Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებს შეხვდა


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან სოხუმის ნაცვლად გალის რაიონში გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ გერმანიის მიერ წარმოდგენილ გეგმას პრინციპულად არ ეთანხმება და კვლავ მოითხოვს კოდორის ხეობიდან საქართველოს შიარაღებული ძალების გაყვანას და თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას. მინდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გერმანული გეგმისა და ოფიციალური სოხუმის პოზიციის შესახებ გესაუბროთ.

17 ივლისს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან თბილისსა და ბათუმში გამართული შეხვედრების შემდეგ, 18 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სამშვიდობო გეგმის პროექტი სოხუმის ხელისუფლების ლიდერებსაც წარუდგინა. შეხვედრა სოხუმში უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობის გამო გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელისა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მოლაპარაკება გალში შედგა. გერმანიის წარმომადგენელმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სამეტაპიანი გეგმის განსახილველად ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა შესთავაზა. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ გერმანიის მიერ წარმოდგენილ გეგმას პრინციპულად არ ეთანხმება. სოხუმის პოზიცია უფრო დეტალურად რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განმარტა:

[სერგეი შამბას ხმა] „მთლიანობაში ეს გეგმა მისაღები არ არის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ შეიძლება მისი დამუშავება, მაგრამ ეს ყველაფერი - საუბრები, დიალოგი აფხაზეთსა და საქართველოს შორის - შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველომ დაარღვია ხელმოწერილი შეთანხმება, როდესაც კოდორის ხეობაში ჯარები შეიყვანა და სანამ ის მოლაპარაკებათა პროცესის ჩარჩოებში არ დაბრუნდება, ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ დიალოგის აღდგენაზე. ეს უაზრობაა, თუ საქართველო ყოველ ჯერზე დაარღვევს ხელმოწერილ შეთანხმებას და ახალ პოზიციებზე დამაგრდება.“

სოხუმის ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ შეხვედრა ძალიან რთული იყო და მხარეების პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. მიუხედავად ამისა, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრებმა მაინც უნდა გააგრძელონ მცდელობა, რომ სამეტაპიანი გეგმის განხორციელება დაიწყოს და კონფლიქტში ჩართული მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი ესკალაციის რისკი კიდევ უფრო გაიზრდება.



ვითარების განმუხტვა, დიალოგის დაწყება, ნდობის აღდგენა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განმარტებებიდან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანებია. დიალოგის პროცესში კი უნდა გადაწყდეს მთავარი საკითხები, დაწყებული დევნილების დაბრუნებით თუ რეგიონის რეაბილიტაციით და დამთავრებული აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრით.

აფხაზეთის საკითხთა ექსპერტის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ამ გეგმაში ახალი არაფერია და ის სწორედ ამიტომ არის მიუღებელი აფხაზური ხელისუფლებისთვის:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „დღევანდელი არსებული გეგმიდან ახალი აღარაფერი დარჩა, ანუ ყველაფერი ძველებურადაა და ამიტომ რატომ უნდა დაეთანხმოს აფხაზური მხარე ამას, გაუგებარია. აი, რაც სააკაშვილს შესთავაზეს ბერლინში, ის იყო ტიპიურად საქართველოსთვის დაწერილი - იქ იყო სიახლეები, აბსოლუტურად არ ითვალისწინებდა აფხაზურ მხარეს, არარეალური იყო, მაგრამ სიახლე იყო. ახლანდელი დოკუმენტი ყველა მხარის დაკმაყოფილებას ცდილობს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.“

გერმანიის სამეტაპიანი გეგმის შესახებ სხვაგვარი შეხედულება აქვს კიდევ ერთ ექსპერტს, რამაზ საყვარელიძეს. მისი აზრით, გეგმაში ბევრი ელემენტია ისეთი, რომელიც ოფიციალური თბილისის პოზიციას არ ეთანხმება:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] „მაგრამ დაწყებას სჭირდება თანხმობა და ამიტომ, ქართული მხარის ინტერესების გარდა, გათვალისწინებული იქნა აფხაზური მხარის ინტერესებიც. რახან აფხაზური მხარე არ მოიხიბლა, ეს ნიშნავს, საბაბი იყო მხოლოდ კოდორის ხეობა და თავდაუსხმელობის აქტის ხელმოწერა, თორემ რეალურად იმათ სიტუაციის გამწვავება უნდათ მხოლოდ და მხოლოდ. “

ვითარება რომ რთულია, ამაზე მეტყველებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებაც, რომელიც მან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] „სტატუსის საკითხი თითქოს გადადებულია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ის კი არ უნდა გადავდოთ, არამედ პირველ პლანზე წამოვწიოთ. ჩვენთვის ეს ყველაზე მთავარია. ჩვენ საკუთარი სტატუსი განსაზღვრული გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.“

სერგეი ბაღაფშთან გამართული შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ბათუმში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, მოგვიანებით კი ის რუსეთის დედაქალაქს ესტუმრება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ ესაუბრება. შეხვედრამდევე ცნობილია, რომ ლავროვი გერმანიის ინიციატივით შედგენილ სამეტაპიან გეგმას არ ეთანხმება.
XS
SM
MD
LG