Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


რუსეთის პრესაში დღითი დღე იზრდება პუბლიკაციების რაოდენობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე.


დღევანდელი ”კომერსანტი” წერს: ,,გუშინ აფხაზეთის ხელმძღვანელობა დაემუქრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მასთან კონტაქტებს გაწყვეტს - ეს გადაწყვეტილება პასუხი იყო წინა საღამოს გალში განხორციელებულ ტერაქტზე, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებების სერიამ კიდევ უფრო გაამწვავა მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობა”, - წერს ”კომერსანტი”.

დღევანდელი ”ნეზავისიმაია გაზეტა” ამ აფეთქებებს საკურორტო სეზონის ჩაშლის სურვილს უკავშირებს: ,, აფხაზეთში საკურორტო სეზონი ააფეთქეს” - ასეთი სათაური აქვს დღეს ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, სერგეი ბაღაფში ამ აფეთქებებს ტერორისტულ ომს უწოდებს.
სტატიის თანმხლებ ფოტოს კი, რომელზეც ფორმიანი ჯარისკაცები ტყვიამფრქვევს უტრიალებენ, ამგვარი მინაწერი აქვს: ,,აფხაზები მზად არიან მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისათვის”.

საქართველოსთან ომისთვის მზადყოფნაზე გუშინდელი ”იზვესტიაც” წერდა: ”საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ახალგაზრდობის ევრაზიული კავშირის აქტივისტები მზად არიან იარაღით ხელში დაიცვან არაღიარებული რესპუბლიკის სუვერენიტეტი. ეს ამ ორგანიზაციის ლიდერს პაველ ზარიფურინს განუცხადებია და ასევე უთქვამს, რომ თუ სააკაშვილმა არ იცის ეს რა ორგანიზაციაა, მას შეუძლია ჰკითხოს უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც მან, მისივე სიტყვებით, ბევრი უსიამოვნება აგემა, - წერს ”იზვესტია”.

”კომერსანტი” წერს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სიტუაციის გამწვავების გამო მოსკოვი განსაკუთრებით აქტიურად შეუდგა საქართველოში იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ძებნას, ვისთანაც შესაძლებელი იქნებოდა დიალოგი, ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკოსი კი შეიძლება ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდესო. ,,საინტერესოა, - წერს გაზეთი, - რომ ნინო ბურჯანაძე გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა... მისი ფონდის პრეზენტაციაზე კი საქართველოში რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო მივიდა. ”კომერსანტი” წერს, რომ ნინო ბურჯანაძისადმი გრიგორი კარასინის ინტერესის თაობაზე გაზეთის შეკითხვას რუსეთის საგარეო უწყებაში ამგვარი პასუხი გასცეს: ,, ახლანდელ პირობებში ჩვენ ყველასთან მეგობრობას ვცდილობთ.”

დღეს თითქმის ყველა რუსული გაზეთი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესახებ წერდა. ,, აუცილებელია სასწრაფოდ იქნეს შეყვანილი საერთაშორისო პოლიცია იმ რაიონებში, სადაც აფეთქებები მოხდა” - მოჰყავს ”კომერსანტს” ამონარიდი ამ განცხადებიდან. ”იზვესტია” კი დღესვე ბეჭდავს ბაღაფშის საპასუხო განცხადებას, რომ ის აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ძალების განლაგებას არ დაუშვებს.

”ნეზავისიმაია გაზეტა” იაპონიაში ბუშისა და მედვედევის შეხვედრას აღწერს ”დიდი რვიანის” სამიტზე. გაზეთი წერს: მედვედევისთვის ”რვიანის” სამიტზე გამოსვლა დებიუტი იყო , თუმცა იგი არ მოერიდა ყურადღება გაემახვილებინა ორ ქვეყანას შორის არსებულ წინააღმდეგობებზე - მაგალითად, იმაზე, რომ ლიტვაში, შესაძლოა, სარაკეტო ბაზები შეიქმნას. ბუში კი არანაკლებ გულწრფელად დაინტერესდა, რა კეთდება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, - წერს დღევანდელი ”ნეზავისიმაია გაზეტა”.
XS
SM
MD
LG