Accessibility links

logo-print

პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიში ჩაიბარა


საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესია სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენით დაასრულა. დეპუტატებმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს




და სახალხო დამცველის 2007 წლის ანგარიში მხოლოდ ცნობად მიიღეს. როგორც მოსალოდნელი იყო, სოზარ სუბარის ორსაათიანი გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობამ კრიტიკულად შეაფასა. არაკომპეტენტური, პოლიტიკური პათოსით გაჯერებული და ცალმხრივი - ეს იმ ეპითეტთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც უხვად იქნა გამოყენებული ომბუდსმენის ანგარიშის შეფასებისას. საკითხავია, რამ გააღიზიანა მმართველი პარტიის წევრები და როგორ უპასუხებს სახალხო დამცველი კრიტიკას.

საქართველოს პარლამენტმა, სულ ცოტა, ორჯერ დაარღვია კანონი, როცა 2007 წლის ჯერ პირველ და შემდეგ მეორე ნახევარში უარი თქვა სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე. ხარვეზი ახალი მოწვევის პარლამენტმა გამოასწორა, თუმცა ანგარიშის მოსმენამდეც ნათელი იყო, რომ დეპუტატები რეზოლუციის ან დადგენილების მიღებით აღმასრულებელ ხელისუფლებას პრობლემას არ შეუქმნიდნენ.

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] „პარლამენტს აქვს უფლება არ მიიღოს არანაირი გადაწყვეტილება, აქვს უფლება მიიღოს რეზოლუცია, აქვს უფლება მიიღოს დადგენილება. გადაწყვეტილების ფორმას ითხოვენ როგორც კომიტეტები, ასევე ფრაქციები... უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში განსხვავება არ ყოფილა - პარლამენტი ყოველთვის ცნობად იღებდა.“ (სტილი დაცულია)

და მართლაც, ამჯერად განსხვავებული არაფერი მომხდარა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა ზუსტად გამოიცნო შედეგი, რითაც პარლამენტის სხდომა და ანგარიშის მოსმენა დასრულდებოდა. არადა, სახალხო დამცველი მთელი ორი საათის განმავლობაში, როგორც თავად განმარტა, მხოლოდ ფაქტებით ლაპარაკობდა. სოზარ სუბარმა გვერდი ვერ აუარა 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს:

[სოზარ სუბარის ხმა] „ხელისუფლება შეუწყნარებლობას იჩენს შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების მიმართ. 2007 წლის 7 ნოემბერს, აქციის დაშლისას, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებულ გამოყენებას, სისასტიკეს, მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეთა და იქ შემთხვევით მოხვედრილ მოქალაქეთა დევნას ქუჩებსა და შენობებში, ასევე კანონის უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატა კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური საშუალების - რეზინის ტყვიების - გამოყენებაში...“(სტილი დაცულია)

მოხსენების ჩაკითხვის შემდეგ, დეპუტატებმა ჩვეულებას უღალატეს და სახალხო დამცველის ანგარიში დეტალურად გაარჩიეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა სახალხო დამცველს კანონების ცოდნა დაუწუნა:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ბატონო სოზარ, როგორც ჩანს, თქვენ კარგად იცნობთ პოლიციის შესახებ კანონს და მაინტერესებს, როგორ განმარტავთ მე-12 მუხლის მე-5 მუხლს, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ აკრძალულია მხოლოდ იმ საშუალებების გამოყენება, რომელიც იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით, და მაინტერესებს საერთაშორისო კონვენციებით სადმე ხომ არ არის აკრძალული რეზინის ტყვიების გამოყენება.“

სოზარ სუბარმა დეპუტატის შენიშვნა არ მიიღო. რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პოლიციამ რეზინის ტყვიების გამოყენებით კანონი დაარღვია:

[სოზარ სუბარის ხმა] „პოლიციის შესახებ კანონი პირდაპირ ამბობს, რომ სპეციალური საშუალება, რომელიც არის ჩამოთვლილი, იმას ვერ გასცდება. ჩამონათვალი არის ძალიან ზუსტი და ამომწურავი და იქ არ არის რეზინის ტყვიები. ძაღლი წერია, ცხენი წერია, ჯავშანმანქანა წერია, წინაღობის განმგრევი მანქანა წერია... რეზინის ტყვია არ წერია. მოვიგონოთ, რომ ყველაფრის უფლება გვაქვს?“ (სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ, მთლიანობაში, სოზარ სუბარის ანგარიშმა, ერთი-ორი ოპოზიციონერის გარდა, პარლამენტის ყველა წევრი უკმაყოფილო დატოვა. არადა, ზოგიერთ დეპუტატს, გარდა იმისა, რომ ომბუდსმენის სახელი ეშლებოდა, დასაშვებად მიაჩნდა ყოფილი კოლეგის ფიზიკური ხელყოფაც:

[ელდარ კვერნაძის ხმა] „ბატონო ცეზარ, როცა ამბობთ, რომ პოლიციელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ასევე ახსენეთ პოლიციელთა ხელყოფის ფაქტებიც. რა, პოლიცია არ არის ადამიანი? ბეჟან გუნავაზე რომ ამბობთ... ბეჟან გუნავას დაბადებიდან სცემენ, თვითონ იწვევს ამ აგრესიას.“(სტილი დაცულია)

ეს იყო დეპუტატი ელდარ კვერნაძე, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას ორიგინალური არ ყოფილა. გიორგი გაბაშვილსა და პეტრე ცისკარიშვილს მოუსმინეთ.

[გიორგი გაბაშვილის ხმა] „სახალხო დამცველი არის კიდევ ერთი პოლიტიკოსი, ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებებით, რომლის უკან ხშირად დგას მხოლოდ მოარული ჭორები და ხმები.“(სტილი დაცულია)

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] „როგორც მოსალოდნელი იყო, სახალხო დამცველის გამოსვლა იყო ცალმხრივი და მიკერძოებული, გაჯერებული პოლიტიკური პათოსით. ასეთი გამოსვლა ახდენს სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუციის, დისკრედიტაციას.“(სტილი დაცულია)

პეტრე ცისკარიშვილმა სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაცია ახსენა, თუმცა რაიმე სახის კვლევა, რომელიც ნათქვამს დაადასტურებდა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არ მოუტანია. საინტერესოა, რას ფიქრობენ ომბუდსმენზე თბილისელები - ენდობიან თუ არა ისინი სახალხო დამცველს.

[მამაკაცის ხმა] „სოზარ სუბარს აქვს ავტორიტეტი. ესაა ადამიანი, რომელიც ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, და სიტუაციას რეალურად აფასებს. ყველაფერზე თავისი აზრი გააჩნია და ეს, მიუხედავად იმისა, ემთხვევა თუ არა მისი აზრები ხელისუფლებისას. ცხადია, ავტორიტეტიანი კაცია.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „სუბიექტურია შეფასება... თუმცა ამ ბოლო დროს ცდილობს. კარგი იქნება, მეტად ობიექტური თუ იქნება.“(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] „ნამდვილად ობიექტურია! ძალიან ვნერვიულობთ და განვიცდით, გვინდა მისი მხარდაჭერა.“(სტილი დაცულია)

ეს ქალბატონი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან ოპონირებისას სახალხო დამცველს მხარდაჭერა და დაცვა სჭირდება. თავად სოზარ სუბარი კი ამბობს, რომ, იარლიყის მიკერების მიუხედავად, არ აპირებს პოზიციის შეცვლას და მომავალშიც გააგრძელებს იმ სახელმწიფო მოხელეებისა და უწყებების მხილებას, რომლებიც უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს. სახალხო დამცველი ასევე ამბობს, რომ ხელისუფლებას არც წინა წლებში ჩადენილი დანაშაულების დავიწყების საშუალებას მისცემს:

[სოზარ სუბარის ხმა] „ის, რომ გირგვლიანი 2006 წელს მოკლეს, ის, რომ რობაქიძე 2005 წელს მოკლეს და საქმეები დღემდე არაა ბოლომდე მიყვანილი, ეს არ უნდა ახსენოს სახალხო დამცველმა? ის, რომ გელაშვილს სცემეს და დღემდე არ არის საქმე გახსნილი... რა მნიშვნელობა აქვს როდის მოხდა. გახსნილი ხომ არ არის? ამიტომ მე ამ საქმეებს ვახსენებ ყოველთვის, ყოველ ჯერზე, სანამ ვიქნები სახალხო დამცველი და მას შემდეგაც, როცა არ ვიქნები. იმიტომ რომ მე ვარ ხალხის დამცველი და არა ხელისუფლებისა.“

XS
SM
MD
LG