Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 756-ე გამოშვება


წამყვანი:
ჩვენი რადიოჟურნალის დიდი ნაწილი დღეს კულტურას ეთმობა - მაგრამ ჯერ მედიაზე ვილაპარაკებთ: ჩვენსავე რადიოზე. შეიტყობთ, რატომ ხურავენ რუმინულ სამსახურს ჩვენს რადიოსა და BBC-ში, და ვილაპარაკებთ იმაზეც, რა რთული და სახიფათო შეიძლება იყოს ობიექტური, სანდო ინფორმაციის მოპოვება-გავრცელება... შემდეგ კი კულტურაზე: დღეისთვის შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ გამოიწვია ქართველი პოეტის ლექსმა “აქ ნუ დადგებით” მწვავე რეაქციები და ანგარიშსწორების მუქარაც კი. გიამბობთ მძიმე პრობლემაზე, რომლის წინაშეც დგანან ფილმ “სუბორდინაციის” პერსონაჟები. “მეათე სტუდიას” მარიამ ჭიაურელი უძღვება.
[მუსიკა]

რუმინული სამსახურები იხურება BBC-სა და ჩვენს რადიოში

წამყვანი:
10 დღეზე ცოტა მეტიც და ჩვენი რადიოს მაუწყებლობა შეწყდება რუმინეთში: 31 ივლისი იქნება ბოლო დღე, როცა გადაცემას მოამზადებენ და ეთერში გადასცემენ “რადიო თავისუფალი ევროპა”- “რადიო თავისუფლების” რუმინული სამსახურის ჟურნალისტები, რითაც დასრულდება მაუწყებლობის თითქმის 60-წლიანი ისტორია. სხვათა შორის, იმავე დღეს რუმინულ სამსახურს ხურავს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC. ყოველივე ეს არ ნიშნავს, თითქოს რუმინულენოვანი გადაცემები წყდებოდეს - ჩვენი რადიო განაგრძობს მაუწყებლობას მოლდავეთზე. მაგრამ, ასეა თუ ისე, თვით რუმინული სამსახური იხურება და ეს, ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, სინანულს იწვევს ბევრ მსმენელში...

სინანულს იწვევს არა მარტო ნოსტალგია: ჩვენი რადიოს რუმინული სამსახურის დამსახურება ჩაუშესკუს რეჟიმის მხილებასა, თუ რუმინეთში დემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობაში. სინანულის მიზეზი მეტია: თუნდაც ის, რომ 23 ივლისს, ანუ რადიო თავისუფალ ევროპა-რადიო თავისუფლების და ბიბისის რუმინული სამსახურების დახურვამდე სულ ერთი კვირით ადრე, ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს ბუქარესტის წარუმატებლობაზე, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. რიგითი რუმინელებიდანაც ბევრი იზიარებს შეფასებას, რომ კომუნიზმის დამხობა, ნატოში, შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება - საკმარისი არ გამოდგა კორუფციისა და ნეპოტიზმის აღმოსაფხვრელად, რუმინეთში ჯანსაღი, გამჭვირველე დემოკრატიული სისტემის ასამოქმედებლად.

მეტიც - ბევრი არ იზიარებს არგუმენტს, რომელსაც ჩვენი რადიოს რუმინული სამსახურის დახურვაზე მიღებული გადაწყვეტილების დასასაბუთებლად იყენებენ: რომ რუმინეთს დღეს მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი აქვს, რომ გამოდის 70-ზე მეტი ყოველდღიური გაზეთი, რომ მაუწყებლობს 300-მდე კერძო FM- რადიოსადგური, რომ აღარაფერი ითქვას საკაბელო ტელევიზიასა და ინტერნეტზე... შესაბამისად, რომ ყოველივე ეს საკმარისია მოსახლეობის ობიექტურად, მრავალმხრივ ინფორმირებისთვის.

მაგრამ ასე არ ფიქრობენ, მაგალითად, რუმინული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ჯგუფმაც გასულ კვირაში საგანგებო წერილით გააპროტესტა “რადიო თავისუფალი ევროპა”-“რადიო თავისუფლებისა” და BBC-ის რუმინული მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება. “თითქმის მთელი მედია რუმინეთში კონტროლდებოდა და ახლაც კონტროლდება ოლიგარქიის მიერ, რომელიც ფესვგადგმულია ყოფილ კომუნისტურ რეჟიმსა და მის უშიშროების სამსახურში (სეკურიტატეში)”, - ვკითხულობთ 15 სამოქალაქო გაერთიანებისა და პროფკავშირის წერილში, “რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლებისა და BBC-ის რუმინული სამსახურების მაუწყებლობას კვლავაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს რუმინეთის ნამდილი დემოკრატიზაციისათვისო”.

ამ შეფასებას იზიარებს ავსტრიელი ჟურნალისტი ჰანა რონცჰაიმერი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მედიის შესახებ ყოველკვირეული რადიოპროგრამის ავტორი: [რონცჰამიერის ხმა] “ბევრი ამბობს, რომ “რადიო თავისუფალი ევროპის” ფუნქცია დღეს აღარ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც კომუნისტურ დროში იყო, რადგან ახლა ბევრი კომერციული საინფორმაციო საშუალება მაუწყებლობს. მაგრამ ბევრი იმასაც ამბობს, რომ რადიოს ფუნქცია ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ სანდო საინფორმაციო წყაროა - ამის პოვნა კი ძალიან გაგიჭირდება რუმინეთის მედიალანდშაფტში. იქ გავრცელებულია კორუფცია, კავშირი პოლიტიკას, ეკონომიკასა და მედიას შორის. ამდენად, პრესა არ არის მართლა თავისუფალი”.

ცნობას ჩვენი რადიოსა და BBC-ის რუმინული სამსახურების დახურვის გეგმაზე, ფართო გამოხმაურება ახლავს რუმინულენოვან პრესაში და ვებსაიტებზე. ცნობილი ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები იხსენებენ იმ დროს, როცა, თუ პუბლიცისტ იოზიფ კლაინ მედესანის სიტყვებს მოვიშველიებთ, BBC-ის, “რადიო თავისუფალი ევროპა” – “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” მაუწყებლობა აძლებინებდა კომუნისტურ კოშმარს “მილიონობით რუმინელს, მოწყურებულს სიმართლეს, მიუკერძოებელ ინფორმაციასა და დაბალანსებულ კომენტარებს”.

სწორედ ჩავლილ “კომუნისტურ კოშმარზე” მითითებით, მწერალი კრისტიან ტეოდორესკუ, ჩვენი რადიოს ბუქარესტის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა კი პრესტიჟულ სალიტერატურო ჟურნალ “ლეტტრე ინტერნაციონალეს” რედაქტორი, ფიქრობს, რომ “რადიო თავისუფალი ევროპა”-“რადიო თავისუფლების” მაუწყებლობის შეწყვეტა ბევრს გაახარებს კიდეც:

[ტეოდორესკუს ხმა] “ეს ყველაზე ძალიან გაუხარდებათ ყოფილი “სეკურიტატეს” წრეებში - იმათ, ვინც “რადიო თავისუფალი ევროპის” ჩაჩუმებას ცდილობდა თავდასხმებითა და დაშინებით. ეს თავდასხმები გამოაშკარავდა და ახლა “რადიო თავისუფალი ევროპის” ისტორიის შემადგენელი ნაწილია. გახარებულები დარჩებიან კომუნისტური ეპოქის კულტურის მუშაკებიც, რომლებიც - ჩაუშესკოს დროს - დაუნდობელ პროპაგანდას ეწეოდნენ: მწერლები, როგორიცაა ადრიან პოპესკუ, ან დინა სარარუ, ან კორნელიუ ვადიმ ტუდორი, რომელიც ურცხვად მონაწილეობდა ჩაუშესკუს პიროვნების კულტის შექმნაში და რომელიც მიწასთან გაასწორა “რადიო თავისუფლებამ”, რითაც ისტორიაში შევიდა და, უდავოდ, გავლენა მოახდინა რუმინეთის ისტორიაზე.”

