Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საგადასახადო ცვლილებები განხორციელდა სოფლის მეურნეობის სფეროში


ღვინის პროდუქციაზე აქციზური გადასახადი გაუქმდა, ქათმის კვერცხის მიწოდება კი დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრა.

შესაბამისი ცვლილება “საგადასახადო კოდექსში” საკანონმდებლო ორგანომ საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე მიიღო. როგორც ერთ ცვლილებას, ასევე მეორეს ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ერთნი ფიქრობენ, რომ ღვინის აქციზური გადასახადისგან გათავისუფლება ბევრს არაფერს ნიშნავს, კვერცხის წარმოების დამატებული ღირებულებით დაბეგვრა კი ამ დარგის განვითარებას შეაფერხებს. გამოითქმის საწინააღმდეგო მოსაზრებებიც.

ქათმის კვერცხის პირველადი მიწოდების დამატებული ღირებულების 18 პროცენტიანი გადასახადით დაბეგვრას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე ამ ბიზნესით დაკავებულ წრეებში. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ცაგარეიშვილის, განცხადებით, ქათმის პროდუქციის წარმოება აქამდე არსებული შეღავათების გამო ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად ბიზნესად ჩამოყალიბდა:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „კვერცხის წარმოება ძალიან მზარდი ბიზნესია. მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ასეთი საგადასახადო ნოვაციები არ წაადგება ამ ბიზნესს.“

კვერცხის პროდუქციის გაძვირებას ვარაუდობს ყოფილი პარლამენტარი, მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „თუ ყველაფერი იბეგრება, კვერცხიც უნდა დაიბეგროს, მაგრამ ეს უსათუოდ გამოიწვევს გაძვირებას.“

განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ მელიქიშვილს. მისი განცხადებით, ნებისმიერი პროდუქციის პირველადი მიწოდების შემთხვევაში, გადახდილი დღგ-ს ეგრეთ წოდებული ჩათვლა ხდება, რაც აქამდე შეუძლებელი იყო კვერცხის მიწოდებაზე არსებული საგადასახადო შეღავათის გამო. შესაბამისად, რეალიზაციის დროს უპირატესობა ენიჭებოდა ისეთ პროდუქციას, რომელზეც დღგ-ს ჩათვლის ნორმა ვრცელდებოდა, მაგალითად, იმპორტირებულ კვერცხის პროდუქციას. ზურაბ მელიქიშვილის კომენტარი:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] „განსხვავება რა იყო: შემოვიდა იმპორტირებული კვერცხი, რომელზეც შემოტანისას ხდება დღგ-ს გადახდა. შემდეგ მაღაზიები ცდილობდნენ ეს პროდუქცია განეთავსებინათ, რადგან დაინტერესებულნი იყვნენ დღგ-ს ჩათვლით. და ადგილობრივი წარმოების კვერცხზე ეს იყო მოხსნილი.“(სტილი დაცულია)

ბევრმა გამოთქვა ეჭვი, რომ ეს გლეხებს და მცირე მეურნეობებს დააზარალებს. მაგრამ, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, თუ მეწარმის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს არ აღემატება, მაშინ ის დამატებული ღირებულების გადასახადით არ იბეგრება.

რაც შეეხება ღვინის პროდუქციის აქციზისგან გათავისუფლებას, ადრე ღვინის ბიზნესით დაკავებული, ახლა კი მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე, აცხადებს, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანს ქართულ მეღვინეობას, რადგან ქართულ პროდუქციასთან ერთად აქციზური გადასახადისგან გათავისუფლდა იმპორტირებული ღვინის პროდუქციაც:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „ის აზრი, რომ აქციზისგან გათავისუფლდა ღვინო და ან ღვინო გაიაფდება ან გლეხის ყურძნის ფასი მოიმატებს, ეს არ არის სწორი. თუ ჩვენ გზას გავუხსნით იმპორტს, ადგილობრივ ყურძენზე შემცირდება მოთხოვნა.“(სტილი დაცულია)

განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს საქართველოს მეღვინეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან კობერიძე. მისი აზრით, აქციზური გადასახადისგან გათავისუფლებით ღვინის მწარმოებლებს უფრო მეტი საინვესტიციო რესურსი გაუჩნდებათ:

[ლევან კობერიძის ხმა] „ვთვლი, რომ საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია კომპანიებისთვის, რადგან მათთვის ნებისმიერი ხარჯის შემსუბუქება არის შეღავათი. ეს შეღავათი მათთვის იქნება დამატებითი რესურსი, რათა ახალი ბაზრები მოიძიონ და კიდევ უფრო გაააქტიურონ გაყიდვების პოლიტიკა.“(სტილი დაცულია)
ღვინის პროდუქციაზე აქციზური გადასახადის გაუქმების შემდეგ 1 ლიტრი ღვინის თვითღირებულება საშუალოდ 40 – 70 თეთრით შემცირდება.
XS
SM
MD
LG