Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მიმოხილვა


საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესია მთელი რიგი საკანონმდებლო სიახლეებით დაასრულა.

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ შევიდა ცვლილებები. 2008 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 236,5 მილიონი ლარით გაიზარდა და, ჯამში, 6 მილიარდ 953 მილიონ ლარს მიაღწია. ყველაზე მეტი თანხა თავდაცვის სამინისტროს დაემატა - 295 მილიონი ლარი. 40 მილიონით გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, ხოლო დამატებით 45 მილიონი რეგიონებში დაუკონკრეტებელი საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებისათვის განისაზღვრა. ამ საყოველთაო ზრდის ფონზე ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 30 მილიონი ლარით შემცირდა.

პარლამენტმა საგადასახადო კოდექსიც გადასინჯა და ღვინოზე აქციზი გააუქმა, კვერცხის მიწოდება კი დღგ-თი დაბეგრა. პროექტის განხილვის პროცესში მცირე მეწარმეები ცვლილების შედეგად ბაზარზე მათი გაქრობის საფრთხეზე საუბრობდნენ. ასევე, აღნიშნავდნენ, რომ პრობლემები შეექმნებოდათ გლეხებსაც, რადგან მეწარმეები იძულებული გახდებოდნენ ფრინველის საკვები არა მათგან, არამედ იმპორტიორ კომპანია “კოდასგან” შეეძინათ. მცირე მეწარმეები იმასაც მიუთითებდნენ, რომ, კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, “კოდა” უპირატეს მდგომარეობაში დგებოდა. საპარლამენტო კულუარებში აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად პარლამენტის წინააღმდეგობისა, კოდექსში აღნიშნული ცვლილების შეტანა მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. შესაბამისად, “კოდას” მონოპოლისტობა უკვე მხოლოდ დროის საქმეა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მონაწილეობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,155 მილიონი ლარი გადაირიცხა. კერძოდ, ევროსაბჭოს განვითარების ბანკში _ 1,407 მილიონი და აზიის განვითარების ბანკში _ 1,747 მილიონი.

საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ კი ივნისში 84,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 20,9 მილიონი დოლარით (32,9%ით) მეტია შარშანდელ მონაცემზე. ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი ამჯერადაც რუსეთზე მოდის _ 53,5 მილიონი დოლარი, რაც გზავნილების მთლიანი მოცულობის 63,4%-ს შეადგენს. მას დიდი ჩამორჩენით უკრაინა და საბერძნეთი მოსდევენ.

ტრადიციულზე გაცილებით მეტი ფული შემოვიდა იტალიიდან და სომხეთიდან. სამაგიეროდ, იკლო ფულადმა ნაკადებმა ესპანეთიდან და ამერიკიდან.

ამერიკული კომპანია “ქარიდანის” შემდეგ, საქართველოში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობით ირანული კომპანია დაინტერესდა და 20 მეგავატის სიმძლავრის სადგურის მშენებლობის შესაძლო ადგილად გორის რაიონის სოფელი სკრა მიიჩნია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკაში ეს პირველი ირანული ინვესტიცია იქნება. ამასთან, ირანული კომპანია გურიაში ჰესის მშენებლობის შესაძლებლობასაც განიხილავს. რაც შეეხება “ქარიდანს”, რომელიც ელექტროსადგურის მშენებლობას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავდა, კომპანიამ შეთავაზებული პირობების მიუღებლობის გამო მთავრობასთან მოლაპარაკება დროებით შეწყვიტა.

მოლაპარაკებათა და განხილვათა ახალი ფაზა იწყება საქართველოს ნავთობისა და გაზის სალიცენზიო ბლოკების მფლობელი ინვესტორების გამოსავლენად. ინვესტორების მოძიების მიზნით ნავთობისა და გაზის ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ აპრილში ტენდერზე გაიტანა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 6 სალიცენზიო ბლოკი, რომლებიც მთელ საქართველოს ფარავს. ამ შეთავაზებით 13 კომპანია დაინტერესდა, მათ შორის ყველაზე მეტად გამოსარჩევია “მადნეულის” კომბინატის მფლობელი რუსული “ჯეოპრომაინინგი” და ინდოეთის გუჯარათის შტატის სახელმწიფო ნავთობკომპანია “ჯი-ეს-პი-ელი”.

