიდან მეტი თანადგომა და დაფასება სჭირდებათ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ ხელახლა უნდა შემოვიღოთ რუსთაველის პრემია ხელოვნებაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში გაკეთებული მიღწევებისთვის და ეროვნული პრემია, რომელსაც გასცემს ქართული სახელმწიფო ორ წელიწადში ერთხელ განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებაში და რომელსაც ექნება ძალიან სოლიდური ფინანსური მხარდაჭერა.“(სტილი დაცულია)

სერიოზულ ფინანსურ უზრუნველყოფაში პრეზიდენტი სააკაშვილი ფულად ჯილდოებს, შესაბამისად, თხუთმეტ და ათი ათას ლარს გულისხმობდა, თუმცა, ცხადია, პრემიას ყველა ხელოვანი და მეცნიერი ვერ მიიღებს. რჩეულთა გამოვლენაზე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია განმარტავს, საგანგებოდ შექმნილი სახელმწიფო კომისია იზრუნებს:

[გია ნოდიას ხმა] „იქმნება ამ დღეებში კომისია, რომელსაც ჩვენ, ორი მინისტრი, ვუხელმძღვანელებთ, ხოლო საბოლოო გადაწვეტილებას, კომისიის წარდგინებით, მიიღებს პრეზიდენტი. საზოგადოდ, პრემიებს მივანიჭებთ ორ წელიწადში ერთხელ წლის დასაწყისში, მაგრამ რადგანაც სიახლეა, წელს პრემია 23 ნოემბერს იქნება მინიჭებული, ანუ 23 ნოემბერს გაიგებს საზოგადოება პირველი ლაურეატების სახელებს.“

გია ნოდიას თქმით, კომისიას, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება და ოთხი წლით აირჩევა, განათლებისა და კულტურის მინისტრები უხელმძღვანელებენ. პოეტი და პუბლიცისტი ალეკო ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ, ამ და სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, გაჭირდება ლაურეატების შერჩევის თვისებრივად ახალი სისტემის შექმნა:

[ალეკო ცქიტიშვილის ხმა] „შევარდნაძის დროს თავიანთი ვიწრო ჯგუფის იქით ვეღარ ხედავდნენ სხვა ავტორებს, არ იკვლევდნენ და, საერთოდ, არ მიდიოდა მუშაობა ახალი ავტორების გამოსავლენად. როგორც წესი, პრემიას აძლევდნენე ხანდაზმულებს, თავიანთი თაობის მწერლებს. ვფიქრობ, რომ ახლანდელი ხელისუფლებაც, კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და ხელისუფლების პოლიტიკის გათვალისწინებით, არ არის დაზღვეული, რომ რაღაც სხვა გზით წავა. ვფიქრობ, რომ, გარკვეულწილად, იგივე ტენდენცია იქნება. შეიქმნება სწორედ ასეთი ჯგუფი და იქნება საფრთხე, რომ ისევ ერთსა და იმავე წრეში იტრიალებს ეს პრემია.“ (სტილი დაცულია)

მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას არ მოელის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, რომლის თქმითაც, ობიექტური მიზეზების გამო, სახელმწიფო პრემია ბოლომდე ვერ გათავისუფლდება პოლიტიკური საფანლისგან. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომისიის ყურადღება მაინცდამაინც საეჭვო ღირებულების ნაშრომებზე შეჩერდება:

[გიგი თევზაძის ხმა] „პოლიტიკურ კონიუნქტურას ვერ გასცდება. ამიტომაც ჰქვია სახელმწიფო პრემია, მაგრამ არის მთელი რიგი საშუალებები, რითაც შეიძლება, პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინების პარალელურად, იყოს გათვალისწინებული მდგომარეობა ხელოვნებისა და მეცნიერების ამა თუ იმ დარგსა თუ მიმართულებაში.“

მეცნიერებისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგში მიმდინარე მოვლენების ადეკვატური შეფასება კომისიის წევრებმა უნდა შეძლონ. ყოველ შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გია ნოდიას ამის იმედი აქვს:

[გია ნოდიას ხმა] „ამისთვის არსებობს ისეთი მექანიზმი, როგორიცაა გამჭვირვალობა. საქვეყნოდ იქნება ცნობილი, ვინ არის კომისიაში, რომ კომისია არ ირჩევა პოლიტიკური ნიშნით... საზოგადოების ნაწილმა შეიძლება მაინც დააბრალოს კომისიას მიკერძოებულობა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ისე, რომ კომისიის მუშაობა იყოს გამჭვირვალე და განხილვაში მონაწილეობდეს საზოგადოება.“

თუმცა, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაშიც, კომისიას გაუჭირდება პოლიტიკური, შეიძლება ითქვას, იდეოლოგიური წნეხისაგან გათავისუფლება, რადგანაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თქმით, ერთ-ერთი პრემია 23 ნოემბერს, ანუ ვარდების რევოლუციის წლისთავზე, უნდა გაიცეს. თუმცა ნიკა ვაჩეშვილი ამ გარემოებას ასეთ ახსნას უძებნის:

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა] „23 ნოემბერი და 26 მაისი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები ჩვენი სახელმწიფოსათვის და ბუნებრივია, რომ საუკეთესო მიღწევების ხმამაღლა თქმა, მათი გამოვლენა და ლაურეატთა დაჯილდოება ამ ორ თარიღს დავამთხვიოთ. მზადება და წლიური ციკლი ორიენტირებულია სწორედ ამ ორი თარიღის ამ მხრივაც ღირსეული აღნიშვნისაკენ.“(სტილი დაცულია)

ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, პრემიის მაძიებლებს განცხადების შეტანა შეუძლიათ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 10 ივლისიდან.




XS
SM
MD
LG