Accessibility links

logo-print

ინტერვიუ ტერი დევისთან აზერბაიჯანში მოახლოებულ არჩევნებზე


15 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება აზერბაიჯანში - ქვეყანაში, რომელსაც სათავეში უდგას ილჰამ ალიევი,

როგორც ცნობილია, წინა პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის შვილი. ავტორიტეტიან უფლებადამცავ ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუზის” 2007 წლის შეფასებით, აზერბაიჯანი “არათავისუფალი” ქვეყნების რიგში დგას - და ეს მიუხედავად, იმისა, რომ ბაქომ, 2001 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას, დემოკრატიული მაჩვენებლების გაუმჯობესება ივალდებულა...

რატომ ვერ შეუწყო ხელი ევროპის საბჭოს წევრობამ აზერბაიჯანის დემოკრატიზაციას, ან რამდენად შესაძლებელია, 15 ოქტომბერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს? ამ და სხვა შეკითხვებით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ტერი დევისს მიმართა ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტმა, ხადიჯა იზმაილოვამ. ახლა მათი საუბრის შინაარსს გაგაცნობთ.

“ვფიქრობ, შესაძლებელია, აზერბაიჯანში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება - მართლაც ჩატარდება თუ არა სხვა საქმეა, მაგრამ შესაძლებელი არისო”... ტერი დევისის შეფასებები, გამოთქმული ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ინტერვიუში, უმეტესწილად ასე განზოგადებულობით და დიპლომატიურობით გამოირჩევა.

“შესაძლებელია სამართლიანი იყოს, მაგრამ სხვა საქმეა იქნება თუ არა”, ან კიდევ პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე - “რა მოხდება, თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ შეუწყობს ხელს არჩევნების უკეთ ჩატარებას, ვიდრე წინა კენჭისყრების დროსო?” ტერი დევისის პასუხი: “ ეს ძალიან გამაწბილებდაო”.

უფრო ვრცელი გამოდგა პასუხი ჩვენი კოლეგის შეკითხვაზე - “რას აკეთებეთ, როცა გაწბილებული ბრძანდებითო?”

[ტერი დევისის ხმა] ”ეს ძალიან კარგი შეკითხვაა! რას ვაკეთებ, როცა გაწბილებული ვარ - გაწბილებული კი, სამწუხაროდ, ხშირად ვარ, - ველაპარაკები ქვეყნის ხელისუფლების წევრებს და მოვუწოდებ მათ, უკეთ იმუშაონ შედეგის გასაუმჯობესებლად და ჩატარებული არჩევნების შემდეგ მაშინვე დაიწყონ შემდეგი არჩევნებისთვის მზადება. იცით, არჩევნების ხარისხი დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას აკეთებ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე - იგულისხმება, მაგალითად, საარჩევნო სიების დაზუსტება; შეთანხმება იმაზე, თუ როგორ შეუშალო ხელი ერთი და იმავე ადამიანის მიერ ხმის ორჯერ მიცემას.”

არჩევნებისთვის მზადების კონტექსტში, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა შეახსენებს ოპოზიციური პარტიების შეფასებას, რომ აზერბაიჯანი არ არის მზად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომ ოპოზიციას არ ეძლევა საპროტესტო აქციების გამართვის შესაძლებლობა, რის გამოც ის ბოიკოტით იმუქრება. საპასუხოდ ტერი დევისი ყურადღებას ამახვილებს არჩევნების მეთვალყურეების როლზე:

[ტერი დევისის ხმა] “დიახ, რასაკვირველია, არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან უცხოეთიდანაც და თვით აზერბაიჯანშიც. რაც შეეხება უცხოელ დამკვირვებლებს - ევროპის საბჭო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მეთვალყურეებს აგზავნის. თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ აღმოჩნდება, მოველი, რომ საპარლამენტო ასამბლეა ძალიან კრიტიკულ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ეს წინასწარ ვერ მეცოდინება, მაგრამ თქვენი შეკითხვის პასუხად - შესაძლებელია თუ არა კარგი არჩევნების ჩატარება - ვამბობ, დიახ, შესაძლებელია! მოველი, რომ უცხოელი მეთვალყურეები გვეტყვიან, იყო თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი. ამ ანგარიშს მოველი ძალიან მალე არჩევნების შემდეგ - ბაქოში დეკემბერში ჩემს ვიზიტამდე”.

წინასწარ კი ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანში ჟურნალისტების დაპატიმრების გამო და ჩვენი რადიოს ჟურნალისტს შეახსენებს, რომ ეს შეშფოთება უკვე რამდენიმეჯერ, საჯაროდ გამოთქვა.
XS
SM
MD
LG