Accessibility links

უნდა გამოიძიონ თუ არა გაერომ, ეუთომ და დსთ-მ ძალადობის ფაქტები საქართველოს კონფლიქტურ ზონებში


ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობისა და პროვოკაციის ტალღა მისწვდა ყველა მეტ-ნაკლებად სახიფათო უბანს - ცხინვალიდან დაწყებული და ზემო აფხაზეთით დამთავრებული.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის ზონებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარი აფეთქებებისა და შეტაკებების დროს დაიღუპა დაახლოებით 10 სამხედრო, პოლიციელი და სამოქალაქო პირი. არიან დაჭრილები. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები ძალადობის გამოძიებას და დამნაშავეთა დადგენას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტის წინა დღით, 9 ივლისს, ქართველმა ჟურნალისტებმა, მწერლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტურ რეგიონებში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო. ” მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, უმოკლეს ვადაში გამოძიებულ იქნეს მომხდარი ფაქტები, რათა გაირკვეს სიმართლე, შეჩერდეს ძალადობა და ესკალაცია”, - ნათქვამია გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ ერთობლივ მიმართვაში. ამ მიმართვის ინიციატორის, ჟურნალისტ ლაშა ტუღუშის ინფორმაციით, მსგავსი გამოძიება ასევე აუცილებელია სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნდობის აღსადგენად, მოსახლეობისა, რომელსაც რუსული პროპაგანდა უმალავს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების არსს:

[ლაშა ტუღუში] “საქართველომ ნათლად უნდა გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რაზედაც მას არაერთხელ აქვს გაკეთებული ოფიციალური განცხადებები. კიდევ ერთხელ თქვას, რომ ის არ აპირებს ომს, ის არ აპირებს ძალისმიერი გზით კონფლიქტის მოგვარებას. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება,რომელიც შეიქმნა, და ჩვენი მეგობარი დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებიც არის მსგავსი, რომ ეს პირობა კიდევ ერთხელ განმეორდეს, რომ დაიწყოს რეალური პროცესი.”(სტილი დაცულია)

მაგრამ მსგავსი მიმართვა ადრესატებს ვერ პოულობს.

ცხინვალის და აფხაზეთის არაკონტროლირებად ანკლავებსა და მიმდებარე ქართულ ტერიტორიებზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება და დივერსიული აქტი მოხდა. სეპარატისტული ხელისუფლება და რუსული პროპაგანდა ვითარების ესკალაციაში ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა. თუმცა უავტორო აფეთქებებს მოგვიანებით მოჰყვა კონკრეტული სადამსჯელო ოპერაციები.

7 ივლისს ქარელის რაიონში ოსმა ბოევიკებმა ქართველი სამხედროები გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. 9 ივლისს ზემო აფხაზეთში, ქვაბჩარა-დელუქი-აჩამახის მიმართულებით პატრულირებისას, ქართული პოლიციის რაზმზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ქართველი პოლიციელი მძიმედ დაიჭრა. იტყობინებიან რამდენიმე აფხაზი სამხედრო პირის დაღუპვას.
იმავე დღეს ცხინვალის მხრიდან დაფიქსირდა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ჩასულმა ეუთოს ქვეყნების ელჩებმა მხოლოდ სასტიკად ნაცემი ქართველი პოლიციელების გათავისუფლება შეძლეს. მაგრამ მათ ძალებს აღემატებოდა ძალადობის ფაქტების გამოძიება. ცხინვალი, როგორც წესი, ეუთოს მისიას არ ენდობა. რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ტერი ჰაკალა არც მალავდა, რომ მათი ჩარევა საკმარისი არ იქნებოდა:

[ტერი ჰაკალა] უპირველეს ყოვლისა, მხარეებმა უნდა გამოამჟღავნონ პოლიტიკური ნება მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად, შეწყვიტონ საზავო შეთანხმების დარღვევა და დაიწყონ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა აღდგეს ურთიერთნდობა. განხილვის საგნად უნდა იქცეს პოლიტიკური საკითხებიც, ეკონომიკური თანამშრომლობა, მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლება. ყველა ამ საკითხის მოგვარებაზე უნდა ვიზრუნოთ. მაგრამ თუ მოლაპარაკება არ დაიწყო, ეს ძალიან ძნელი იქნება.”

ჯერჯერობით უცნობია, თუ რით დაბრუნდებიან აფხაზეთიდან გაეროს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლები, რომლებიც სოხუმში 11 ივლისს უნდა ჩავიდნენ. თუმცა ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ საერთაშორისო ექსპერტებს ”პოსტფაქტუმ” გამოეკვლიათ და დაედგინათ დივერსიული აქტების ორგანიზატორები. ერთადერთხელ 21 აპრილის საჰაერო იერიშების შემდეგ მოახერხეს გაეროს დამკვირვებლებმა კონკრეტული დასკვნის გაკეთება. და ისიც მას შემდეგ, რაც ქართული პლანშეტის მონაცემები უტყუარად ასახავდა რუსული სამხედრო თვითმფრინავის იერიშის ეპიზოდს ქართულ უპილოტო თვითმფრინავზე. ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო ლატენტური და შენიღბული დივერსიული აქტების სერია კონფლიქტის მთელ ტერიტორიაზე, რაზეც პასუხისმგებლობა არავის აუღია. მხარეები კი შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ანგარიშსწორებაზე ფიქრობენ. ”პოლიციელებზე თავდასხმის არც ერთი მონაწილე არ დარჩება დაუსჯელი”, - განაცხადა კოდორის ინციდენტის შემდეგ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ. რუსული წყაროების ცნობით კი, ცხინვალმა გასულ კვირაში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ხოლო ცოტა უფრო ადრე, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა მოუწოდა პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს, დაიწყოს ოპერაცია კოდორის ხეობის გასათავისუფლებლად.
XS
SM
MD
LG