Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებები და მხარი დაუჭიროს კონფლიქტებთან დაკავშირებით საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს


რუსეთ- საქართველოს ურთიერთობა, კონფლიქტის ზონებში ვითარების დაძაბვის პარალელურად, უფრო და უფრო რთულდება...

ცხინვალის რეგიონის თავზე რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ ფაქტის აღიარება ბოლო წვეთი გახდა იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიეღო გადაწყვეტილება რუსეთიდან ელჩის გამოწვევის შესახებ... საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის რუსეთის ფედერაციიდან ქართველების ეთნიკური ნიშნით დეპორტაციის დროსაც კი არ გამოუწვევიათ.. მაგრამ რუსეთის ქმედებებზე რეაგირება ამით არ ამოწურულა. 11 ივლისს საქართველოს პარლამენტში შეიმუშავეს მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორი პარლამენტებისადმი...

აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში არიან.. როგორც რუსეთის საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, სამშვიდობო ძალების სარდლობამ საბრძოლო მზადებაზე გადასვლის ბრძანება სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების მიმართ პროვოკაციების გახშირების გამო გასცა. სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უწინდებურად ჩაკეტილია ენგურის ხიდი... საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ავრცელებენ ცნობებს ზემო აფხაზეთში - კერძოდ, ხეობის ქვედა ზონაში - შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ. საქართველოს კონფლიქტურ ზონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე მსჯელობისას 11 ივლისს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის მიმართულებით გზის სწრაფი ტემპით მშენებლობას...

სეპარატისტმა ლიდერებმა მორიგი შეხვედრები გამართეს მოსკოვში.. ცნობილია, რომ 10 ივლისს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური სერგეი ბაღაფში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიიღო. ამასობაში, ლავროვმა მოსკოვიდან კიდევ ერთხელ მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებამ, რაზეც თბილისში ოპტიმიზმით ლაპარაკობდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, შეიძლება საბოლოოდ გადაუსვას ხაზი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებას... რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რუსეთის საგარეო უწყებამ აღიარა ორიოდე დღის წინ რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი და მიუთითა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე ამჯერად ”ცხელი თავების” გასაგრილებლად დაირღვა.. 11 ივლისს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ამ განცხადებაზე მსჯელობით დაიწყო. თავდაპირველად განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”რუსეთმა აღიარა, რომ მან განახორციელა აგრესიული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის გამოწვევა არა მარტო საქართველოსი, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის. ამიტომ ჩვენ და არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია არ ხდებოდეს ასეთი ფაქტები ევროპაში, რუსეთს უნდა უჩვენოს ასეთი ქმედებების ფასი. ”

საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ამასთან, პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს, დაგმონ საქართველოს მიმართ რუსეთის ღია აგრესიული ქმედებები და მხარი დაუჭირონ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს - მათ შორის, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების საერთაშორის საპოლიციო კონტინგენტით ჩანაცვლებას... საქართველოს პარლამენტში მიაჩნიათ, რომ ვითარება კონფლიქტის ზონებში უაღრესად რთულია. რუსეთი ცდილობს საქართველოს ჩათრევას დიდ პროვოკაციაში. საქართველოს დასაკარგი დრო არა აქვს და, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა პრობლემების გადაჭრაში აქტიურ ჩარევას დააგვიანებს, საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა მიანიჭოს აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის სამშვიდობო ჯარს საოკუპაციო ჯარის სტატუსი და მოითხოვოს ქვეყნის ტერიტორიიდან ამ ჯარის გაყვანა.

დეპუტატები ვითარებას ასე აღწერდნენ:

[ გიორგი გაბაშვილის ხმა] ”მიმდინარეობს ძალების კონცენტრაცია, მიმდინარეობს იარაღის შეტანა და პოზიციების გამაგრება და, თუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერმინოლოგიით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ცხელი თავები მოსკოვსა და სეპარატისტულ რეგიონებში ფიქრობენ ბევრად უფრო აგრესიული აქტები განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ.” (სტილი დაცულია)

ეს იყო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი გაბაშვილი... რუსეთის ქმედებებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში უაღრესად საშიშად მიიჩნევენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც... საქართველოს რომ დიდი პროვოკაციის აცილება მართებს, ამაზე 11 ივლისს პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძეც საუბრობდა:

[გიორგი თარგამაძე] ”ჩვენ, მართლაც, ბეწვის ხიდზე ვართ გასავლელი. ერთი მხრივ, სიმკაცრეა საჭირო, მეორე მხრივ, ძალიან დიდი სიფრთხილე საიმისოდ, რომ საქართველო არ იყოს ჩათრეული იმ დიდ პროვოკაციაში, რომელიც იგეგმება საქართველოს მიმართ. ”

ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გია თორთლაძემ, დააკონკრეტა, რომ სერიოზული პროვოკაცია ზემო აფხაზეთშია მოსალოდნელი. ასეა თუ ისე, ვითარება რთულია. რუსეთი საქართველოს კონფლიქტური ზონების მიმართულებით სრულიად ღია აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს.. ამიტომ მიმართავს საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას, ადეკვატური შეფასება მიეცეს ამ პოლიტიკას და რეგიონში სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მხარი დაუჭიროს საქართველოს სამშვიდობო გეგმას, რაც, იმავდროულად, აფხაზეთში სამშვიდობო ძალების ნაცვლად საპოლიციო კონტინგენტის განლაგებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG