Accessibility links

logo-print

რას დაუპირისპირებს საქართველო ”ცხელი თავების” გასაგრილებლად შემოჭრილ რუსულ ავიაციას


ადრე, თვით პირდაპირი საავიაციო იერიშების დროსაც კი,

თბილისი ყოველთვის ყოყმანობდა გაეხსნა თუ არა ცეცხლი საჰაერო სივრცეში შემოჭრილი რუსული თვითმფრინავებისთვის. მაგრამ მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში რუსეთმა პირდაპირ და ცინიკურად აღიარა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა, თბილისში დაუპატიჟებელი სტუმრების შემდგომი განადგურების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. რა ძალების იმედი აქვს თბილისს საჰაერო ინციდენტების აღსაკვეთად?

პოლიტიკისგან განსხვავებით, სამხედრო ხელოვნებაში, მართლაც, უმთავრესია ”საქმე ლაპარაკის ნაცვლად.” ანუ ერთია, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები პარლამენტში აცხადებენ, რომ რუსული ავიაციის პარპაში უნდა აღიკვეთოს ყველაზე მკაცრი მეთოდებით, მაგრამ მეორეა ის, თუ რის საფუძველზე მოდის მოქმედებაში რაკეტის ან თვითმფრინავის სტარტი. 2004-2005 წლებში საქართველოს საჰაერო ძალების სარდლის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, მშვიდობიან პერიოდში ყველა ქვეყანაში საჰაერო მიზნის განადგურების ბრძანებას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გასცემს:

[ამირან სალუქვაძე] ”ბრძანებას საჰაერო ბრძოლის დაწყების თაობაზე, ყველა ქვეყანაში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იძლევა მთავარსარდალი და ეს ინსტრუქცია, მე რამდენადაც ვიცი, ახლაც უცვლელია.”

საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა ავიაციამ ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაარღვია. ყველაზე მსხვილ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 2007 წლის 11 მარტს, როდესაც ზემო აფხაზეთი ნახევარი საათის განმავლობაში იბომბებოდა. ყველა ელოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მთავრობაც დიდ ფულს დებდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში, ბომბდამშენების განადგურების ბრძანებას გასცემდა. მაგრამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან შეგნებულად არ გასცა ასეთი ბრძანება:

[მიხეილ სააკაშვილი] ”მე მინდა ყველამ გავიაზროთ, რომ ეს არის არა ტექნიკური საშუალებების საკითხი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების თემა. ”

მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ შეიარაღებული უმაღლესი ძალების მთავარსარდლის ასეთი ბრძანება უკვე არსებობს 10 ივლისის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ რუსული ავიაციის რეიდი მიმართული იყო თბილისელი პოლიტიკოსების ”ცხელი თავების” გასაგრილებლად. ასეთ შემთხვევაშიც კი საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას გაუჭირდება ბრძანების სისრულეში მოყვანა. სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, პირველ ყოვლისა, ამას საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა დააბრკოლებს:

[ირაკლი ალადაშვილი] ”ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ეს უნდა მოხდეს რამდენიმე წამში ან წუთში, რადგან საქართველოს საჰაერო სივრცე სიგანეზე ძალიან პატარა არის, თანამედროვე თვითმფრინავებს კი, ზებგერითებს, შუძლიათ ძალიან სწრაფად შემოფრინდნენ და უკან გავიდნენ. მაგრამ ამ ბოლო ფაქტის დროს, როდესაც ცხინვალის თავზე საფრენი აპარატები 40 წუთის განმავლობაში ტრიალებდნენ, დრო იყო, რომ საქართველოს მოეხდინა რეაგირება.”(სტილი დაცულია)

როგორც ირაკლი ალადაშვილი ამბობს, ცხინვალის საჰაერო ინციდენტის დროს, როდესაც 4 რუსული მოიერიშე 40 წუთის განმავლობაში სერავდა საქართველოს საჰაერო სივრცეს, ქართულ საჰაერო თავდაცვის ძალებს შეეძლოთ საჰაერო სამიზნის განადგურება, თუკი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისგან შესაბამისი ბრძანება იქნებოდა. საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო ძალების შეიარაღებაში არსებული საზენიტო-სარაკეტო რესურსი ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევაო, - განაცხადა დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში:

[ირაკლი ალადაშვილი] ”საქართველომ შეიძინა ”ბუკისა” და ”ასას” ტიპის საზენიტო -სარაკეტო კომპლექსები უკრაინიდან. ამ საშუალებებით, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩამოგდებულ იქნეს თანამედროვე აპარატები, რომელთა სიჩქარე შეიძლება ზებგერითიც კი იყვეს.” (სტილი დაცულია)

მაგრამ იზრდება არამხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის რესურსი. ეფექტური საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რუსეთის დახმარებით, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ხელთ აღმოჩნდა. ეს ინფორმაცია რუსულ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში 28 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც დაადასტურა:

[ვანო მერაბიშვილი] ”მათ ახლა შეიძინეს ”ბუკ-1მ”-ი. ამის შესახებ ბაღაფშმა განაცხადა. ეს არის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო- სარაკეტო კომპლექსი. ეს ძალიან სერიოზული საჰაერო-თავდაცვის საშუალებაა. მათ, აფხაზებს, შეუძლიათ ჩამოაგდონ ყველა საფრენი აპარატი 25 კილომეტრის სიმაღლეზე. ჩვენი სამგზავრო თვითმფრინავები დაფრინავენ 10, სამხედრო კი - 15—20 კილომეტრზე. აფხაზეთს ახლა უფრო მეტი შეიარაღება აქვს, ვიდრე სირიას.” (სტილი დაცულია)

და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოსგან განსხვავებით, აფხაზეთის თვითაღიარებულ მთავრობას და რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი საჰაერო ძალებისთვის ნაბრძანები აქვთ გაანადგურონ საქართველოდან შესული საფრენი აპარატი. 21 აპრილს სწორედ რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო გალის რაიონში ქართული უპილოტო თვითმფრინავი. საერთოდ კი, მარტ-აპრილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკონტროლო აფხაზეთის თავზე 2 უპილოტო თვითმფრინავი დაკარგა. საქართველოს კი, ბოლო 4 წლის განმავლობაში მომხდარი სერიოზული საჰაერო პროვოკაციების მიუხედავად, ერთხელაც კი არ უცდია სასხლეტზე ხელის გამოკვრა.
XS
SM
MD
LG