Accessibility links

logo-print

რეგიონალური მედიის მიმოხილვა


მიმდინარე კვირას „ახალმა გაზეთმა“ შვიდი წლის იუბილე აღნიშნა და მკითხველს საგანგებო ნომერი შესთავაზა.

სპეციალურად საიუბილეო ნომრისთვის გაზეთის ჟურნალისტებმა პროფესია შეიცვალეს და სხვადასხვა ჭრილში დაგვანახვეს, როგორ ცხოვრობს ქუთაისი. მანანა ქველიაშვილი ერთი დღით მერის პრესმდივანი გახდა, თეა ზიბზიბაძე – ტავერნა „მღვიმის“ მიმტანი, მარი მუშკუდიანმა სილამაზის სალონში სტილისტობა ცადა, სოფიკო ყანჩაველი ტაქსის საჭესთან აღმოჩნდა, თამუნა ჩინჩალაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადას შეუერთდა, ეკა კუხალაშვილმა კი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლში „დიდრო“ ბებიას როლი მოირგო, ოღონდ - მხოლოდ რეპეტიციაზე.

ვინც „ახალი გაზეთის“ საიუბილეო ნომერს წაიკითხავს, იმაშიც დარწმუნდება, რომ ამ გაზეთის ჟურნალისტებს რეპორტაჟების მომზადებაში ბევრი ვერ გაეჯიბრება და ქუთაისის სისხლსავსე ცხოვრებასაც მკაფიოდ დაინახავს.

თითქმის მთლიანად ლიბერალურ ღირებულებებზეა ორიენტირებული მიმდინარე კვირის „გაზეთი ბათუმელები“. ბევრი სტატიიდან გამოვარჩევთ სამ მასალას, რომლებიც ეძღვნება ზაურ მარგიევის მიერ რუსულ ენაზე გამოცემული ისტორიული წიგნის განხილვას ბათუმის უნივერსიტეტში. სანიმუშოა თემის გაშლის ტექნიკა: ერთი სტატია თავად ფაქტს ეძღვნება, მეორე ექსპერტების კომენტარია, მესამე კი – ჟურნალისტის მოსაზრება. როგორც ნანა კვაჭაძე აღწერს, ცხარე პოლემიკა პატრიოტიზმისა და ქსენოფობიის ზღვარზე მიმდინარეობდა. გთავაზობთ მის მოსაზრებას: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა წიგნის კრიტიკა, არამედ ის ფაქტი იყო, რომ მეცნიერებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარგიევის ეთნიკური წარმოშობა საკმაოდ უხერხულ კონტექსტში ბევრჯერ ახსენეს. არავის უთქვამს, რომ ეს ადამიანი საქართველოს მოქალაქეა.“ საუნივერსიტეტო განხილვისას თქმულა, ასე განურჩევლად წიგნები არ უნდა იბეჭდებოდესო. ნანა კვაჭაძე უყურადღებოდ არც ამ ფაქტს ტოვებს და რიტორიკულ შეკითხვას სვამს: ცენზურაზე საუბარი საბჭოთა პერიოდის ნოსტალგიაა თუ ტენდენციური წიგნების კონტროლის სურვილი?

კონტროლის სურვილთან დაკავშირებით, გაზეთ ”ბათუმელების“ კიდევ ერთ მასალაზე უნდა შევჩერდე. ბათუმის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები გამოსცემენ ახალგაზრდულ გაზეთს „სტუდნიუსი“. იმის გამო, რომ გაზეთში ახალგაზრდები საკუთარ მოსაზრებებს თავისუფლად გამოთქვამენ უნივერსიტეტის ცხოვრების მზიანი თუ ჩრდილოვანი მხარეების შესახებ, სამი ნომრის შემდეგ გაზეთის რედაქტორი ტარიელ ცეცხლაძე უნივერსიტეტის პრესცენტრში დაუბარებიათ და პირდაპირ უთქვამთ, თუ ასე გააგრძელებ, შეიძლება სტუდენტის სტატუსი შეგიწყდესო. რადიო ”თავისუფლება“ საგანგებო ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ამ ახალგაზრდულ გაზეთს.

გურჯაანის გაზეთი „სპექტრი“ ბეჭდავს თამარ მათეშვილის სტატიას იმის შესახებ, რომ ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი არქეოლოგიურ–ეთნოგრაფიულ ფონდსაცავად გადაკეთდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 50 000–მდე უნიკალურ ექსპონატს მნახველები ვეღარ ეყოლება. ფონდსაცავში შესვლა მხოლოდ მეცნიერებისთვის და, ისიც, მხოლოდ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის ნებართვით იქნება შესაძლებელი. გურჯაანში ამ სიახლეს მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. გაზეთის რბილად გამჟღავნებული პოზიცია ისაა, რომ მომავალი თაობისთვის კულტურული საგანძური ხელმიუწვდომელი ხდება.

დღევანდელ მიმოხილვას დავასრულებ ქუთაისურ „პი ეს“–ში გამოქვეყნებული კურიოზული სტატიით, რომლის ავტორი ნინო ჯანელიძეა. როგორც ჟურნალისტი წერს, 21 მაისს ქუთაისის 102–ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადებულა გიგა ცინცაძე, რომელიც, სინამდვილეში, სტრადივარიუსის ვიოლინოს ქურდობისთვის სასჯელს ავსტრიაში იხდის. როგორც სტატიიდან ჩანს, არჩევნები დასრულებულია, მაგრამ დავიწყებული არ არის.


XS
SM
MD
LG