Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ეს კვირა ჩვეულებრივზე დატვირთული გამოდგა

საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური ამბებით. სიტუაციის გამწვავება კონფლიქტურ რეგიონებში, ცხინვალის ხელისუფლების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ოთხი ოფიცრის გატაცება, რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა, შეიარაღებული შეტაკება ზემო აფხაზეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტი თბილისში - აი, არასრული ჩამონათვალი საქართველოში კვირის მანძილზე განვითარებული იმ მოვლენებისა, რომელთა შესახებაც მინდა დღეს გესაუბროთ.

გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტი იყო. საკითხები კი, რომლებიც რაისმა თბილისში განიხილა, დაკავშირებული იყო ბოლო დროს საქართველოში და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან - უპირველეს ყოვლისა, ვითარების ესკალაციასთან საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამწვავებასთან.

[კონდოლიზა რაისის ხმა] ”არ ვაპირებ რუსეთის მოტივების განსჯას. ამ ეტაპზე მე მაშფოთებს მისი ქმედებები. რუსეთი უნდა მოიქცეს ისე, რომ ხელი შეუწყოს პრობლემის გადაჭრას და არა კონფლიქტს. ეს მე განვუცხადე რუსებს პირად საუბრებში და ოფიციალურადაც. მჯერა, რომ ამის გადაჭრა მშვიდობიანი გზით შესაძლებელია. და არა მხოლოდ კონტაქტები უნდა იყოს რუსეთსა და საქართველოს შორის, არამედ მათ უნდა განავითარონ კარგი ურთიერთობა.”

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სივრცეში - ნატოში. კონდოლიზა რაისის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში პატრულირებდნენ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიის თავზე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონდოლიზა რაისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე იხუმრა კიდეც:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”რუსეთის თვითმფრინავები საკმაოდ ახლოს მოვიდნენ დედაქალაქთან. იქნებ ისინი ესალმებოდნენ სახელმწიფო მდივანს, მაგრამ, ჩვეულებრივ, საჰაერო ძალები მსგავს რამეებს არ აკეთებენ. რეალურად კი, ეს არის ძალიან ცუდი სიტუაცია და ამას აქვს მუდმივი ხასიათი. ძირითადი საკითხი უკავშირდება იმას, რომ რუსეთი აღარ აღიარებს საქართველოს იურისდიქციას ამ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ასეთი რაღაცეები არ უნდა მოხდეს ევროპაში - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არის სერიოზული გამოწვევა. რა არის მოტივაცია? -რუსები როგორც საჯაროდ, ასევე კერძო ურთიერთობებში აღნიშნავენ, რომ ეს არის მათი რეაქცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით.”

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად აღიარა ის, რაზეც მიხეილ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობდა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია:

"მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ფორმირებები ცხინვალში, შესაძლოა, 4 სამხედროს გათავისუფლების მიზნით შეჭრილიყვნენ. აუცილებელი გახდა სასწრაფო ზომების მიღება სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. სიტუაციის დასაზუსტებლად რუსეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა თვითმფრინავებმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის თავზე ხანმოკლე ფრენა განახორციელეს. როგორც შემდეგ გამოჩნდა, ამ ნაბიჯმა თბილისში რამდენიმე "გახურებული თავი გააგრილა" და მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარება თავიდან ავიცილეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

იმ დროისთვის კი, როდესაც საქართველოს რადარებმა ცხინვალის თავზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები შეამჩნიეს, კოკოითის ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს 4 სამხედრო მოსამსახურე უკვე გათავისუფლებული იყო.

