Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიღუპა ბრონისლავ გერემეკი


კვირას ავტოკატასტროფაში დაიღუპა პოლონეთის ანტიკომუნისტური მოძრაობა "სოლიდარნოშჩის" ერთ-ერთი მთავარი ინტელექტუალური ლიდერი 76 წლის ბრონისლავ გერემეკი.

გერემეკი იყო "სოლიდარნოშჩის" ლიდერის, ლეხ ვალენსას წამყვანი მრჩეველი. მისი დამსახურებაა 1980 წლის გდანსკის შეთანხმების მიღწევა, რასაც მოჰყვა "სოლიდარნოშჩის" აღიარება კომუნისტური ბლოკის პირველ თავისუფალ პროფკავშირად. მოგვიანებით გერემეკი პოლიტიკური ოპოზიციის მთავარი ფიგურა იყო 1989 წლის ე.წ. მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებებზე, რამაც საფუძველი ჩაუყარა პოლონეთის გადასვლას დემოკრატიულ წყობილებაზე. გერემეკი იყო პოლონეთის პარლამენტის წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. სიცოცხლის ბოლო წლებში კი იგი ევროპარლამენტის წევრი გახლდათ.

როგორც პოლიციის წარმომადგენელმა, ჰანა ვახოვიაკმა განუცხადა რეიტერის სააგენტოს, გერემეკის მანქანა დასალეთ პოლონეთის ქალაქ ლუბიენის მახლობლად გზის მარცხენა სავალ ნაწილზე გადავიდა და შეეჯახა საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილს.

პოლონეთის პრეზიდენტმა, გერემეკის პოლიტიკურმა ოპონენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით.

ევროპის კომისიამ და საფრანგეთმა, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, გერემეკს "თავისი ქვეყნის დიდი სინდისი" უწოდეს კომუნისტური რეჟიმის პირობებში ლიბერალური დემოკრატიისთვის ბრძოლისა და მოგვიანებით ევროპის ერთიანობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

"ის იყო განსაკუთრებული მასშტაბის ევროპელი, ურყევი პრინციპების მქონე პოლონელი. მთელი სიცოცხლის მანძილზე ის უკომპრომისო პოლიტიკური სიმამაცის მაგალითი იყოო," ნათქვამია ევროკომისიის თავმჯდომარის, ხოსე მანუელ ბაროზუს განცხადებაში.

აი, როგორ იხსენებს გერემეკი ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში იმ პერიოდს, როდესაც პოლონეთმა კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითი მისცა აღმოსავლეთი ევროპის დანარჩენ ქვეყნებს.

[გერემეკის ხმა] "მე ვფიქრობ, კომუნისტურ რეჟიმთან შეგუების დონე შედეგების მიხედვით უნდა იქნეს განხილული. ჩვენ პირველი ქვეყანა ვიყავით კომუნისტურ ბლოკში, რომელმაც მოიპოვა თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა. ეს იყო შეზღუდული თავისუფალი არჩევნები გარიგების მიხედვით. მაგრამ ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც სხვებს მისცა ნიშანი, რომ ეს შესაძლებელი იყო. ვფიქრობ, ცვლილებების ამ პროცესზე ისტორიული თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა კომუნისტური რეჟიმი ამ "დანარჩენ ევროპაში", პოლონელ მუშებს გდანსკის გემსაშენში, ლენინის სახელობის გემსაშენში, 1980 წლის აგვისტოში რომ არ გადაეწყვიტათ და არ გაებედათ თავისუფლებისთვის ბრძოლა. და არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა ბერლინის კედელი და გაყოფილი ევროპა, პოლონეთის მრგვალ მაგიდას 1989 წელს რომ არ მიეცა ტოტალიტარული რეჟიმიდან მშვიდობიანი გადასვლის მაგალითი."

წვეროსანი, მუდამ ჩიბუხიანი გერემეკი აღიარებული ისტორიკოსი და მრავალი წიგნის ავტორი იყო.

