Accessibility links

როგორია დმიტრი მედვედევის საგარეო-პოლიტიკური კურსი?


მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, ვინ შეცვლიდა ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, ხშირად დასმულა შეკითხვა,

შეძლებდა თუ არა ის, დმიტრი მედვედევი, თავის დაღწევას წინამორბედის გავლენისაგან; ან მოისურვებდა თუ არა თვით პუტინი (პრემიერ მინისტრის პოსტზე) ახალი პრეზიდენტისთვის დაეთმო საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა. და აი, სამშაბათს მედვედევის გამოსვლამ, რომლითაც მან საგარეო-პოლიტკიური სტრატეგია წარმოადგინა, როგორც ჩანს, ორივე შეკითხვას გასცა პასუხი.

დმიტრი მედვედევის მიერ მოსკოვში, საგარეო უწყებაში შეკრებელი წამყვანი რუსი დიპლომატებისთვის წარდგენილი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგია იმ კონცეფციის ერთგვარ გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ამ 8 წლის წინ, პრეზიდენტად მოღვაწეობის დასაწყისში წარმოადგინა ვლადიმირ პუტინმა. გუშინ მედვედევმა მიუთითა რუსეთის მზარდ გავლენაზე მსოფლიო პოლიტიკაში, გააკრიტიკა აშშ-ის დაგეგმილი ანტისარაკეტო სისტემა და კოსოვოს დამოუკიდებლობა.

მთავარი, თვალშისაცემი სხვაობა კი - თუ ისევ პუტინს და მედვედევს შევადარებთ - ამ უკანასკნელის გამოსვლის ტონია: უფრო ზომიერი, უფრო თავშეკავებული.

[მედვედევის ხმა] “ცივი ომისაგან განთავისუფლებულ მსოფლიოს ჯერაც ვერ უპოვია ახალი ბალანსი. მეტიც - წარსულიდან შემორჩენილი მიდრეკილება ძალისმიერი მეთოდებისადმი ძლიერდება მთელი რიგი მიმართულებებით. და თქვენ ეს კარგად მოგესხენებათ. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია კვლავაც თავშეკავების გამოჩენა და ფხიზლად განსჯის უნარის შენარჩუნება, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა კვლავაც კომპეტენტურად, კონფრონტაციის გარეშე, როგორც დამოუკიდებლად, ისე პარტინორებთან ერთად”.

მედვედევის გამოსვლის ამ ნაწყვეტში “ახალი ბალანსი” იყო ნახსენები. თუ როგორ წარმოუდგენია ის რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, აჩვენებს მითითება იმ გარემოებაზე, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კავშირის განმტკიცებას სწრაფად განვითარებად ორ ქვეყანასთან: ჩინეთთან და ინდოეთთან.

ევროკავშირი მედვევედმა მოიხსენია რუსეთის გრძელვადიან ეკონომიკურ და სტრატეგიულ პარტნიორად და ახსენა დიდი პოტენციალი, რომელიც მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობაში ძევს. თუმცა, როგორც ზემოთ უკვე მივანიშნეთ, შეერთებულმა შტატებმა მკაცრი კრიტიკაც დაიმსახურა ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმის გამო. შეიძლება ითქვას, რომ პუტინის სტილში იყო მუქარა, რომელიც მედვედევმა გამოთქვა - მოსკოვი ადვეკატურ ზომებს მიმართავსო ...

როგორც უნდა იყოს, ამბობს რუსი პოლიტოლოგი, ფიოდორ ლუკიანოვი, რუსეთმა გრძელი გზა გაიარა მას შემდეგ, რაც პუტინმა 2000 წელს წარმოადგინა საგარეო პოლიტიკური სტრატეგია:

[ლუკიანოვის ხმა] “უდავოდ! ამის შეფასება სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთმა პუტინის დროს სრულიად სხვა ადგილი მოიპოვა, ეს ცხადია. ყურადღება არ მიაქციო იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი - რაც შესაძლებელი იყო 8-10 წლის წინ, ახლა უკვე არ გამოდის. ეს ნაწილობრივ არის დაკავშირებული თვით რუსეთის ქმედებებთან, ნაწილობრივ კი ძალიან მძიმე შეცდომებით, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა დაუშვა იმავე ბოლო 8 წელიწადში, რასაც მოჰყვა მისი დასუსტება და, შესაბამისად, იმ ძალების განმტიკცება, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ალტერნატიულობაზე”.

