Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


დღევანდელი გადაცემა პაატა ბურჭულაძის საღამოს ეძღვნება.

[ბორის გოდუნოვი]

ეს გახლავთ პაატა ბურჭულაძის 2003 წელს გამართული საიუბილეო კონცერტის ჩანაწერი, კონცერტისა, რომელიც მომღერლის მოღვაწეობის 25 წლისთავს მიეძღვნა. 2003 წლის 17 ივნისს საქართველო ჯერ კიდევ არ ცხოვრობდა რევოლუციის მოლოდინში - კონცერტს მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა დაესწრო, მათ შორის, ედუარდ შევარდნაძე... თუმცა სწორედ ამ საიუბილეო კონცერტს მოჰყვა პატარა სკანდალი: საღამოს წამყვანმა მადლობა გადაუხადა ყველას, მაგრამ ჩამონათვალში დირიჟორები გამორჩა. ამის შემდეგ ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრის დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა საპროტესტო წერილით მიმართა საიუბილეო კონცერტის ორგანიზატორ ”თაგის არტს”. დირიჟორმა ”კონცერტის დაბალ ხარისხსა და არაორგანიზებულობაზე” ილაპარაკა - აღნიშნა, რომ ორკესტრს რეპეტიციის ნორმალურად ჩატარების საშუალება არ ჰქონდა.

15 ივლისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ისევ აჟღერდება მუსორგსკის ”ბორის გოდუნოვი” - ისევ პაატა ბურჭულაძის შემოქმედებითი მოღვაწეობის, ახლა უკვე 30 წლის, იუბილეზე. ოღონდ ამჯერად ორკესტრს არა ვახტანგ მაჭავარიანი, არამედ თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი - ბოლო დროს ბალტიმორის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი - იური ტემირკანოვი ჩაუდგება სათავეში. კონცერტის ორგანიზატორი ახლა თავად პაატა ბურჭულაძის ფონდი ”იავნანაა”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება საქველმოქმედო საღამო - შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება... და, რაც მთავარია, 5 წლის შემდეგ, სახელოვანი ქართველი ბანის შემოქმედებით საღამოზე, შეიცვლება მთლიანად ორკესტრიც - თბილისში ჩამოდის სანკტ-პეტერბურგის სიმფონიური ორკესტრი, 114 მუსიკოსის შემადგენლობით.

[სიმონ ბოკანეგრა]

თბილისელი ოპერის მომღერლები, ცხადია, სიამოვნებით მოისმენდნენ პაატა ბურჭულაძის საღამოზე არიებს ვერდის ოპერებიდან...ისე როგორც 2003 წლის ივნისში, როცა კონცერტში საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენმა თანამემამულეებმა სწორედ იტალიურ რეპერტუარს მიანიჭეს უპირატესობა. მაგრამ პაატა ბურჭულაძის სცენაზე მოღვაწეობის 30 წლისთავი წელს მხოლოდ თბილისში არ აღინიშნება - 15 ივლისს დაგეგმილი კონცერტი ნაწილია საიუბილეო საღამოების ციკლისა, რომელიც, თბილისის გარდა, სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და ლონდონში გაიმართება და ყველგან ბურჭულაძე სწორედ ბორის გოდუნოვს შეასრულებს - სხვათა შორის, თავის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პარტიას. საერთოდ, ბურჭულაძე რუსული ვოკალური მუსიკის უბადლო შემსრულებელი რომაა, ამას ყველაზე მკაცრი რუსი კრიტიკოსებიც აღიარებენ... დაუმატეთ ამას იური ტემირკანოვი - დირიჟორი, რომელსაც უსიამოვნებაც ჰქონდა ამერიკაში რუსული მუსიკით მეტისმეტი გატაცების გამო: ბალტიმორის ორკესტრის ყოფილმა დირიჟორმა,დევიდ ზინმანმა, იგი ღიად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ორკესტრის რეპერტუარში აღარ დარჩა ამერიკული მუსიკა... ჰოდა, ამიტომაც გასაგებია, რომ ტემირკანოვმა და ბურჭულაძემ ამ ერთობლივ კონცერტში სწორედ მუსორგსკის მიანიჭეს უპირატესობა.

[პაატა ბურჭულაძის ხმა - მუსორგსკის სიმღერა]

თბილისელები პაატა ბურჭულაძის გასტროლებით უკვე განებივრებულები არიან - წელს მომღერალმა რამდენიმე კონცერტი გამართა თავისი ფონდის, „იავნანას“, სახელით. ამიტომ ბურჭულაძის ეს საიუბილეო კონცერტი უფრო მეტად ქართველი ბანის თაყვანისმცემლებისთვის გახდებოდა საინტერესო, რომ არა სახელგანთქმული ორკესტრი და თავად 70 წლის მაესტრო (შეიძლება ითქვას, რომ, ამ მხრივ, ეს კონცერტი ტემირკანოვისთვისაც საიუბილეო იქნება) - მუსიკოსი, რომელიც იმითაც არის ცნობილი, რომ არასდროს გამოდის სადირიჟორო პულტთან დირიჟორის ჯოხით. სხვათა შორის, პირველად ამ ტრადიციაზე (თუ გნებავთ „აჩემებაზე“) ტემირკანოვს პაატა ბურჭულაძემ ათქმევინა უარი. ქართველი ბანი დირიჟორის ჯოხების კოლექციონერია...ჰოდა, როგორც ტემირკანოვი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ბურჭულაძემ თავად აჩუქა ჯოხი, რომლითაც მუსიკოსმა ორკესტრს უდირიჟორა, მერე კი უკან დაიბრუნა... თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი არ ადასტურებს, ცხადია, იმას, რომ თანამედროვეობის ორი დიდი მუსიკოსი თანამოაზრეები არიან ცხოვრებაში - ორივე ეჭვით უყურებს კლასიკური მუსიკის მეტისმეტ მოდერნიზაციას და კლასიკის მკაცრ, ზუსტ შესრულებას ანიჭებს უპირატესობას.

[ტემირკანოვის ორკესტრი. ]

იური ტემირკანოვი არამარტო ოპერის სამყაროშია ცნობილი. სხვადასხვა დროს მისმა ორკესტრებმა ცნობილ პიანისტებთან, მევიოლინეებთან ითანამშრომლეს. სანკტ-პეტერბურგელმა დირიჟორმა ჩაიწერა, მაგალითად, ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი ელისო ვირსალაძესთან ერთად...და აქაც შემოქმედებითი პრინციპების დამთხვევა მოხდა: სიზუსტის, ბგერის გამომსახველობის სიყვარული და გარეგნულ ეფექტებზე უარის თქმა არის ის, რაც იური ტემირკანოვსა და ელისო ვირსალაძეს აერთიანებს.

[ელისო ვირსალაძე]

იური ტემირკანოვმა თავის დროზე უდირიჟორა ორკესტრს გაეროს დაარსების 50 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე. გაგახსენებთ, რომ 2006 წელს, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, პაატა ბურჭულაძე გაეროს კეთილი ნების ელჩად აირჩიეს. ასე რომ, 2003 წელს ჩატარებული საიუბილეო კონცერტისგან განსხვავებით, 15 ივლისს პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამო უფრო მასშტაბური იქნება და მისი მნიშვნელობაც გაიზრდება... სხვა რომ არაფერი, ორკესტრს თბილისში ხანგრძლივი რეპეტიციები მაინც არ დასჭირდება.
XS
SM
MD
LG