Accessibility links

logo-print

საქართველოში დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი - ვიზიტს თბილისში უმნიშვნელოვანესს უწოდებენ


აღმოსავლეთ ევროპაში ტურნეს ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი უკვე საქართველოს სტუმრობს.

ვიზიტი 9 ივლისს, საღამოს დაიწყო. საქართველომდე რაისი პრაღასაც სტუმრობდა. მან სწორედ პრაღაში გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით... თქვა, რომ ნატოს გაფართოება ალიანსის გადასაწყვეტია და არა რუსეთისა და, ამას გარდა, საქართველოში, კერძოდ, საქართველოს კონფლიქტურ ზონებში ვითარების გამწვავება რუსეთს დასდო ბრალად.. კონდოლიზა რაისი ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან 10 ივლისს გამართავს. ცნობილია, რომ ის აპირებს შეხვდეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ოპოზიციის წევრებსაც... ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს თბილისში უმნიშვნელოვანესს უწოდებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. პირველად ის თბილისს 2005 წლის 9 მაისს პრეზიდენტ ბუშთან ერთად ეწვია, ამჯერად კი საქართველოში უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

დიდი ხნის წინ, 1992 წლის მაისში, - მაშინ, როცა საქართველოში ჯერ კიდევ სამოქალაქო დაპირისპირება მძვინვარებდა, - ახალბედა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის, მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ჟესტი იყო თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ჩამოსვლა. ჯეიმს ბეიკერის თბილისში ვიზიტიდან ორიოდე თვეში დაიწყო საომარი მოქმედებები აფხაზეთში.. გავიდა წლები, მთელი 16 წელი, და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ისევ დაძაბულობის, კონფლიქტურ ზონებში ვითარების დაძაბვის ფონზე ხორციელდება... კონდოლიზა რაისის ვიზიტი საქართველოს პოლიტიკურ წრეებში უმნიშვნელოვანეს ფაქტად განიხილება, რამდენადაც ვიზიტთან დაკავშირებულია, უწინარეს ყოვლისა, იმის მოლოდინი, რომ საქართველოს უმთავრესი პრობლემის - კონფლიქტების - გადაწყვეტის გზების ძიებაში საერთაშორისო თანამეგობრობა და, პირველ რიგში, შეერთებული შტატები კიდევ უფრო აქტიურად ჩართვება.

კონდოლიზა რაისმა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განცხადებები, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში ჩამოსვლამდე, პრაღაში გააკეთა... რადიო ”თავისუფლების” პრაღის შტაბბინაში სტუმრობისას მან ნატოს გაფართოების პერსპექტივასა და ამ საკითხისადმი რუსეთის დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

[კონდოლიზა რაისის ხმა] ”"რა თქმა უნდა, ეს საკითხი ალიანსის გადასაწყვეტია და არა რუსეთის. არაერთხელ გვიცდია რუსეთი დაგვერწმუნებინა, რომ ნატო მას საფრთხეს არ უქმნის. პირიქით, ნატო რუსეთის მიმართ მეგობრულად არის განწყობილი. მუშაობს ნატო-რუსეთის საბჭო და რუსეთის საზღვრების გასწვრივ დემოკრატიის გაფართოება მისთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს."

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი იყო შეფასება, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ასევე პრაღაში, საქართველოში - კერძოდ, საქართველოს კონფლიქტურ ზონებში - ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით გააკეთა. მან თქვა, რომ რეგიონში ვითარება ბოლო თვეებში რუსეთის გარკვეულმა ქმედებებმა გაართულა... მანამდე კი, 7 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა თბილისსა და სოხუმს პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. მანვე ხაზგასმით თქვა, რომ ვაშინგტონი აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო საპოლიციო ძალების ყოფნას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში - იქ, სადაც ბოლო დროს აფეთქებები ხდებოდა.. ამ წინადადებამ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მკვეთრი გაღიზიანება გამოიწვია.

რა საკითხებზე იქნება მსჯელობა თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან გამართულ შეხვედრებზე?. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას განმარტებით, განხილული იქნება საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს ნაციონალური ინტერესებისა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისთვის..
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, კონდოლიზა რაისის ვიზიტი, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზანს ემსახურება...
ცნობილია, რომ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის გეგმას ამზადებს..თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰქონდეს ახალი წინადადებები ამ გეგმასთან დაკავშირებით...

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”შეიძლება რაღაც ახალი მოსაზრებებით ჩამოდის ქალბატონი რაისი და ეს მოსაზრებები უნდა იქნეს განხილული საქართველოს მთავრობაში, რათა შემდგომ წარვდგეთ მეორე მხარესთან: რუსეთი იქნება ეს თუ აფხაზეთის მხარე. ”

აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაშიც.. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ახლა აუცილებელია პროცესში ძლიერი მხარის ჩარევა, რათა აფხაზეთის მიმართულებით თბილისისა და მოსკოვის ვნებები ჩაცხრეს და არ იქნეს დაშვებული კონფლიქტის ესკალაცია... საგულისხმოა, რომ 10 ივლისს კონდოლიზა რაისი გეგმავს შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც...

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ” გაერთიანებული ოპოზიციიდან დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე იქნებიან ამ შეხვედრაზე და შეეცდებიან დაანახვონ, რა მდგომარეობაშია დემოკრატია საქართველოში, რა პრობლემები არსებობს, რა პერსპექტივები არსებობს..”

ამ და სხვა შეხვედრების შემდეგ კონდოლიზა რაისი თბილისს 10 ივლისს დატოვებს.. ის არის შეერთებული შტატების 66-ე სახელმწიფო მდივანი და მეორე ქალი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტის შემდეგ..
უმცროსი ჯორჯ ბუშის პირველი ვადით პრეზიდენტობისას კონდოლიზა რაისი იყო პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში.. უფრო ადრეულ პერიოდში, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, იყო შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის, უფროსი ჯორჯ ბუშის, მრჩეველი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში.. იყო სტენფორდის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი, პოლიტოლოგიის დოქტორი... არის ავტორი და თანაავტორი ისეთი წიგნებისა, როგორიცაა: ” გერმანიის გაერთიანება და ევროპის ტრანსფორმაცია” ”გორბაჩოვის ერა”, ”განუსაზღვრელი ლოიალობა, საბჭოთა კავშირი და ჩეხოსლოვაკიის არმია” ...2004-2005 წლებში ჟურნალმა ” ფორბსმა” კონდოლიზა რაისი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალბატონად დაასახელა... 2006 წელს კი ყველაზე გავლენიან მეორე ქალბატონად...
XS
SM
MD
LG