“ჯეოპრომაინინგმა”, რომელსაც აქამდე საქართველოს ენერგოსექტორისადმი ინტერესი არასოდეს გამოუვლენია, განაცხადი ექვსივე სალიცენზიო ბლოკზე შეიტანა. აქედან სამცხე-ჯავახეთის სალიცენზიო ბლოკზე მისი განაცხადი ერთადერთია. რაც შეეხება კიდევ ორ ბლოკს, _ ქვემო ქართლისას, რომელიც “მადნეულის” განლაგების ზონასაც მოიცავს, და ყველაზე მსხვილ ბლოკს, რომელიც აჭარას, ჯავახეთის ნაწილს, გურიას და იმერეთს ფარავს, _ აქ რუსულ კომპანიას ხსენებული ინდური “ჯი-ეს-პი-ელი” დაუპირისპირდება.

შესაბამისად, რუსულ “ჯეოპრომაინინგს” აქვს რეალური შანსი, კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს პოზიციები ქართულ ბაზარზე და ამიერიდან უკვე ახალ სფეროში _ ენერგეტიკის სექტორში _ დაიწყოს მოღვაწეობა.

მიმდინარე კვირას წამყვანმა ქართულმა ინტერნეტპროვაიდერმა კომპანიამ “კავკაზუს ონლაინმა” ერთწლიანი პროექტის მთავარი ნაწილი ფოთში დაასრულა. ვარნიდან ფოთამდე 1400-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შემოვიდა. ამ ეტაპზე საქართველოში ინტერნეტი ორი გზით შემოდის _ თურქეთიდან და რუსეთიდან. ახალი მაგისტრალი კი ხელს შეუწყობს ქართველ აბონენტებს, ევროპული ინტერნეტით ისარგებლონ, რაც ხარისხს და სიჩქარეს გააუმჯობესებს.

სიახლეებია უძრავი ქონების ბაზარზე: თბილისის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში ახალი ასაშენებელი ობიექტების პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს სამ ლარს, ხოლო თბილისის დანარჩენ ტერიტორიაზე _ ორ ლარს. საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის მოსაკრებელი კი 5 ლარია.

უახლოეს ხანებში საქართველოში უძრავი ქონების წამყვანი საინვესტიციო კორპორაცია Oncor International შემოდის.
ახალი ოფისი კომერციული უძრავი ქონების და აუთვისებელი მიწის მესაკუთრეებს და დეველოპერებს კომპლექსურ კონსალტინგურ და საინვესტიციო მომსახურებას შესთავაზებს და საქართველოსა და აზერბაიჯანს მოემსახურება.
Oncor International კომერციული უძრავი ქონების სფეროში გლობალური საკონსულტაციო ქსელია. ის მსოფლიოს 36 ქვეყანაში 50-ზე მეტ პარტნიორ უძრავი ქონების კომპანიას და 2000-ზე მეტ გაყიდვების სამსახურს აერთიანებს.

კომპანიის თანამშრომლების მიერ კომერციული ფართების გაყიდვების მოცულობამ 2007 წელს 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. მის კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა American Express, Bank Of America, British Airways, Coca-Cola, FIAT, IBM, Intel, Royal Bank Of Scotland და სხვები.

ახალი სააგენტო, თბილისის გარდა, საქართველოს რეგიონებშიც იმუშავებს. ქვეყნის ძირითად გზატკეცილზე კი გადაადგილების ტემპი მატულობს. მიმდინარე კვირას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 12 კმ-იან მონაკვეთზე პარალელური მიმართულებით მოძრაობა გაიხსნა. აღაიანი-იგოეთის მონაკვეთზე მოძრაობა ამიერიდან უფრო სწრაფად, გაცილებით უკეთეს და უსაფრთხო გზის საფარზე იქნება შესაძლებელი. ჩქაროსნული ტრასის ამოქმედება ზაფხულში, როდესაც საკურორტო სეზონის გამო გზებზე გადაადგილება გააქტიურებულია, გზის ამ მუდმივად დატვირთულ მონაკვეთს უფრო ჩქარი ტემპით განტვირთავს.

საკურორტო ქალაქ ბათუმში კი მალე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით მხოლოდ ავტობუსები ივლიან. პირველ ეტაპზე ქალაქის ფარგლებში 75 ავტობუსი დაინიშნება, ქალაქისა და რაიონების დასაკავშირებლად კი დამატებით 25 ავტობუსი ივლის.
ტენდერის დასრულებისა და შესაბამისი მარშრუტების დადგენის შემდეგ ქალაქის ავტოტრანსპორტის სამსახური ავტობუსების მძღოლებზე კონკურსს გამოაცხადებს.

ამ დროისათვის ბათუმში 600-მდე სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს, ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 200-მდე შემცირდება.
XS
SM
MD
LG