ახალგაზრდობაში გერემეკი პოლონეთის კომუნისტური პარტიის რეფორმატორულ ფრთას განეკუთვნებოდა, მაგრამ 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ინტერვენციის შემდეგ მან დატოვა პარტია.

70-იან წლებში გერემეკი პოლონეთის ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურდ იქცა. მოგვიანებით კი ის მხარში ამოუდგა გდანსკის გემსაშენის მუშების გაფიცვებს, რომელთაც სერიოზულად შეარყია პოლონეთის კომუნისტური რეჟიმი და "სოლიდარნოშჩს" მისცა დასაბამი.

1981 წლის 13 დეკემბერს პოლონეთის კომუნისტმა ლიდერებმა საგანგებო ვითარება გამოაცხადეს და გერემეკი "სოლიდარნოშჩის" სხვა წამყვან წევრებთან, მათ შორის ლეხ ვალენსასთან, ერთად დააპატიმრეს.

1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ გერემეკი პოლონეთის პარლამენტის წევრი გახდა პარტია დემოკრატიული კავშირის სიით.

1997 წელს პრიემიერ-მინისტრმა იერჟი ბუზეკმა გერემეკი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. მას ეს თანამდებობა 2000 წლამდე ეკავა. მინისტრობის პერიოდში გერემეკმა წარმატებით მიაღწია თავის მთავარ მიზანს მას მერე, რაც 1999 წელს პოლონეთი ნატოს წევრი გახადა.

"გერემეკი იყო მგრძნობიარე, კულტურული პიროვნება, რომელიც მრავალ ნიჭს აერთიანებდა. ის გახლდათ ადამიანი, რომელიც სიამოვნებით მეყოლებოდა ჩემს გვერდით და არა ოპონენტადო", ასე აფასებს გარდაცვლილ კოლეგას მისი პოლიტიკური ოპონენტი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადისლავ ბარტოშევსკი.

ბოლოს გთავაზობთ კიდევ ერთ ნაწყვეტს გერემეკთან ინტერვიუდან, რომელშიც იგი საუბრობს იმაზე, თუ რა არის კომუნიზმთან ბრძოლის საქმეში პოლონეთის გაკვეთილი დანარჩენი მსოფლიოსთვის:

[გერემეკის ხმა] "ამ პოლონური ფენომენის მნიშვნელოვანი გაკვეთილი პირველ რიგში ისაა, რომ მნიშვნელოვანია, არ გეშინოდეს. რომ დაინახო, რის გაკეთებაა შესაძლებელი. მეორე: მნიშვნელოვანია ავტორიტარული რეჟიმისადმი წინააღმდეგობის პოლიტიკური განზომილების დანახვა. არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ პოლიტიკა თითქოს მხოლოდ პროფესიონალ პოლიტიკოსებს ეხება. მესამე: ძალიან მნიშვნელოვანია არაძალადობრივი ფილოსოფიის აღიარება. "სოლიდარნოშჩის" პერიოდში ერთი ფანჯარაც კი არ ჩამტვრეულა თავისუფლების 500 დღის მანძილზე. ძალადობა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან იყო. დაბოლოს, მნიშვნელოვანია პურისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეის დანერგვა პრაგმატული თვალსაზრისით, რაც ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მოლაპარაკება არის მოქმედების ეფექტიანი საშუალება. ასეთი მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად დიდი მნიშვნელობა აქვს მოპირდაპირე მხარისგან მინიმალური ნდობის მოპოვებას. ეს იოლი არ არის. მაგრამ თუკი გვსურს ასეთი მოლაპარაკებები, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია."

ეს გახლდათ ნაწყვეტი ბრონისლავ გერემეკთან ინტერვიუსი, რომელიც მან ჩვენს რადიოს 2005 წელს მისცა პრაღაში სტუმრობისას.
XS
SM
MD
LG