Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის ნაწილისთვის დაფინანსების შეჩერებას ეწინააღმდეგება


მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრი პარტიების ნაწილმა უარი განაცხადა საპარლამენტო მანდატებზე, კითხვის ქვეშ დადგა მათი ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხიც.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის წინააღმდეგი გამოდის საპარლამენტო ოპოზიცია და ხელისუფლებას საკითხის გადაწყვეტის ორ ალტერნატივას სთავაზობს.


საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები - კერძოდ კი, ქრისტიან-დემოკრატები - პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის ნაწილისთვის დაფინანსების შეჩერებას არ დაეთანხმნენ და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდნენ. ამ კანონპროექტის განხილვა, სავარაუდოდ, უახლოეს საპარლამენტო სხდომაზე გაიმართება. ქრისტიან-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის, განცხადებით, მისმა ფრაქციამ დაფინანსების შეჩერების 2012 წლისთვის გადადება მოითხოვა. ვეფხვაძისვე განცხადებით, მომზადებული აქვთ მეორე ალტერნატივაც:

[ლევან ვეფხვაძის ხმა] ”დაფინანსება, რომელსაც პარტია იღებს, შედგება სამი კომპონენტისგან: საბაზისო დაფინანსება, გაერთიანებული ოპოზიციის შემთხვევაში, ეს არის 300 ათასი ლარი; ხმების პროპორციული დაფინანსება, ეს არის 315 ათასი ლარი. რჩება მესამე კომპონენტი, რომელსაც პარტია იღებს მიღებული ადგილების პროპორციულად, ანუ ადგილზე - 600 ლარი. ჩვენ ვამბობთ, რომ, თუ მოხსნაზე იქნება საუბარი, ჯობია ეს მესამე მოიხსნას.” (სტილი დაცულია)

საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ყოფილი წევრი ჯონდი ბაღათურიაც, დაუშვებლად მიიჩნევს პარტიების ნაწილისთვის დაფინანსების შეწყვეტას:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] ”მე მიმაჩნია,რომ ყველას უნდა დარჩეს დაფინანსება - მათ შორის, ლანძღვა-გინებითა და ინტრიგანობით გამორჩეულ პარტიებსაც..”

ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის დაფინანსების შეწყვეტას პოლიტიკური სასჯელი უწოდა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სხვა არაფერია, თუ არა სასჯელი, პოლიტიკური სასჯელი იმ პარტიებისთვის, რომლებმაც თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.”

დაახლოებით ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მომზადდა კანონპროექტი იმ პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, რომლებმაც უარი განაცხადეს საპარლამენტო მანდატებზე. უფრო კონკრეტულად კი, კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ შევა ცვლილება, სადაც ნათქვამია, რომ საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება პოლიტიკურ პარტიას, თუ პროპორციული სიით არჩეულმა პარტიის ყველა წევრმა დატოვა პარლამენტი. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მურთაზ ზოდელავას კომენტარი:

[მურთაზ ზოდელავას ხმა] ”პარტიები, რომლებიც უარს აცხადებენ თავიანთი ვალდებულების შესრულებაზე, უარს აცხადებენ იმ პასუხისმგებლობაზე, რასაც მათ აკისრებს ამომრჩეველი, ჩემი აზრით, სამართლიანი იქნებოდა ამგვარი რეგულაციის შემოღება, მათი დაფინანსების თვალსაზრისით.”(სტილი დაცულია)

თუ იურიდიულ კომიტეტში მომზადებული კანონპროექტი დამტკიცდა, უმრავლესობას კი ამისთვის საჭირო ხმების პრობლემა არ გააჩნია, საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩებიან გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ის სუბიექტები, რომლებმაც უარი განაცხადეს საპარლამენტო მანდატებზე. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოსთვის მიუღებელია ქრისტიან-დემოკრატების ალტერნატივა. საბჭოს ეს პოზიცია მამუკა კაციტაძემ გაახმოვანა:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”მე ვეფხვაძის ინიციატივას საერთოდ არ განვიხილავ, როგორც ასეთს. სამუშაო ვარიანტი დღესდღეობით არის ნაციონალური მოძრაობის კანონპროექტი, რომელიც საფუძველშივე არის მოკლებული სიმართლეს და პოლიტიკურ კონსენსუსს. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმეს გაკეთება გვსურს, უნდა გავაკეთოთ იმავე ფორმატში, რომელშიც თავის დროზე შეიქმნა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი.”(სტილი დაცულია)

პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ ცვლილება ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე, სამიოდე წლის წინ შევიდა.
XS
SM
MD
LG