Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიადა: თამაშების მოახლოებასთან ერთად, მღელვარება და მზადების ტემპი იზრდება


2008 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე - 8 აგვისტომდე - სამიოდე კვირა რჩება. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს სპორტსმენები

მზარდი მღელვარებით და ინტენსივობით განაგრძობენ თამაშებისთვის მზადებას. მაინც ვინ როგორ ემზადება ოლიმპიადისთვის?

ეროვნულმა ნაკრებებმა უკვე დაიწყეს ჩინეთში ჩასვლა იმისათვის, რომ თამაშების დაწყებამდე აზიურ პირობებთან აკლიმატიზაცია მოასწრონ. თუმცა, ჰაერის ცნობილი დაბინძურების გამო, ბევრი სპორტული ბაზა, ჩინეთის ნაცვლად, სამხრეთ კორეაში ან იაპონიაშია განთავსებული.

სპორტსმენებს ჩინეთში თამაშების დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანენ. ბევრს კი ბოლომდე უცხოეთში დატოვებენ და ჩინეთში მხოლოდ უშუალოდ მისი გამოსვლისთვის ჩაიყვანენ ხოლმე.

თამაშებამდე დარჩენილ კვირებში ყველა სპორტსმენის - და მათი მწვრთნელების - მთავარი საზრუნავი სპორტსმენთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის მაქსიმალური მობილიზაციაა. როგორც სიდნეიში მცხოვრები სპორტის ფსიქოლოგი გრანტ ბრეხტი ამბობს, სპორტსმენთა ემოციური მომზადება, შესაძლოა, ფიზიკურ წვრთნაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანიც კი იყოს:

[ბრეხტი]
”ეს ზუსტად ასევე მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად არა, იმიტომ რომ თამაშებში ბევრი სპორტსმენი თანაბარი ფიზიკური მონაცემებით ჩაერთვება და მათთვის სწორედ ის იქნება მნიშვნელოვანი, თუ როგორ გააკონტროლებენ თავიანთ ემოციურ მდგომარეობას.”

სეულში ყველაზე ადრე ჩასულ ერთ-ერთ ნაკრებს კუბის ბეისბოლისტები წარმოადგენენ. მათი მწვრთნელის, ანტონიო პაჩეკოს, თქმით, ოლიმპიადის დაწყებამდე სპორტსმენები კორეულ კლუბებში ითამაშებენ და ოლიმპიადისთვის ასე მოემზადებიან.

სხვა ქვეყნებმა კი მხოლოდ ახლახან დააკომპლექტეს თავიანთი ნაკრებები. ბერლინში განთავსებულმა გერმანიის ოლიმპიურმა კომიტეტმა 435 სპორტსმენისგან შემდგარი ნაკრები დაასახელა და გუნდს მიზნად დაუსახა, სულ მცირე, ათენის თამაშებზე ნაჩვენები შედეგის - 49 მედლის - გამეორება.

კიდევ სხვა ქვეყნები - შეერთებული შტატები, მაგალითად - თავიანთ წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ირჩევენ, რაც, ცხადია, ზოგი სპორტსმენისთვის სიხარულს, ზოგისთვის კი იმედგაცრუებას მოასწავებს.

ზოგი ქვეყანა სპორტული აზარტის გაძლიერებას თავისი სპორტსმენებისთვის, მოგების შემთხვევაში, მასშტაბური ფინანსური ჯილდოს შეთავაზებით ცდილობს. მაგალითად, რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა ოქროს მედლის მომპოვებელ ყველა სპორტსმენს 160 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადოს - უწინდელ თანხებთან შედარებით, ეს თითქმის სამჯერ გაზრდილი ჯილდოა.

რაც შეეხება თავად ჩინეთს, ოლიმპიადის წინ მას საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნა. წლის დასაწყისში ტიბეტში ჩინეთის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციები გაიმართა. ამან ჩინეთს უხერხულობა შეუქმნა, ვინაიდან საპროტესტო ტალღამ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები განახლებული ძალით მოაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში.

შემდეგ კი, მაისში, ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც დაახლოებით 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა იმ კომპეტენტურმა რეაგირებამ, რომელიც ჩინეთმა ამ ტრაგედიის მიმართ გამოავლინა, თითქოს ადამიანის უფლებების საკითხებზე მიმართული ყურადღება მოადუნა - როგორც იკვეთება, ბევრი უფლებადამცველი ორგანიზაცია შეურიგდა ფაქტს, რომ ოლიმპიური თამაშები გაიმართება და მას მსოფლიოს ლიდერები დაესწრებიან.

სპორტის ფსიქოლოგი გრანტ ბრეხტი, რომელიც ჩინეთს ცოტა ხნის წინ ესტუმრა, ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მომხდარ მოვლენებთან გასამკლავებლად ჩინელებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ:

[ბრეხტი]
”ჩინელები ძალიან, ძალიან მოწადინებულები არიან, რომ ეს საქმე კარგად გამოვიდეს და, ვფიქრობ, ისინი ყველა საჭირო რესურსს აამოქმედებენ იმისათვის, რომ ეს მოვლენა ძალიან, ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს. მართლაც, იმის მიუხედავად, რომ გარკვეულმა მოვლენებმა მათი ყურადღების, გარკვეულწილად, სხვა რამეზე გადატანა გამოიწვია, ჩემი აზრით, მათ ყოველივე ამასთან გასამკლავებლად საკმარისი რესურსი აქვთ.”

თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთის ლიდერები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. პირიქით, მათ დიდად აშფოთებს ის, რომ ოლიმპიურ თამაშებს ათასობით უცხოელი ჟურნალისტი დაესწრება - და ეს იმ დროს, როდესაც ქვეყნის სოფლებში იზრდება დაძაბულობა და პროტესტი ქვეყანაში სიმდიდრის არათანაბარი გადანაწილების გამო. გასულ თვეში, ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს, ათიათასობით გაბრაზებულმა პირმა დასავლეთის ქალაქ ვენგანში სახელმწიფო უწყებების შენობებსა და მანქანებს ცეცხლი წაუკიდა.

ისევე როგორც ყველა დიდი სპორტული ღონისძიების დროს, ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ მიმდინარე წელს 12 ტერორისტული უჯრედი გაანადგურა, რომლებიც თამაშების დროს თავდასხმებს გეგმავდნენ. მაგრამ, მთავრობის კრიტიკოსების ვარაუდით, პეკინი, შესაძლოა, თამაშებს ქვეყნის დასავლეთში მცხოვრებ უიგურთა უმცირესობაზე ზეწოლის საბაბად იყენებდეს. გავრცელებული ცნობებით, ტერორისტული დაჯგუფებები სწორედ იქ აღმოაჩინეს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG