Accessibility links

დასავლეთის პრესაში ფართო გამოხმაურება ახლავს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ბოლოხანს გამწვავებულ


დასავლეთის პრესაში ფართო გამოხმაურება ახლავს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ბოლოხანს გამწვავებულ დაძაბულობას.

წამყვანი გამოცემები, როგორიცაა “ინდეპენდენტი”, “ნიუ-იორკ ტაიმსი”, “ტაიმსი”, “ინტერნეიშენლ ჰერალდ ტრიბიუნი”, “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი”, “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი”, “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” აწვდიან მკითხველს ინფორმაციას სროლის, აფეთქებების, სხვა ინციდენტების გახშირებაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ბევრ სტატიაში ასახულია თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის ვიზიტი და ამ ვიზიტის კონტექსტი - ამერიკასა და რუსეთს შორის აზრთა სხვაობა ანტისარაკეტო ფარის, ისევე როგორც საქართველოს გარშემო.

განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც გერმანიის პრესა იმსახურებს - სამშვიდობო ინიციატივის გამო, რომლითაც სწორედ ეს ქვეყანა გამოდის. ავტორიტეტიან ჟურნალ “შპიგელის” საინტერნეტო გამოცემა იუწყება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ ვალტერ შტაინმარიერმა აფხაზეთის კონლიქტის მოგვარების 3-ეტაპიანი სამშვიდობო გეგმა წარუდგინა გაეროს ექსპერტების ჯგუფს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე.

გეგმის მთავარ პუნქტებს “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგშიც” ვეცნობით: პირველი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მიერ უარის თქმას ძალის გამოყენებაზე და, სანაცვლოდ, აფხაზეთში 250 000-მდე ქართველი ლტოლვილის დაბრუნებას (ეს ეტაპი 2009 წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს). შემდეგ, მეორე ეტაპზე უნდა განხორციელდეს ორივე მხარის ერთობლივი პროექტები ომით მიყენებული მატერიალური ზარალის აღმოსაფხვრელად და აღმშენებლობის დასაწყებად (ამ ეტაპისთვის გერმანია მზად არის დონორთა კონფერენციის ორგანიზება იტვირთოს). დაბოლოს, მესამე ეტაპზე შეუდგებოდნენ საბოლოო სტატუსის განსაზღვრაზე ზრუნვას.
საყურადღებო მითითება: გერმანიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ გეგმით არ არის გათვალისწინებული ნატოში საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია...

“ფრანკფურტერ ალგემაინე” ბეჭდავს ასევე სტატიას სათაურით “მოსკოვი: არასწორი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით”. მასში მიუთითებენ, მაგალითად, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომელშიც გაკრიტიკებულია თბილისში კონდოლიზა რაისის ვიზიტი.

კონდოლიზა რაისის ვიზიტს ეხმიანება ბრიტანეთის გაზეთი “ტაიმსიც” სტატიაში სათაურით “მედვედევი შეერთებულ შტატებთან კოლიზიის კურსზე რაკეტებისა და საქართველოს გამო”. აშშ, როგორც ცნობილია, აპირებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას ჩეხეთსა და პოლონეთში. ჩეხეთთან უკვე გაფორმდა კიდეც შესაბამისი შეთანხმება, რასაც უმალვე მოჰყვა კრიტიკა რუსეთიდან, რომელიც ამერიკული ანტისარაკეტო ფარის წინააღმდეგია. პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრა. თუმცა, მედვედევის განცხადების ტონი, “ტაიმსში” დაბეჭდილი სტატიის ავტორის შეფასებით, გაცილებით უფრო ზომიერი იყო, ვიდრე მისი წინამორბედის, ვლადიმირ პუტინისა, რომელიც, ჯერ კიდევ პრეზიდენტად მოღვაწეობისას, ევროპულ სახელმწიფოებს ბირთვული რაკეტების დამიზნებითაც კი დაემუქრა, თუ ისინი მონაწილეობას მიიღებდნენ ამერიკელების ანტისარაკეტო პროექტში.

რაც შეეხება რუსეთ-ამერიკის უთანხმოების მეორე მიზეზს, საქართველოს, “ტაიმსის” ჟურნალისტი ისევ ტონზე ამახვილებს ყურადღებას, როცა წერს, რომ თბილისში ვიზიტისას კონდოლიზა რაისმა უჩვეულოდ მკაცრი განცხადება გააკეთა, როცა მოსკოვს მოუწოდებდა, პატივი სცეს მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას. რაისის სიტყვებით, “რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ იმპერიას ბოლო მოეღო.”

ახლა ისევ გერმანულენოვან პრესას დავუბრუნდებით. შვეიცარიის ყოველდღიურმა “ნოიე ციურხერ ცაიტუნგმა” დაბეჭდა ვრცელი რეპორტაჟი აფხაზეთიდან. სათაურად აღებულია ფრაზა, რომელიც შვეიცარელ ჟურნალისტთან საუბარში წარმოთქვა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა - “საქართველომ აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგაო”.

საერთოდ, სტატიის ავტორი ბევრ ადგილობრივ მოსახლეს გამოელაპარაკა და ამ საუბრების საფუძველზე დაასკვნის, რომ აფხაზეთში საქართველოს გაგონებაც კი არ სურთ. “არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, სომხური წარმოშობის მძღოლი - ყველა ამ ადამიანს ავიწყდება თავაზიანობა, როგორც კი საქართველოს ახსენებ. აფხაზეთში გადაჭრით უარყოფენ ყველაფერს, რაც ოდნავ მაინც აგონებთ მეზობელს”, ვკითხულობთ სტატიაში.

“ნოიე ციურიხერ ცაიტუნგის” ამავე, 10 ივლისის ნომერში დაბეჭდილია სტატია, რომელიც თბილისში კონდოლიზა რაისის ვიზიტს ეძღვნება. “ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პოლიტიკურ წრეებში მეტი ავტორიტეტით სარგებლობს, ვიდრე ალბათ ნებისმიერი სხვა დასვლური სახელმწიფო. საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკა ვაშინგტონიდან იშვიათია და პრეზიდენტ ბუშის სურვილი, საქართველო ნატოში გაწევრიანდეს, არავის აეჭვებს”, - ვკითხულობთ სტატიაში. მასშივე მოყვანილია ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თბილისში კონდოლიზა რაისის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე) მოითხოვა აფხაზეთში რუსეთის “ სამშვიდობო ჯარების” ჩანაცვლება საერთაშორისო საპოლიციო შენაერთებით და ამ წინადადებით აღშფოთება გამოიწვია აფხაზეთსა და მოსკოვში.

შვეიცარელი ჟურნალისტის შეფასებით, თბილისში რაისის ვიზიტს მაინც არ მოჰყვება რაიმე ძირეული ცვლილება, რადგან ამერიკის გავლენა შეზღუდულია. “საქართველოს პრეზიდენტს სურს, ადგილიდან დაძრას გაყინული კონფლიქტები - ერთი მხრივ სამშვიდობო პოლიტიკური ინიციატივებით, მეორე მხრივ - სამხედრო ზეწოლით. რაისისაგან ის ზურგის გამაგრებას მოელის, მაგალითად, რუსებთან, რომელთაც თავი შუამავლად მოაქვთ, მაგრამ სინამდვილეში, სეაპარატისტების ინტერესებს იცავენ”, - ვკითხულობთ “ნოი ციურხერ ცაიტუნგში” გამოქვეყნებული სტატიის ბოლოს.
XS
SM
MD
LG