Accessibility links

logo-print

ევროკავშირი კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს


საქართველოს კონფლიქტის ზონებში გახშირებულმა დივერსიულმა აქტებმა და შეიარაღებულმა დაპირისპირებამ დასავლეთი შეაშფოთა.

ყველასთვის ნათელია, რომ შექმნილ ვითარებაში დიალოგის განახლება წარმოუდგენელია. გუშინ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ვითარებაში უკეთ გასარკვევად სოლანამ თბილისში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პეტერ სემნები გაგზავნა.

პეტერ სემნებიმ თბილისში ჩამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება კონფლიქტის ზონებში ვითარების გაუარესების გამო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს. სემნები მოუწოდებს მხარეებს კარგად გააცნობიერონ ის რისკები, რომელთაც ბოლოდროინდელი აქტები წარმოშობს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტულ აფეთქებასა თუ თავდასხმაზე. თბილისი და სოხუმი, თბილისი და ცხინვალი ბოლოდროინდელ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. რა იცის ევროკავშირმა ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით?

[სემნების ხმა]
”რასაკვირველია, მე მაქვს... ჩვენ გვაქვს აზრი იქ არსებულ ვითარებაზე. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მომხდარში ზედმეტად ჩაღრმავება დიდად დაგვეხმარება. ყურადღება უნდა გამახვილდეს მომავალზე - იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ არსებული ვითარების დეესკალაცია, როგორ უზრუნველვყოთ ქმედითი კომუნიკაციის, დიალოგის, მოლაპარაკებების წარმართვა ყველა დონეზე, სადაც ეს საჭიროა. ვგულისხმობ ქართულ-აფხაზურ, ქართულ-რუსულ და, შეიძლება, სხვა დონეზე დიალოგსაც.”

საქართველოს კონფლიქტების საკითხი ევროკავშირ-რუსეთის მოლაპარაკებათა დღის წესრიგშია. რუსეთის პოზიტიური როლისა საქართველოში ნაკლებად თუ ვინმეს სჯერა. ხედავს თუ არა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ რუსეთი პოზიტიურად მოიქცევა? მართალია, დღემდე ოლიმპიადის ფაქტორი პოზიციათა დაშორებას უფრო უწყობს ხელს, მაგრამ სემნები საქართველოსა და რუსეთის ინტერესების დაახლოებას სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს:

[სემნების ხმა]
”რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, სრულიად აშკარაა, რომ თბილისისა და მოსკოვის პოზიციებს შორის შეუთავსებლობაა. თუმცა ისიც მჯერა, რომ ამ შეუთავსებლობისა და განსხვავებების მიღმა არსებობს დონე, რომელზეც შევძლებდით საერთო ინტერესების მოძებნას. საბოლოოდ, სტაბილურობა ამ რეგიონში უნდა იყოს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ინტერესებში. მაგალითად, ვიტყოდი, რომ სოჭის ოლიმპიადამ, რომელიც ვინმეს შეიძლება შორეულად ეჩვენებოდეს, - ფაქტია, რომ მისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს, - კიდევ უფრო უნდა გამოკვეთოს რუსეთისა და საქართველოს საერთო ინტერესი სტაბილურობის მიმართ.”

თუკი არ მოხდა საქართველოსა და რუსეთის პოზიციების დაახლოება, რეალისტურად მიაჩნია თუ არა ევროკავშირს სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების შესაძლებლობა?

[სემნების ხმა]
”მე არ შევაფასებ კონკრეტულ სამშვიდობო ფორმატს, მაგრამ ფაქტია, რომ კონფლიქტის აფხაზურ მხარეს დღევანდელ დღეს მიაჩნია, რომ რუსი მშვიდობისდამცველების ყოფნა მათი უსაფრთხოებისთვის არსებითია. მე არ ვამბობ სწორია ეს თუ არა. ვამბობ მხოლოდ, რომ საკითხი ასე აღიქმება აფხაზური მხარის მიერ და ეს მხედველობაში მისაღებია.
იმისათვის, რომ რაიმე ახალი სამშვიდობო ფორმატი ამოქმედდეს, ეს მხარეებმა უნდა მოითხოვონ. ასეთი მოთხოვნა შეიძლება დადგეს მხარეებს შორის მოლაპარაკებებისა და შეთანხმების მიღწევის შემდეგ. ამდენად, ხაზს ვუსვამ, რომ ახლა ჰიპოთეტურ საკითხზე ვსაუბრობ. მაგრამ თუკი ასეთი მოთხოვნა იქნება, გამომდინარე იქიდან, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოს, ამ რეგიონს, ზოგადად, ევროკავშირი მოსურნე იქნებოდა ემსჯელა თავისი წვლილის შეტანაზე ამ საქმეში. ასე იმიტომ ვამბობ, რომ ევროკავშირის რესურსები შეზღუდულია. თუმცა ეს მნიშვნელოვანი სამეზობლო რეგიონია ევროკავშირისთვის.”

ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის უპირველესი საკითხი დღეს კონფლიქტურ ზონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიალოგის წარმოება მხარეებს შორის წარმოუდგენელია. ევროკავშირის პროცესში მონაწილეობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად კი პეტერ სემნები კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთისთვის პოზიტიური როლის მინიჭებას ასახელებს.
XS
SM
MD
LG