ეს შეფასება რუმინელმა მწერალმა თავის ვებ-ბლოგშიც გამოთქვა, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა - ზოგი ხოტბას ასხამს რადიოს, ზოგი მის დესტრუქციულ ძალას გმობს... ზოგი კი უბრალოდ ფიქრობს, რომ რადიოს დახურვაში ტრაგიკული არაფერია. მისი მისია კომუნიზმის დამხობით შესრულდა, ობიექტური ინფორმაციის გავრცელების მოვალეობა კი სხვებმა, სხვა მედია-საშუალებებმა იტვირთეს.

შეიძლება თუ არა ეს დამოკიდებულება ჩაითვალოს ნიშნად იმისა, რომ რუმინეთი და მისი მედია ნელა, მაგრამ მაინც, წინ მიიწევს სტაბილური დემოკრატიის გზაზე?

კრისტიან ტეოდორესკუს პასუხი: [ტეოდორესკუს ხმა] “ჩემი აზრით, კი. და არა მარტო იმიტომ, რომ ზოგი, ვინც BBC-ის და რადიო თავისუფალ ევროპაში მუშაობდა, ახლა რუმინეთის მედიაში მუშაობს - არამედ იმიტომაც, რომ რუმინელ ჟურნალისტს პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითარდა და ზოგჯერ ურჩევნია იზარალოს, მაგრამ ყველაფერს იზამს, რათა არ დაუშვას, რამის გაკეთება აიძულონ. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ადგილობრივი მედია სწორი მიმართულებით მიდის. ამ თვალსაზრისით, როგორც “რადიო თავისუფალმა ევროპამ”, ისე BBC-ის მ საეტაპო როლი შეასრულეს.”

რუმინელი ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების გარდა, ჩვენი რადიოსა და BBC-ის ისტორიული დამსახურება არაერთხელ აღუნიშნავს რუმინეთის პრეზიდენტსაც, ტრაიან ბასესკუს. მას “რადიო თავისუფალი ევროპა”- “რადიო თავისუფლების” რუმინული სამსახურის გადაცემები “ერის სინდისად” აქვს მოხსენიებული. თუ როგორ ფასდება ჩვენი რადიოს მუშაობა, ამაზე შემდეგ სიუჟეტშიც იქნება საუბარი.

ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”

[მუსიკა]

ჩვენი კოლეგები, რომელთაც ერთადერთი "ბრალი" მიუძღოდათ: ისინი ჟურნალისტები იყვნენ...

წამყვანი:
მიმდინარე კვირაში, 15 ივლისს ვაშინგტონში გაიმართა ცერემონია, რომელზეც პატივი მიაგეს ჩვენი რამდენიმე კოლეგის ხსოვნას - საქმე ეხება ჟურნალისტებს, რომელთაც სიცოცხლის ფასად დაუჯდათ თავიანთი პროფესიით მუშაობა. ისინი სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა გარემოებებში გამოასალმეს სიცოცხლეს. მიზეზი კი ერთი იყო: ჟურნალისტად მუშაობა. 1954 წლიდან მოყოლებული, 10 თანამშრომელი ჰყავთ დაკარგული საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც “აშშ-ის მაუწყებლობის მმართველთა საბჭოში”, ანუ BBG-ში არიან გაერთიანებული. სწორედ BBG-ის თაოსნობით გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია ვაშინგტონში, “ამერიკის ხმის” შტაბ-ბინაში. დავით კაკაბაძეს მოუსმინეთ.

დავით კაკაბაძე:
სამწუხარო პირველობა ჩვენი თანამშრომლებიდან, ვისაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა ჟურნალისტობა, “რადიო თავისუფალი ევროპა”- “რადიო თავისუფლების” ბელორუს კორესპონდენტს, ლეონიდ კარასს ეკუთვნის. ის გერმანიაში 1954 წელს, საეჭვო ვითარებაში დაიხრჩო.

ყველაზე გახმაურებულად კი, ალბათ, ჩვენი რადიოს ბულგარელი თანამშრომლის, ცნობილ მწერალ და დისიდენტ გეორგი მარკოვის მკვლელობა უნდა ჩაითვალოს: ის 1978 წელს, ლონდონში, მოწამლული ქოლგის ჩხვლეტით გამოასალმეს სიცოცხლეს...

მსმენელს გავახსენებთ კიდევ ერთ, ტრაგიკულად დაღუპულ კოლეგას, ისკანდარ ხატლონის. [ბლანკიტა უოლშ კალამის ხმა] “ისკანდარ ხატლონი. ხატლონი, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა” – “რადიო თავისუფლებისთვის” 1996 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი BBC-ის კორესპონდენტი იყო, მგრძნობიარე თემებს აშუქებდა ყოფილ საბჭოთა კავშირში”.

ხატლონი 2000 წელს მოსკოვში მოკლეს. მისი მომცრო ნეკროლოგი კი, ისევე როგორც დანარჩენი 9 ჟურნალისტის ნეკროლოგები, ვაშინგტონში გამართულ ცერემონიაზე წაიკითხა BBG-ის წევრმა ბლანკიტა უოლშ კალამმა. მისმა კოლეგამ, BBG-ის წევრმა ედუარდ კაუფმანმა დამსწრეთ (მათ შორის ბევრ ჟურნალისტს) შეახსენა, რომ 10 ადამიანს, რომელთა ხსოვნის პატივსაცემადაც ვაშინგტონში შეიკრიბნენ, ერთადერთი “ბრალი” მიუძღოდათ: ისინი ჟურნალისტები იყვნენ.

[ედუარდ კაუფმანის ხმა] “ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ბევრი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს. ერთ-ერთი უდიდესი არის ის, რომ ადგილები, სადაც ყველაზე მეტად გვინდა მაუწყებლობა, ის ადგილებია, სადაც მთავრობებს გულზე არ ეხატებათ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სადაც მტრულად არიან განწყობილი თავისუფალი პრესის მიმართ. ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ჟურნალისტს: ყოფილს, ამჟამინდელს, და მომავალს - და ბევრს იმ ადამიანებიდან, ვინც ახლა აქ არის. პატივს გცემთ თქვენი საქმიანობისთვის, ისევე როგორც პატივს მივაგებთ თქვენს დაღუპულ კოლეგებს”.

ედუარდ კაუფმანის კოლეგის, BBG-ის წევრ ხოაკინ ბლაიას რწმენით, რეპრესიულ რეჟიმებს კარგად მოეხსენებათ, რომ ჟურნალისტს მოკრძალებული ინტსრუმენტით - ობიექტური ინფორმაციის გავრცელებით - შეუძლია მიაღწიოს დიდ ეფექტს: თვალი აუხილოს ადამიანებს. სწორედ ამის ეშინიათ, ამას ებრძვიან რეპრესიული რეჟიმებიო, დასძენს ხოაკინ ბლაია.

[ხოაკინ ბლაიას ხმა] “მოვლენების თვალყურის დევნებით, სხვათა ხედვისთვის ყურის დაგდებით, შეკითხვების დასმით და შემდეგ ინფორმაციის გავრცელებით - ჟურნალისტები იბრძვიან უვიცობისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში. და თუ ჟურნალისტის სამუშაო იარაღი საწერკალმით, ქაღალდით, ზოგჯერ ლეპტოპით, კამერით ან მიკროფონით შემოიფარგლება, პრესის თავისუფლების ოპონენტთა არსენალი საკმარისად ხშირად მოიცავს მუშტსაც, დაპატიმრებას, სანქციებს და - როგორც ეს დღევანდელ ცერემონიაზე ძალიან თვალსაჩინოა - მკვლელობას”.

ჩვენს მოკლულ კოლეგებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ვაშინგტონში გამართულ ცერემონიაზე. ჩვენ კი უსაფრთხო, წარმატებული ჟურნალისტური საქმიანობა გვისურვეს და ამ საქმიანობის მთავარი მიზანიც შეგვახსენეს: [ბლანკიტა უოლშ კალამის ხმა] “ვცადოთ, ვემსახურთ იმ ხალხს მთელს მსოფლიოში, ვისაც ხელი არ მიუწვდება თავისუფალ ინფორმაციაზე, როგორსაც ჩვენი შეუდარებელი მაუწყებლები ავრცელებენ.”

ეს სიტყვები აშშ-ის მაუწყებლობის მმართველთა საბჭოში, ანუ BBG-ში შემავალი სამაუწყებლო კომპანიების თანამშრომელთა - 10 მოკლული ჟურნალისტის ხსოვნის ცერემონიაზე წარმოთქვა BBG-ის წარმომადგენელმა. ცერემონია, როგორც ზემოთაც მოგასხენეთ, 15 ივლისს ვაშინგტონში გაიმართა.

[მუსიკა]

”სუბორდინაცია” დახვეწას განაგრძობს

წამყვანი:
სტუდია ”სანგუკო ფილმსი” 2007 წელს განხორციელებული პროექტის დახვეწას განაგრძობს - უკვე გამოშვებულია სტუდიის ბაზაზე გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, ”სუბორდინაციის”, DVD ვერსია. ”სანგუკო ფილმსმა” მაინც გადაწყვიტა ვიდეოკამერით გადაღებული ”სუბორდინაცია” მაყურებლისთვის ახალი, ხარისხიანი ფორმატით შეეთავაზებინა, მიუხედავად იმისა, რომ, სტუდიის წარმომადგენელთა თქმით, ფილმის წარმატებული და ხანგრძლივი კინოგაქირავების შედეგად, უკვე მოხერხდა გაწეული ხარჯის (50 ათასი დოლარის) ამოღება. ”სანგუკო ფილმსის” წარმომადგენლებს სჯერათ, რომ DVD ვერსია ”სუბორდინაციას” ახალ გზას გაუხსნის, თუნდაც - ტელეეკრანებისკენ. აჩიკო ქავთარაძის ფილმი ნარკომანი ახალგაზრდების მძიმე რეალობას აღწერს. რამდენად შეძლო ”სუბორდინაციამ” დასახული მიზნის მიღწევა და რატომ აღარ არის ნარკომანია მოდაში - ლელა კუნჭულია მოგითხრობთ.

[იხ. ლელა კუნჭულიას სიუჟეტის აუდიოვერსია]

[მუსიკა]

რატომ ემუქრებიან პოეტ ეკა ქევანიშვილს?

წამყვანი:
მსოფლიო ლიტერატურა იცნობს არაერთ ავტორს, რომელთა მიერ შექმნილი მხატვრული ტექსტები ან სამოქალაქო პოზიცია საზოგადოების აღშფოთებისა და რისხვის საბაბი გამხდარა. ინდური წარმომავლობის ბრიტანელი მწერლის სალმან რუშდის შემთხვევაში საქმე მკვლელობის მუქარამდეც კი მივიდა. „სატანური ლექსების“ ავტორის გარდა, ასევე მოკვლით ემუქრებიან ნობელის პრემიის ერთადერთ თურქ ლაურეატს ორჰან ფამუქს, რომელიც ნაციონალისტების რისხვას შორეულ ამერიკაში ემალება. უნდა ითქვას, რომ მხატვრული ტექსტები გულგრილს ვერც საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს ტოვებს. „რადიო თავისუფლების“ მსმენელს, ალბათ, ახსოვს საპატრიარქოს უარყოფითი რეაქცია, რომელიც ლაშა ბუღაძის მოთხრობა „პირველი რუსის“ გამოქვეყნებას მოჰყვა. ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2007 წელს ლიტერატურულ პრემია „საბაზე“ ნომინირებული ახალგაზრდა პოეტის, ეკა ქევანიშვილის ერთი ნაწარმოები მოექცა. „აქ ნუ დადგებით“ - ასე ჰქვია ლექსს, რომელსაც აფხაზეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ არაეთიკური უწოდა და რომლის გამოც ავტორი დღემდე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარებს იღებს. ჯიმშერ რეხვიაშვილი შეეცადა იმის გარკვევას, თუ რაზეა ლექსი და რას ერჩიან ავტორს, რომლის ხმითაც იწყება ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული მასალა.

[იხ. ჯიმშერ რეხვიაშვილის სიუჟეტის აუდიოვერსია]

წამყვანი:

“მეათე სტუდია” დასრულდა, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის! ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG