Accessibility links

logo-print

უვე ჰალბახი: '' სეპარატიზმის საკითხში რუსეთი ორმაგ სტანდარტს მიმართავს'' ინტერვიუ გერმანიის საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის მკვლევართან


აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, გერმანიის მიერ შემუშავებულ გეგმაზე და, ზოგადად, აფხაზეთის კონფლიქტზე, რადიო "თავისუფლება" ესაუბრა უვე ჰალბახს,

ბერლინის საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელს.

უვე ჰალბახს ჯერ ვთხოვეთ, მსმენელისთვის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის გეგმის ძირითად დებულებებზე ესაუბრა.

უვე ჰალბახი: “ამჟამად განიხილება სხვადასხვა სამშვიდობო გეგმა საერთაშორისო დონეზე - გეგმები აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. შეერთებულმა შტატები გამოვიდა წინადადებით საერთაშორისო საპოლიციო შენაერთის განთავსების შესახებ. გერმანიამ კი სწორედ ეს სამეტაპიანი გეგმა შემოიტანა - რომელიც პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ნდობის აღდგენაზე გაძლიერებულ ზრუნვას, და პირველ რიგში, ისევ აბრუნებს მოლაპარაკების მაგიდასთან კონფლიქტის მხარეებს. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ეკონომიკური რეაბილიტაციის ხელშეწყობას და მხოლოდ მესამე ეტაპზე მიდგება საქმე კონფლიქტის მოგვარებაზე - სტატუსის გარკვევაზე.”

რამდენად რეალისტური, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ეს გეგმა?

უვე ჰალბახი: “გეგმა არ მოიცავს მაინცდამაინც ახალ ელემენტებს, მაგრამ ესაა ელემენტები, რომლებზე საუბარიც სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნდობის აღდგენა ერთ წელიწადშია შესაძლებელი, არადა, თუ სწორად მესმის, გეგმის პირველი ეტაპისთვის ერთწლიანი ვადაა განსაზღვრული. კავკასიის მთელი გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ ნდობის აღდგენა ძალიან, ძალიან, ძალიან ხანგრძლივი პროცესია”.

უვე ჰალბახს ვკითხეთ, რატომ წარმოადგინა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა მაინცდამაინც გერმანიამ. ბერლინელი ექსპერტის პასუხი ასეთი იყო:

უვე ჰალბახი: "რადგან გერმანიას მიაჩნია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლი მისთვის განსაკუთრებით მისადაგებულია. მრავალ საერთაშორისო მოთამაშეს შორის სწორედ გერმანიაა ის, რომელსაც რუსეთშიც და საქართველოშიც თავისი არხები მოეპოვება, და როგორც ერთ, ისე მეორე მხარესთან კარგი ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული. გარდა ამისა, 2003 წლიდან გერმანიას ეკისრება კოორდინატორის როლი გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ფორმატში. შესაბამისად, გერმანიის როლი მათრლაც განსაკუთრებულია და ახლა ის ამ როლის აქტიურად შესრულებას იწყებს."

ბოლო ხანს თვით პრეზიდენტი სააკაშვილიც და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ხშირად იმეორებენ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, უფრო სწორად კი თბილისის მისამართით მოსკოვის მიერ გადადგმული არაკეთილმეზობლური ნაბიჯები, დასავლეთმა ერთგვარ სასინჯად უნდა წარმოიდგინოს. ანუ, თუ რუსეთი საქართველოში თავის მიზანს მიაღწევს, ხვალ იგი უკრაინას მიადგება, ზეგ კი, შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც მოისურვოს დაკარგული გავლენის აღდგენა. რას ფიქრობს ყოველივე ამაზე ბერლინელი პოლიტოლოგი, უვე ჰალბახი?

უვე ჰალბახი: "ერთი მხრივ, ეს ასეა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მაინც ძალიან სპეციფიკურია. თუნდაც რუსეთისა და უკრაინის ან რუსეთისა და რომელიმე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ურთიერთობასთან შედარებით. ეს ურთიერთობა გაცილებით უფრო დაძაბულია ყველა იმ ურთიერთობას შორის, რომელიც რუსეთს თავის რომელიმე მეზობელთან აქვს. საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულებაში აშკარად იკვეთება რუსეთის მიმართება მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის - სეპარატიზმისადმი. ამ საკითხში რუსეთი მეტად უცნაურ ორმაგ სტანდარტს მიმართავს. ერთი მხრივ, ის სეპარატიზმს მსოფლიო პოლიტიკის პრობლემად აცხადებს - მაგალითად, ჩინეთთან ერთად, შანხაის თანამშომლობის ორგანიზაციის ფარგლებში; ან კოსოვოს შემთხვევაში გადაჭრით ამბობს, რომ გამოყოფის დაკანონება ზიანს აყენებს საერთაშორისო წყობას. არადა, საქართველოს მიმართ რუსეთი ატარებს მეტად საეჭვო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია სეპარატისტული მთავრობების აქტიური მხარდაჭერისკენ."

უვე ჰალბახის აზრით, გულუბრყვილობაა წარმოვიდგინოთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მალევე გამოიღებს შედეგს ან, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი.

უვე ჰალბახი: "აფხაზეთის საკითხში ახლა მთავარია კონფლიქტის თავიდან აცილება, ანუ შემდგომი ესკალაციის არდაშვება. რაზეც ახლა არ ვსაუბრობთ, და უახლოეს მომავალში ალბათ ვერც ვისაუბრებთ, კონფლიქტის მოგვარებაა. კონფლიქტის მოგვარებას უკვე 13 წელია, უშედეგოდ ვციდლობთ. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ახლა მოკლე დროში მოხერხდება მისი ნამდვილი, პოლიტიკური მოგვარება."
XS
SM
MD
LG