Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო პროცესის გადადებამ ტელეკომპანია „მაესტროს“ არსებობას საფრთხე შეუქმნა


ტელეკომპანია „მაესტრო“ განაგრძობს ბრძოლას მაუწყებლობის საერთო ლიცენზიის მოსაპოვებლად.

უარის შემდეგ კომპანიამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სასამართლოში უჩივლა, თუმცა, მოპასუხის მიზეზით, საქმის არსებითი განხილვა სარჩელის შეტანიდან ხუთი თვის თავზეც კი არ დაწყებულა. მოსარჩელე მხარე იმედოვნებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 13 ივლისისათვის დანიშნულ პროცესზე საქმეს მკვდარი წერტილიდან დაძრავდა, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა და საქმის განხილვა ისევ გადაიდო. რა გახდა ამის მიზეზი და რა საფრთხე შეუქმნა პროცესის გადადებამ ტელეკომპანია „მაესტროს“?

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ სტუდია "მაესტროს" სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 13 ივლისს, დილის ათ საათზე, უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, პროცესი ათი სექტემბრისთვის გადაიდო. ტელეკომპანია ”მაესტროს” ინტერესების დამცველი ორგანიზაციის - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ - გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე გაოცებას გამოთქვამს მოსამართლის გადაწყვეტილების გამო:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „მოტივი, რაც დასახელდა, ანუ ის, რომ კომუნიკაციების კომისიის ორი იურისტი ბათუმში არის საქმის გასაცნობად, ვფიქრობთ, რომ უსაფუძვლო იყო, იმიტომ რომ, რეალურად, შეიძლებოდა ერთი იურისტის გაგზავნა, თანაც მასალების გაცნობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც საქმის არსებითი განხილვა. ამან განაპირობა საქმის სექტემბერში გადადება. არადა, როცა სარჩელი შეგვქონდა, სასამართლოს მივმართეთ თხოვნით, რაც შეიძლება სწრაფად განხილულიყო სარჩელი.“(სტილი დაცულია)

სარჩელის დროული განხილვა, როგორც გიორგი ჩხეიძე ამბობს, „მაესტროს“ ხელმძღვანელობის ახირება არ ყოფილა. მამუკა ღლონტი, ტელეკომპანიის მთავარი პროდიუსერი, ამბობს, რომ გაურკვევლობა, რომელშიც „მესტრო“ იმყოფება, სპონსორებთან კონტრაქტების დადებისა და განვითარების საშუალებას არ იძლევა:

[მამუკა ღლონტის ხმა] „სასამართლო პროცესის გადატანამ კითხვის ქვეშ დააყენა „მაესტროს“ არსებობა. მოგეხსენებათ, რომ ტელევიზია არის ძვირი ბიზნესი. იმისათვის, რომ ფორმატი შეიცვალოს, საჭიროა რამდენიმე თვე. სექტემბერში რომც მოვიგოთ ეს პროცესი, დაგვჭირდება რამდენიმე თვე, რომ შევცვალოთ ფორმატი. ასევე მოგეხსენებათ, რომ სარეკლამო კომპანიები წლის ბოლოს დებენ ხელშეკრულებებს ტელეკომპანიებთან. წლის ბოლოს კი ჩვენ არ გვექნება გამართული და სრული ფორმატი. შესაბამისად, გაისად ძალიან ბევრი სარეკლამო კომპანია ვერ გააფორმებს ჩვენთან ხელშეკრულებას.“

ტელეკომპანია ”მაესტრომ” მაუწყებლობის საერთო ლიცენზიის მოთხოვნით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ მიმართა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. გაირკვა, რომ კომისიამ 2008 წლის 22 მაისს, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარებისა და შედეგების მიღებამდე სამაუწყებლო სფეროში ლიცენზიების გაცემის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მედიის ექსპერტს ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ კომისიას სულ სხვა მიზანი ამოძრავებს:

[ზვიად ქორიძის ხმა] „კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაინტერესებულია, რომ არ მისცეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მაუწყებლობაზე ლიცენზია არავის. პრაქტიკულად ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ტელეკომპანია „ალანიამ“ მიიღო საერთო ეროვნულ მაუწყებლობაზე ასეთი ტიპის ლიცენზია. ეს, უბრალოდ, მიჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება არის თვითონ დაინტერესებული, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არ გასცეს მსგავსი ტიპის ლიცენზიები.“

ზვიად ქორიძის ამ მოსაზრებას სახალხო დამცველიც იზიარებს. სოზარ სუბარის თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკური კურსის გამტარებელია. გარდა ამისა, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ხარვეზებია კანონმდებლობაში. კერძოდ, სახალხო დამცველის თქმით, საკაბელო ტელევიზიას, როგორიცაა ”მაესტრო”, არ უნდა სჭირდებოდეს ლიცენზია, ანუ ნებართვა იმისა, თუ როგორი შინაარსის გადაცემები მოამზადოს:

[სოზარ სუბარის ხმა] „ფორმატს, შინაარსს განსაზღვრავს მარეგულირებელი კომისია და ეს არის არასწორი, როცა საქმე ეხება ისეთ მაუწყებლებს, რომლებიც, სიხშირის ნაცვლად, კაბელით მაუწყებლობენ. სიხშირის რეგულირება სახელმწიფოს მიერ შეიძლება დასაშვებიც იყოს, იმიტომ რომ სიხშირე არის ამოწურვადი რესურსი, მაგრამ კაბელი არ არის ამოწურვადი რესურსი. ”მაესტროს” და სხვა საკაბელო ტელევიზიებს როცა უდგენ შინაარსობრივ რეგულირებას, ეს იგივეა, გაზეთებს დაუდგინო, რაზე წერონ. მაგალითად, ”რეზონანსს” მოსთხოვო წეროს პოლიტიკაზე, ”ახალ თაობას” - სპორტზე და ასე შემდეგ. ესაა ცენზურა და სხვა არაფერი.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG