Accessibility links

logo-print

თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას მოსკოვის აგრესიაზე სათანადო რეაგირებას სთხოვს


რუსეთის აგრესიულ ქმედებათა წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე მუშაობის პარალელურად, პარლამენტის დეპუტატებმა

ერთგვარი ფრთხილი უკმაყოფილება გამოხატეს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობის ტემპით. მაშინ როცა რუსეთი აშკარა ომზე იწვევს საქართველოს, გადაწყვეტილებებისადმი ასეთი მშვიდი, ბიუროკრატიული მიდგომა არაადეკვატურია - დაახლოებით ასეთი იყო პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11 ივლისს გაკეთებულ განცხადებათა შინაარსი. საქართველოს მხარდაჭერის პროცესისთვის უფრო ინტენსიური ხასიათის მინიჭების აუცილებლობაზე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, თბილისში სტუმრად მყოფმა კონდოლიზა რაისმაც. აქვს თუ არა საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის რეალური იმედი და როგორია სამოქმედო გეგმა?

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევის ფაქტი ამაყად აღიარა, როგორც ჩანს, თბილისის მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსო. საერთაშორისო მხარდაჭერის მომლოდინე საქართველოს ხელისუფლება პროცესების დაჩქარების აუცილებლობას ხედავს და მიიჩნევს, რომ პროცესების გაჭიანურების ფონზე რუსეთის აგრესია კიდევ უფრო სახიფათო სახეს იღებს. კომენტარში, რომელიც ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11 ივლისს გააკეთა, იგრძნობოდა ერთგვარი კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების მისამართით:

(მიხეილ მაჭავარიანის ხმა) ”მანამ ისინი მშვიდად, ბიუროკრატიულად იხილავენ ამა თუ იმ საკითხს, რუსეთი მოქმედებს. რუსეთი მოქმედებს იმიტომ, რომ მას მიაჩნია, რომ ახლა არის დრო, როდესაც შეიძლება, რომ პროვოკაციაზე წამოვიდეს და ეს მას, ასე ვთქვათ, დაუსჯელად შერჩეს... როგორც ჩანს, აქ არის მოსინჯვა, რამდენად ფხიზელია საერთაშორისო საზოგადოება. თუ ჩვენ მათ არ მივეცით საშუალება, რომ გამოვაფხიზლოთ, როგორც ჩანს, ეს ადამიანები ისევ იმ ძილ-ბურანში გადავლენ, როგორც იყო და დაელოდებიან ჯერ საზაფხულო არდადეგებს, მერე შემოდგომაზე მანამ შეიკრიბებიან და ამ დროის განმავლობაში საქართველოს პრობლემები იქნება უფრო დიდი, ვიდრე ეს შეიძლება დღეს ვიღაცამ წარმოიდგინოს.” (სტილი დაცულია)

”ძილ-ბურანზე” არაფერი უთქვამს, მაგრამ ერთგვარი უკმაყოფილება იგრძნობოდა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გიორგი გაბაშვილის კომენტარშიც. დეპუტატი 11 ივლისს პარლამენტის მიერ დამუშავებულ საპროტესტო განცხადებას საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ”ბოლო მიმართვად” აღიქვამს და იმ ნაბიჯზეც საუბრობს, რომელიც საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის უნაყოფობის შემთხვევაში უნდა გადადგას:

(გიორგი გაბაშვილის ხმა) ”ეს არის ჩვენი ბოლო შანსი ავუხსნათ ყველას, რომ ეს სამშვიდობოები იქ იწვევენ აშკარა, თვალხილულ, მყისიერ საფრთხეს ომის დაწყებისა. სწორედ ისინი, ვისაც იქ ჰქვიათ სამშვიდობოები. და თუ ისინი, ძალიან სწრაფი ძალისხმევის შედეგად საერთაშორისო თანამეგობრობისა, არ დატოვებენ იქაურობას და არ შეიცვლებიან, ჩვენ ვიქნებით იძულებულები, ცალმხრივად ჩამოვართვათ მათ სტატუსი და ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ გამყოფ ზოლებზე მშვიდობის დამყარებაზე.” (სტილი დაცულია)

მეთვალყურეთა ერთ ნაწილს ერთობ უსიამოვნოდ ენიშნა მოსაზრებები, რომლებიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11 ივლისს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის ტემპებთან მიმართებით გამოითქვა - მით უმეტეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის თბილისში, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ გაუცივებელი ვიზიტის კვალდაკვალ. არადა, მხარდაჭერის ტემპების დაჩქარების აუცილებლობა თავად რაისმაც აღნიშნა მაშინ, როცა ის გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ძალისხმევაზე საუბრობდა. სწორედ ეს ჯგუფი უწევს კოორდინაციას საქართველოს პრეზიდენტის მიერ აფხაზებისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის რეალიზების პროცესს.

კონდოლიზა რაისს საჯაროდ არ დაუზუსტებია დეტალები, რომლებიც საქართველოში ძალიან აინტერესებთ. კერძოდ, როდის და როგორ მოხერხდება გალისა და ოჩამჩირის რაიონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა, მათი ეტაპობრივი ჩანაცვლება საერთაშორისო სამოქალაქო პოლიციური ძალებით და როდის დაიწყება დევნილების დაბრუნების ესოდენ ნანატრი პროცესი. პოლიტოლოგთა ნაწილი იტოვებს იმედს, რომ მსგავს დეტალებზე საუბარი დახურულ კარს მიღმა მაინც გაიმართა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია ფიქრობს, რომ განსაკუთრებული ოპტიმიზმის გამოხატვა ძნელია, თუმცა ის რადიო ”თავისუფლებასთან” სწორედ იმედის თაობაზე საუბრობს:

(კახა ლომაიას ხმა) ”ჩვენი იმედები უკავშირდება საერთაშორისო საზოგადოების უნარს და ძალისხმევას, დაარწმუნოს რუსეთი ან აიძულოს რუსეთი დაუბრუნდეს საერთაშორისო სახელმწიფოებს შორის არსებულ თანამედროვე თამაშის წესებს. მოსკოვმა უნდა დაინახოს, რომ, ელემენტარულად, ასეთი საქციელის გაგრძელება მას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სხვა საერთაშორისო ურთიერთობებში.” (სტილი დაცულია)

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს, რომ საქართველოს მხარდაჭერის პროცესი გრძელდება და, კონდოლიზა რაისის კვალდაკვალ, თბილისს მომავალ კვირაში კიდევ ერთი მაღალი სტუმარი ეწვევა. მის ვინაობას კახა ლომაია ჯერჯერობით არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ სტუმარი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
XS
SM
MD
LG