მედვედევის საგარეო-პოლიტიკური სტრატეგია საყურადღებოა იმ თემების გამოც, რომელსაც ის არ მოიცავს. არაფერია ნათქვამი, მაგალითად, რუსეთ-ბელორუსიის კავშირის შექმნაზე, ან ბალტიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან კარგი ურთიერთობის პერსპექტივაზე. ასევე არ მიეკუთვნება მედვედევის სტრატეგიულ მიზნებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთთა თანამეგობრობის გამოყენება მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაციისთვის.

ამის მაგვირად უპირატესობა ენიჭება ორმხრივ ურთიერობებსა და კონტაქტებს მომცრო გაერთიანებებში, როგორიცაა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია.

ზოგადად, მედვედევის განმარტებით, რუსეთის პოლიტიკა განისაზღვრება უფრო პრაქტიკული, ვიდრე იდეოლოგიური მოსაზრებებით. ექსპერტი ფიოდორ ლუკიანოვი ადასტურებს, რომ უკვე ახლაც ასეა:
[ლუკიანოვის ხმა] “პოსტსაბჭოთა სივრცეში ურთიერთობებში ძალიან კარგად ჩანს არა იდელოგიური, არამედ რეალურ-პოლიტიკური, ან გეო-პოლიტიკური მიდგომა. რუსეთი, მოქმედებს რა “რეალური პოლიტიკის” კლასიკური სქემით, ცდილობს თავისი პოზიციის განმტკიცებას მთელი პერიმეტრით, ახდენს ძალის დემონსტრირებას, რაც ისევდაისევ არის არა იდეოლოგიური, არამედ გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. საერთოდ, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იდეოლოგია საგარეო პოლიტიკაში, რაც ასე ახასიათებდა ამ 5, 7, 10 წლის წინ შეერთებული შტატების ან ევროკავშირის პოლიტიკას, საერთოდ, ცოტა არ იყოს, უკანა პლანზე გადადის, რადგან არ მოაქვს სასურველი შედეგები. რუსეთი, ვფიქრობ სწორედ ამას გულისხმობს , პირველ რიგში, როცა ამ თემაზე პრეზიდენტი ლაპარაკობს - რომ მთელს ამ კონსტრუქციებს, რომელთა მიზანიცაა დემოკრატიის გავრცელება და ა.შ. - რომ მათ არაფერი მოაქვთ და ამიტომ საჭიროა მოქმედება ზუსტად კლასიკური სქემების შესატყვისად.”

მედვედევის გამოსვლას, ბუნებრივია ყურადღებით უსმენდნენ უცხოეთში და ეს ეხება, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს, სეპარატისტული კონფლიქტების გამო მოსკოვთან უაღრესად გამწვავებული ურთიერთობის ფონზე.

პარლამენტის წევრ ნიკა რურუას კომენტარი: [ნიკა რურუას ხმა] “არ უნდა ველოდეთ რუსეთისაგან არც ერთ პროგრესულ, თავისუფლებაზე ორიენტირებულ, დემოკრატიაზე ორიენტირებულ განვითარებას. რუსეთი რჩება ქვეყანა, რომელსაც ეშინია ჰყავდეს თავისუფალი ქვეყნები მეზობლად, დემოკრატიული ქვეყნები და, პრინციპში, ის რაც აწყობს მთელს ცივილიზებულ ე.წ. თავისუფალ სამყაროს, არ აწყობს რუსეთს. ნატოს გაფართოება მთელი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მიერ არის მიჩნეული დემოკრატიის გაფართოებად, თავისუფალი სივრცის გაფართოებად, გამჭვირვალე, ღია საზოგადოებების გაფართოებად. რუსეთს ამისი ეშინია”.

დაბოლოს, რაც შეეხება ყველაზე აშკარა ნიშანს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში წინა პრეზიდენტის კურსი გაგრძელდება: მედვედევის საგარეო-პოლიტიკური სტრატეგია ითვალისწინებს სიახლეს და ეს გახლავთ საგარეო-პოლიტიკური კურსით გათვალისწინებული ზომების განხორციელება პრემიერ-მინისტრის მიერ. ეს, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინი ხელს არ იღებს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაზე...
XS
SM
MD
LG