ოსი ”ბოევიკების” მიერ ქართველი სამხედროების დაკავებას და სასტიკად ცემას წინ უსწრებდა თავდასხმა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის კორტეჟზე და შეიარაღებული თავდასხმები ქართულ სოფლებსა თუ ქართულ პოზიციებზე. მიუხედავად ამისა, მოსკოვი ცდილობს აგრესიაში თბილისი დაადანაშაულოს. ამის დემონსტრირება მოხდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე - ჯერ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან, შემდეგ კი ცხინვალის ლიდერ ედუარდ კოკოითისთან. ერთსაც და მეორესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უმასპინძლა. მას კოკოითიმ მადლობაც კი გადაუხადა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო:

[ედუარდ კოკოითის ხმა] ”მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედება სამხრეთ ოსეთში საომარი აგრესიის თავიდან ასაცილებლად იყო დროული და ატარებდა პროფილაქტიკურ ხასიათს და შედეგად მოხერხდა უფრო ტრაგიკული შედეგების აღკვეთა. და, რა თქმა უნდა, დასაფასებელია რუსეთის ფედერაციის ასეთი ოპერატიული და დროული ჩარევა.”

სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერის მიმართ კომპლიმენტები არც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაიშურა და განაცხადა, რომ კოკოითი ერთგული რჩება ადრე მოლაპარაკებული პოლიტიკური პროცესისა:

[სერგეი ლავროვის ხმა] ”მხედველობაში მაქვს მუშაობის აღდგენა ერთობლივი საკონტროლო კომისიის ფარგლებში და თქვენი ერთგულება მოწესრიგებისადმი სამეტაპიანი მიდგომის მიმართ, რომელსაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილიც აქტიურად ემხრობოდა. ჩვენ მაინც შევძლებთ, რომ სცენარი არ განვითარდეს ძალოვანი ვარიანტით.”

ამ მოვლენებს წინ უსწრებდა ვითარების გამწვავება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშიც. საქართველოს ხელისუფლების ცნობით, 9 ივლისს ზემო აფხაზეთში - კოდორის ხეობაში - სეპარატისტთა დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს. შეტაკება ხეობაში მდებარე ერთ-ერთ საგუშაგოსთან მოხდა. ქართველ სამართალდამცველებს ცეცხლი სეპარატისტებმა გაუხსნეს. შეტაკების შედეგად, 4 თავდამსხმელი დაიღუპა, ხოლო სამი ქართველი პოლიციელი დაიჭრა. ოფიციალური თბილისი შიშობს, რომ მოსკოვი კოდორის ხეობაზე სამხედრო იერიშს ამზადებს. აფხაზეთში იზრდება რუსეთის სამხედრო ნაწილების რიცხვი და ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი. ამის შესახებ 11 ივლისს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ.

ამ მოვლენებს და რუსეთის მიერ აღიარებულ საქართველოს საჰაერო საზღვრების დარღვევას ოფიციალური თბილისი მოსკოვიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევით გამოეხმაურა. ეროსი კიწმარიშვილი თბილისში 11 ივლისს გაურკვეველი ვადით დაბრუნდა და ასეთი განცხადება გააკეთა:

[ეროსი კიწმარიშვილის ხმა] ”მე მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საქართველოს ყველა მოქალაქეს და ყველა კეთილი ნების ადამიანს რუსეთში იმისათვის, რომ 2 თვის განმავლობაში, რაც მე ელჩად ვმუშაობ, ვერ მოვახერხე მიმეტანა ჩვენი, ქართული მხარის, პოზიცია რუსეთის ხელისუფლებამდე და დამერწმუნებინა ის ჩვენი პოზიციების სიღრმესა და გულწრფელობაში.”(სტილი დაცულია)

საქართველოს შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯები გაეროს უშიშროების საბჭოს უკავშირდება. ოფიციალური თბილისი საქართველოზე განხორციელებული აგრესიის აღიარებას მოითხოვს. ამაზე რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ ისაუბრა:

[კახა ლომაიას ხმა] ”ფაქტი, მართლაც, უპრეცედენტოა. მის მოტივებზე პოლიტიკურმა მეცნიერებმა იმსჯელონ. ჩვენ შეფასება მივეცით. გაეროს წესდებით, ეს არის აგრესიის აქტი. და სწორედ ასეთი შეფასება მისცა საქართველომ და შესაბამისი რეზოლუცია იქნება შეტანილი გაეროს უშიშროების საბჭოზე და შეფასდება როგორც აგრესიის აქტი, სრულიად დაუშვებელი ორ სახელმწიფოს შორის.” (სტილი დაცულია)

აგრესიის აქტს საქართველოს პარლამენტიც გამოეხმაურა და კვირის ბოლოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვიტა მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს, დაგმონ საქართველოს მიმართ რუსეთის ღია აგრესიული ქმედებები. საქართველოს პარლამენტში მიაჩნიათ, რომ ვითარება კონფლიქტის ზონებში უაღრესად რთულია. რუსეთი ცდილობს საქართველო ჩაითრიოს დიდ პროვოკაციაში. საქართველოს დასაკარგი დრო არა აქვს და, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა პრობლემების გადაჭრაში აქტიურ ჩარევას დააგვიანებს, საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა მიანიჭოს აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის სამშვიდობო ჯარს საოკუპაციო ჯარის სტატუსი და მოითხოვოს ქვეყნის ტერიტორიიდან ამ ჯარის გაყვანა. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გაბაშვილის, კომენტარი:

[ გიორგი გაბაშვილის ხმა] ”მიმდინარეობს ძალების კონცენტრაცია, მიმდინარეობს იარაღის შეტანა და პოზიციების გამაგრება და, თუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერმინოლოგიით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ცხელი თავები მოსკოვსა და სეპარატისტულ რეგიონებში ფიქრობენ ბევრად უფრო აგრესიული აქტები განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ.” (სტილი დაცულია)

ამიტომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ადეკვატური შეფასება მისცეს რუსეთის პოლიტიკას და რეგიონში სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მხარი დაუჭიროს საქართველოს სამშვიდობო გეგმას, რაც, იმავდროულად, აფხაზეთში სამშვიდობო ძალების ნაცვლად საპოლიციო კონტინგენტის განლაგებას ითვალისწინებს.

საქართველოს სამშვიდობო გეგმასა და მასში საერთაშორისო ინსტიტუტების აქტიურ მონაწილეობაზე გააკეთა აქცენტი საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა:

[კონდოლიზა რაისის ხმა] ”მე ვაპირებ, რომ ამის შესახებ საუბრები უმაღლეს დონეზე გაიმართოს...”

აფხაზეთთან დაკავშირებით ახალ სამშვიდობო გეგმაზე უფრო დაწვრილებით ისაუბრა რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ:

[კახა ლომაიას ხმა] ”ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ წარმატებულ გეგმას საფუძვლად უნდა ედოს...”

ამ გეგმის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საქვეყნოდ აღიარებული პრინციპი და თბილისი მზად არის კონფლიქტურ რეგიონებს ყველაზე მაღალი სტანდარტის ავტონომიაზე მოელაპარაკოს. თუმცა ოფიციალური თბილისი ამ გეგმის განხორციელების დაწყებას შეუძლებლად მიიჩნევს გალისა და ოჩამჩირის რაიონის რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან გაწმენდამდე. ჯერჯერობით კი იქ რუსეთის სამხედრო ნაწილების კონცენტრაცია იზრდება.

გასული კვირის კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო დეტალი: თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ოფიციალური პირების გარდა, პოლიტიკური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ამ შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე ისაუბრეს. კონდოლიზა რაისის განცხადებით, საქართველოში ჯერ ახალგაზრდა დემოკრატიაა. მის მხარდაჭერასთან ერთად, შეერთებულ შტატებში კარგად ესმით, რომ ეს ძალიან რთული პროცესია, დემოკრატია ერთ დღეში არ შენდება და ეს ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც კარგად ჩანს; მთავარია იყოს მისი დამყარების სურვილიო, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გასულ კვირაში თბილისში სტუმრობისას.
XS
SM
MD
LG