Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ქმნის ირანი სულ უფრო შორ რადიუსში მოქმედ რაკეტებს?


დღეს და გუშინ ირანიდან გავრცელდა ცნობები, შორ და საშუალო რადიუსში მოქმედი რაკეტების გამოცდის თაობაზე

-“შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ”. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, რაკეტებს შორის იყო “შაჰაბ 3” ტიპის ახალი ვერსია, რომელიც 2000 კილომეტრით დაცილებულ ობიექტებსაც წვდება. გამოცდას ფართო გამოხმაურება მოჰყვა - მათ შორის იყო განცხადება, რომელიც თბილისში ვიზიტისას გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა.

შორ და საშუალო რადიუსში მოქმედი 9 რაკეტის გამოცდა, ირანის სახელმწიფო მასმედიის ცნობით, ოთხშაბათს ჩაატარა ელიტურმა რევოლუციურმა გვარდიამ. ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია, მაგრამ ცნობილია ის, რომ გამოცდა ჩატარდა ირანის სამხედრო მანევრების “დიადი წინასწარმეტყველი 3” ფარგლებში, თეირანის განმარტებით, საბრძოლო მზადყოფნის გასაუმჯობესებლად.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე კვირის წინ სამხედრო მანევრები ჩაატარა ისრაელმა - ქვეყანამ, რომელშიც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ირანის სამხედრო პროგრამები, იქნება ეს ბირთვული პროგრამა, თუ ახალი რაკეტები. მიზეზი მარტივია: თეირანი არ აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებას.

სამშაბათს მორიგმა მუქარამ გაიჟღერა. ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თანაშემწემ განაცხადა, რომ თეირანი რაკეტებს დაუშენს თელ ავივსა და სპარსეთის ყურეში აშშ-ის ფლოტს, თუ თვით ირანზე განახორციელებენ იერიშს მისი ბირთვული პროგრამის გამო.

ცნობილია, რომ დასავლეთი მკაცრად აკრიტიკებს ირანის ბირთვულ პროგრამას და მას ურანის გამდიდრების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. ახლა კი რაკეტების გამოცდას მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დღეს თბილისში ვიზიტისას განაცხადა - ირანს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ შეერთებული შტატები დაიცავს თავის მოკავშირეებს მათს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიისაგანო.

[რაისის ხმა] “ჩვენ დავიცავთ ამერიკის ინტერესებს და დავიცავთ ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს. ამას უკვე ვაკეთებთ - ვფიქრობ, იცით, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-მა გაზარდა უსაფრთხოების ზომების მასშტაბი, აგრეთვე წარმომადგენლობა უსაფრთხოების სფეროში და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა მოკავშირესთან საიმისოდ, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი თავის დაცვის უნარი”.

კონდოლიზა რაისის ამ განცხადებიდან ცოტა ხანში ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია მორიგი რაკეტების გამოცდის შესახებ. მათი მოქმედების რადიუსი წვდება ისრაელს, თურქეთს, საუდის არაბეთს, ავღანეთს, პაკისტანს.

მეტიც - შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტოს დირექტორის, საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტ ჰენრი ობერინგის განცხადებით, ირანი მალე შეძლებს მიზანში ამოიღოს ევროპის ნებისმიერი ქვეყანაც.

[ობერინგის ხმა] “გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს, რომ შექმნიან სულ უფრო გრძელ რადიუსში მოქმედ რაკეტებს. ვფიქრობ, 2-3 წელიწადში შეძლებენ მთელი ევროპის მიზანში ამოცებას. მთელი ევროპის! მაინც რატომ აკეთებენ ამას? რატომ? თუ ისრაელთან რეგიონული კონფლიქტი აწუხებთ, რატომ ამზადებენ რაკეტებს მთელი ევროპისთვის?”

და კიდევ ერთი საყურადღებო შეკითხვა, რომელიც ირანული რაკეტების ქობინებს ეხება. “შაჰაბ 3” ტიპის რაკეტები აღჭურვილია კონვენციური ქობინებით, მიზანში ამოღების უნარი სიზუსტით არ გამოირჩევა... ეს რაკეტები, მაგალითად, არ გამოდგება მოძრავი ობიექტების, თუნდაც ამერიკული სამხედრო გემების წინააღმდეგ. მაშ რა აზრი აქვს ირანისთვის ასეთ სამხედრო პროგრამაში დიდი ინვესტიციების დაბანდებას?

გენერალ-ლეიტენანტი ჰენრი ობერინგი ასეთ შეფასებას გამოთქვამს: [ობერინგის ხმა] “აშკარაა, რომ ირანი დიდ ფულს ხარჯავს სულ უფრო გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტების განვითარებისა და გამოყენებისთვის. ჩემთვის გაუგებარია, რატომ გააკეთებდნენ ასეთ ინვესტიციებს, რომ არ ჰქონდეთ მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამა, რომელიც მიესადაგებოდა კონვენციური რაკეტების პროგრამას? ასეთ შემთხვევაში ინვესტიცია გამართლებულია. ასე რომ არ იყოს, მხოლოდ კონვენციური ქობინების სროლას - ათასკილოგრამიანიც რომ იყოს იწონიდეს - აზრი არ ექნებოდა!”

მოკლედ, ირანისაგან აშშ სერიოზულ საფრთხეს მოელის, რაც მისთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია ცენტრალურ ევროპაში - ჩეხეთისა და პოლონეთის ტერიტორიებზე - ანტისარაკეტო სისტემის განსათავსებლად. ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ ჩეხეთთან ამ საკითხზე შეთანხმება გაფორმდა მიმდინარე კვირაში, სამშაბათს პრაღაში კონდოლიზა რაისის ვიზიტის დროს.
XS
SM
MD
LG